ნეტგაზეთი • RU

„საგარეო პოლიტიკის მკაფიო ცვლა პრორუსულისკენ“ და ქართული დიპლომატიის დუმილი

„ყველა დიპლომატისთვის დღესავით ნათელია, რომ ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკის ცვლილებას. შეიძლება სხვა პროფესიის ადამიანმა მთავრობის ტყუილები დაიჯეროს, გავლენის ქვეშ მოექცეს ან რაღაცის გამო აწყობდეს და ისევ ეგონოს, რომ მთავრობას მართლა უნდა ევროკავშირში.

დარწმუნებული ვარ, არცერთი დიპლომატი, მარტივად რომ ვთქვათ, ამას „არ შეჭამს“. ახლა თუ რომელიმე ადამიანი, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობს, ვერ ხვდება, რომ ეს არის მკაფიო საგარეო პოლიტიკის ცვლა პროდასავლურიდან პრორუსულისკენ, მათი ადგილი დიპლომატიაში ვერ იქნება. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ ესმით საგარეო პოლიტიკა“.

ასე აფასებს „ბათუმელებთან“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი, შოთა ღვინერია ქართველი მოქმედი დიპლომატების დუმილს ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს ევროკავშირის 27 ქვეყანაში აქვს საელჩო ან ჰყავს საკონსულო წარმომადგენლობა. ევროპული საბჭოს მიერ 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებიდან, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივა მისცეს, 9 დღე გავიდა.

მოქმედი ქართველი დიპლომატები დუმან.

განსხვავებით კარიერული დიპლომატებისგან, რომლებმაც ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე, 24 ივნისს, გააკეთეს ერთობლივი განცხადება და თქვეს, რომ „ხელისუფლებამ თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია“.

„დიპლომატიაში ჩვენი მთავარი იარაღი სიტყვაა. ყველა სიტყვას და ყველა სიტყვის სინონიმს აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყენებ. მე ჩემი ოცწლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში ბევრი რამ მომწონებია, ბევრი რამ არ მომწონებია. დიპლომატია ასეთი რაღაცაა – არ არსებობს 100 %-ით ყოველთვის ყველაფერს მიაღწიო. როგორც დიპლომატი, ჯარისკაცი იღებ დავალებას და ასრულებ იმ მომენტამდე, როდესაც ის დავალება, რომელსაც იღებ, არ არის მორალურად შეუთავსებელი იმ პრინციპებთან, რომელ პრინციპებსაც ემსახურები.

პოლიტიკური პოზიცია თუ არსებობს, შენ როგორც ჯარისკაცი, ამ პოლიტიკურ პოზიციას ან იცავ ან მიდიხარ დიპლომატიური სამსახურიდან. სხვა ვარიანტი არ არსებობს. ახლა იმიტომ ვარ გაოცებული, რომ არცერთი მოქმედი დიპლომატი არ გამოეხმაურა ამ პროცესებს,“ – ამბობს შოთა ღვინერია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი.

იმუშავა თუ არა სამიზნე ქვეყნებში ქართულმა დიპლომატიამ და როგორ – ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 23 ივნისს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.

„პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, დიპლომატები შეზღუდულები არიან თავიანთ მოქმედებაში. უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ დიპლომატებს მაქსიმალურად გამოეყენებინათ არსებული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ჰქონდა უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

ჩვენ გვყავს ძალიან კარგი და პროფესიონალი დიპლომატები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობენ სისტემაში. მათ აქვთ საკმარისი გამოცდილებაც და ცოდნაც იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ დასახული მიზნის მისაღწევად.

მიმაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მოხდა ქართული დიპლომატიის რესურსის სრულფასოვნად გამოყენება. ამიტომ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიგი გიგიაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი.

ის კარიერული დიპლომატია. ბოლოს საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა დანიის სამეფოსა და ისლანდიაში. გიგი გიგიაძე ერთადერთი ელჩი იყო, რომელმაც 2020 წლის ოქტომბერში საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას. 2021 წლის იანვარში გიგიაძე ელჩის პოზიციიდან გამოიწვიეს, როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, საროტაციო ვადის გასვლის გამო.

გიგი გიგიაძე ფოტო: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

გიგი გიგიაძის მსგავსად, შოთა ღვინერიაც თვლის, რომ პოლიტიკური ნების არ არსებობამ განაპირობა დიპლომატიური კორპუსის პასიურობა.

„წარმოიდგინეთ, გინდათ წასვლა თბილისიდან თელავში. გყავთ გამართული მანქანა. მძღოლს ეუბნებით – „წავედით თელავში“. მანქანაში ჯდები და მიდიხარ თელავის მიმართულებით. სადღაც, რაღაცა მომენტში მძღოლს ეშლება გზა და არასწორად მიდის, ან განგებ აკეთებს ამას და თელავის ნაცვლად ხვდებით სხვა ქალაქში.

ამ შემთხვევაში დიპლომატია არის აი, ის მანქანა, რომელიც თუ გაფუჭდა და იმიტომ ვერ ჩახვედი დანიშნულების ადგილას, ეს არის მანქანის ბრალი; თუ მძღოლმა შეცვალა და წავიდა სხვა მიმართულებით, ამას მანქანას [დიპლომატიას] ხომ ვერ დავაბრალებთ? ზუსტად ასეა – დიპლომატია ამ შემთხვევაში არის მიზნის მიღწევის ერთ-ერთი რესურსი.

დედაქალაქიდან მიღებული დეტალური ინსტრუქციის საფუძველზე, რა დონეზე უნდა იაქტიურონ, რა შედეგს უნდა მიაღწიონ, მოქმედებს ყველა დიპლომატიური უწყება. ამის მიხედვით წყვეტს შემდეგ დიპლომატიური კორპუსი, ვისთან უნდა გამართონ ადგილზე შეხვედრები და რა ინტენსივობით.

24 ივნისს გავრცელებულ მიმართვაში ჩვენ ვთქვით, რომ „ხელისუფლებამ თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია“. ზუსტად ამას ნიშნავს განეიტრალება, რომ მათ არ ჰქონდათ სათანადო ინსტრუქცია, არ ჰქონდათ სათანადო პოლიტიკური მხარდაჭერა. არ ჰქონდათ სათანადო ბერკეტები ხელში.

დიპლომატიაში ყველაზე მთავარი არის შენი სანდოობა. შენ იქ ვერ ჩახვალ და ტყუილების ლაპარაკს ვერ დაიწყებ.

იმის გამო, რომ არ იყო სათანადო „გასაყიდი“ მასალა თბილისში, არ იყო პროგრესი რეფორმების გზაზე, იყო ძალიან ცუდი ფაქტები, რომლების გადაფარვაც დიპლომატიურ უწყებებს არ შეუძლიათ, მოხდა ის, რომ მათ ვერ შეძლეს იმ მაქსიმალური შედეგის დადება, რასაც მიაღწია უკრაინამ და მოლდოვამ.

ეს არ არის ცუდი მუშაობის შედეგი, ეს არის არასწორი პოლიტიკის შედეგი,“ – ამბობს შოთა ღვინერია.

შოთა ღვინერია ფოტო: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

როგორ უნდა ემუშავათ დიპლომატებს 17 ივნისამდე, მანამ სანამ ევროკომისიამ თავის რეკომენდაციას გამოაქვეყნებდა? – ვკითხეთ გიგი გიგიაძეს.

„არის საკითხები, რომელსაც მარტო დიპლომატები ვერ მოერევიან. საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ უნდა მოქცეულიყო ქვეყანა, არის მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს ქცევა. მთელი ქვეყანა იყო მობილიზებული. მაია სანდუ 24 საათი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მუშაობდა, თავისი ქვეყნის პოზიციას ლობირებდა.

ჩვენ, სამწუხაროდ, ანალოგიური ვითარება არ გვქონდა. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები პირიქით, კონფრონტაციულ რეჟიმში გადავიდნენ. მათ გააუარესეს რიტორიკა ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერების მიმართ. მოხდა იმის სრულიად საპირისპირო, რაც უნდა გაეკეთებინათ.

საკითხის გამარტივება იქნება, რომ ეს ვიღაცამ მარტო ქართულ დიპლომატიას გადააბრალოს. ვინაიდან აქ ხელისუფლების როლი იყო გადამწყვეტი. ხელისუფლებას უნდა მოეთხოვა შეხვედრები ბრიუსელში, ბერლინში, ყველა დიდ ქვეყანაში. უნდა გაეკეთებინა მაქსიმუმი იმისათვის, რომ ევროპულ საბჭოს სამივე ქვეყნისთვის თანაბარი კრიტერიუმი, თანაბარი წახალისება მიეცა,“ – ამბობს გიგი გიგიაძე.

კარიერული დიპლომატი შოთა ღვინერია კი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიცია და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს.

„არსებობს უზარმაზარი უფსკრული იმას შორის, რას ამბობენ ისინი და რას აკეთებენ.  ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩება. ერთის მხრივ შეგაქვს განაცხადი კანდიდატის სტატუსზე და ამავდროულად იძახი, რომ შარლ მიშელის შეთანხმება შენთვის არაფერს ნიშნავს, ამავე დროს დგამ იმ შიდაპოლიტიკურ ნაბიჯებს, რომელზეც გეუბნებიან, რომ აზიანებს შენს დემოკრატიას, მიგითითებენ – ეს არ გააკეთო, მაგრამ შენ დემონსტრაციულად აკეთებ საპირისპიროს, აქ უკვე დიპლომატია ვერაფერს გახდება: სახეზეა ის არასწორი მიმართულება და გეზი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო,“ – ამბობს შოთა ღვინერია.

ინტერვიუები გიგი გიგიაძესა და შოთა ღვინერიასთან 29-30 ივნისსა ჩაწერილი. დღეს, პირველ ივლისს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა თეა კატუკიამ, საქართველოს ელჩმა საფრანგეთში. უკვე ყოფილმა ელჩმა გადადგომის მიზეზად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან „მუდმივ რეჟიმში განხორციელებული“ ზეწოლა დაასახელა.

„დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული. აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ,“ – წერს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თეა კატუკია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ცილისწამებას უწოდებს საფრანგეთში საქართველოს ელჩის, თეა კატუკიას გაკეთებულ განცხადებას ზეწოლასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ სამინისტრო მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი