მთავარი,სიახლეები

როგორ შევასრულოთ EU-ს მოთხოვნები? – შეიწყალონ გვარამია და შეწყდეს კრიტიკული მედიის დევნა

22.06.2022 • 975
როგორ შევასრულოთ EU-ს მოთხოვნები? – შეიწყალონ გვარამია და შეწყდეს კრიტიკული მედიის დევნა

ის ვალდებულებების ჩამონათვალი, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს გადმოსცა, მედიის თავისუფლების კომპონენტსაც მოიცავს.

ევროკომისიის დასკვნაში წერია, რომ „გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილ იქნას პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს, და აღიძრას მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებსა და სხვა მედიაპროფესიონალებზე მუქარისა და [მათზე თავდასხმების] შემთხვევაში“.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ევროკომისიის ეს დავალება საქართველომ შეასრულოს? ამ თემაზე „ბათუმელები“ მედიაექსპერტს, ზვიად ქორიძეს ესაუბრა.

  • ბატონო ზვიად, თქვენი აზრით, რა კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ ამ მოთხოვნის შესასრულებლად?

იმისათვის, რომ ნორმალური მედიაგარემო იყოს ქვეყანაში, საჭიროა ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთხო და არ იდევნებოდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც მათი დევნა ფიზიკურად, ასევე ის, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას იყენებს მათ წინააღმდეგ.

გარდა ამისა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების საჯარო განცხადებები მწვანე შუქს უნთებს მოქალაქეებსაც, რომ როცა მოუნდებათ და სადაც მოუნდებათ, ისე შეავიწროონ ჟურნალისტები. ამის მაგალითია 5 ივლისის საქმეც, როდესაც პიკს მიაღწია ჟურნალისტების დევნამ  და ფიზიკური ძალადობის შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი კი გარდაიცვალა მიყენებული ზიანის შედეგად.

ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა არათუ პრევენციისთვის, რომ მსგავსი ძალადობა არ მომხდარიყო, არამედ, თავისი რიტორიკით ხელი შეუწყო ასეთი ძალადობრივი გარემოს შექმნას. 5 ივლისის მოვლენების გამოძიება კი დღემდე არ დაწყებულა, არც კი უცდია ხელისუფლებას, რომ გლობალურ პრობლემად დაენახა და დაესაჯა არა მხოლოდ მოძალადეები, არამედ ძალადობის ორგანიზატორებიც.

  • ერთ-ერთ დოკუმენტში გაჟღერდა „მთავარი არხის“ მენეჯერის, ნიკა გვარამიას დაკავების საქმეც.  

არანაკლებ მნიშვნელოვანია და ძალიან მწვავე თემაა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება მართლმსაჯულებას იმისათვის, რომ დაიწყოს მედიამფლობელების დევნა და რატომღაც ეს მექანიზმი ძირითადად იმ მედიამფლობელების წინააღმდეგ მუშაობს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი.

ვხედავთ, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე და მენეჯერი საპატიმროშია, ტელეკომპანია „ფორმულას“ 51%-იანი წილის მფლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული. პრობლემები აქვთ სხვა კრიტიკულ მედიებსაც, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ არიან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ამ ტელეკომპანიების მენეჯმენტზე, ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის საქმიანობაზე, ხელს უშლის ამ მედიების მდგრადობას და მისი შინაარსის ხარისხსაც.

იმ სამსჯავრო გადაწყვეტილებით, რითაც ნიკა გვარამია იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, დაუყოვნებლივ არის ის გასათავისუფლებელი. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი და პრეზიდენტი ამით უნდა დაკავდეს.

დღეს ჩემთვის ყველაზე უცნაური იყო, როცა პრაქტიკულად სახელისუფლებო უმრავლესობასთან აფილირებული ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა პარლამენტში მოუწოდა პრეზიდენტს გვარამია შეიწყალეთო.

ხელისუფლება უკვე ფიქრობს შეწყალებაზე და ძალიან ცუდია ის, რომ მათ მართლმსაჯულება გამოიყენეს ნიკა გვარამიაზე ზემოქმედებისთვის. ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა გააკეთონ იმიტომ, რომ ასეთი უხერხემლო ბრალით და მსჯავრით არ შეიძლება ადამიანი ჰყავდეთ საპატიმრო დაწესებულებაში.

  • გარდა იმისა, რომ გვარამია შეწყალების გზით უნდა გამოუშვან, უნდა შეწყდეს თუ არა, ვთქვათ, სისხლის სამართლის საქმეები სხვა მედიამფლობელების წინააღმდეგაც?

უნდა იყოს ძალიან მაღალი ხარისხის გამოძიება და ძალიან მაღალი გამჭვირვალობა იმ საქმეებზე, რომლებსაც მედიასაშუალებების წინააღმდეგ აწარმოებს ხელისუფლება, რადგან ყველა საქმე აჩენს კითხვის ნიშნებს, არ არის საკმარისი არგუმენტები, ვერ ასაბუთებს ბრალს ხელისუფლება. ბუნებრივია, ასეთი საქმეები ყოველთვის აჩენს უსამართლობის განცდას და ეს განცდა არ უჩნდებათ მხოლოდ ევროპელ პოლიტიკოსებს, ეს განცდა საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქესაც აქვს. ეს იმის განცდაა, რომ სამართლებრივი ბერკეტებით იდევნება მედია. ეს არის ზუსტად პოლიტიკური მართლმსაჯულება და ამისგან უნდა იყოს გათავისუფლებული მედია.

თუ მართლმსაჯულება როგორ უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან, ამაზე სხვა რეკომენდაცია აქვს ევროკომისიას. თუმცა ყველამ ვიცით, რომ მართლმსაჯულება უნდა ეფუძნებოდეს კანონს და არა პოლიტიკურ საჭიროებებს, მით უმეტეს, თუ ეს პოლიტიკური მიმართულია კრიტიკულად განწყობილი მედიის და, ზოგადად, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

  • თუ ხელისუფლება შეეცდება, რომ სანახევროდ შეასრულოს ეს რეკომენდაცია, მაგალითად, გამოუშვას გვარამია, მაგრამ არ გამოიძიოს 5 ივლისის საქმე, მაინც შეიძლება თქვას ხელისუფლებამ, რომ დავალება შეასრულა? 

იმისთვის ხომ არ გამოიწერა, ასე ვთქვათ, ეს რეცეპტი ევროკომისიისგან, რომ ჩვენ ვაჭრობა დავიწყოთ ქვეყანაში. ეს არის კომპლექსური ამოცანა და ეს ამოცანა ზუსტად ამას გვეუბნება, რომ უნდა იყოს მედია პოლიტიკური მართლმსაჯულების წნეხისგან თავისუფალი, მისი მფლობელები და მენეჯერებიც ასევე და ის ადამიანები, რომლებიც მიზნობრივად ძალადობენ მედიის წარმომადგენლებზე, და ასე იყო 5 ივლისსაც, უნდა დაისაჯონ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ აქციის ინსპირატორი და წამახალისებელი იყო მთავრობა.

ბუნებრივია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა ზიდოს. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს ცალსახად უნდა ზიდონ იმ ადამიანებმაც, რომლებმაც ეს დაკვეთა შეასრულეს და იმ პირებმაც, რომლებმაც ეს ძალადობა დაუკვეთეს.

  • ძალიან ხშირად პრემიერი, ასევე „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები, კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს  ეძახიან „ნაცებს“. „თქვენი პარტია“, „თქვენი ხელმძღვანელი ნაცები“  და ასე შემდეგ, ეს რიტორიკა არ უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ?

ეს არის ზუსტად პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ როდესაც მმართველი ძალის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, მთავრობის წარმომადგენელი ასე ლაპარაკობს ჟურნალისტებზე, ეს აძლევს მერე საფუძველს ნებისმიერ მოქალაქეს, რომ სწორედ ასეთივე რიტორიკა ჰქონდეს და ასევე მოექცეს ჟურნალისტებს.

იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, ვინც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს დაესხა თავს ბათუმში, რაიმე დავა კი არ ჰქონიათ, ან კონკრეტული დავალება აქვთ მიღებული, რომ თავს დაესხან კრიტიკულ ჟურნალისტებს. ამ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ თუკი მთავრობის თავმჯდომარეს, დეპუტატებს და მინისტრებს აქვთ უფლება ჟურნალისტებს ასე მოექცნენ, მე რატომ არ მაქვს? და ისიც ისე იქცევა ზუსტად, როგორც მას უნდა. ამის მაგალითი მას მისცა მთავრობამ.

ამით ყველაზე მეტად ისინი აზარალებენ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ჟურნალისტები მოქალაქეებისთვის ინფორმირებისთვის მუშაობენ და სწორედ ეს არ უნდა ხელისუფლებას.

  • მედიის და ხალხის პოლარიზებას ცდილობს მთავრობა?

ბუნებრივია, ზუსტად ეს უნდა, ამას აკეთებს ამდენი წელია უკვე, რომ საფრთხის შემცველი გახდეს ჟურნალისტის საქმიანობა. თუ ჟურნალისტი იქნება დაშინებული, თვითცენზურის პირობებში, რომ თავში არ ჩამარტყან, თვალები არ დამიბუშტონ, ვეღარ შექმნის იმ პროდუქციას, რომელიც საზოგადოებას სჭირდება. გრძელვადიანი შედეგიც, რაც ხელისუფლებას უნდა, არის ის, რომ საზოგადოება დატოვოს ინფორმაციის გარეშე.

  • როგორ ფიქრობთ, შეასრულებს ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციებს?

საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონოდა გაცხადებული სურვილი, ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი ყოფილიყო საქართველოსთვის, ჩვენ დღეს უკვე გვექნებოდა კანდიდატის სტატუსი და გაცილებით სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით. მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ აირჩია სხვა გზა, ამიტომაც შეგვრჩა ხელში ეს რეკომენდაციები, რომელიც აუცილებლადაა შესასრულებელი თუ გვინდა რომ წლის ბოლოს, ევროკომისიის წევრებმა კიდევ ერთხელ იმსჯელონ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. ეს ამ მთავრობას უნდა შეაძლებინოს ქართულმა საზოგადოებამ.

თუ მთავრობა საზოგადოებას წინააღმდეგობას გაუწევს, მაშინ მთავრობამ უნდა მიიღოს ეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობა და უნდა წავიდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: