„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს პროტესტის გაფართოება“, – მიიჩნევენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ზოგიერთი მათგანი არც მალავს, რომ არ ელოდა ამდენი ადამიანის რუსთაველზე გამოსვლას „ოცნების“ რეპრესიული ტალღის გაძლიერების შემდეგ.
რა აჩვენა 26 მაისის დემონსტრაციამ ოპოზიციური პოლიტიკური ძალებს და რა გეგმით აპირებს მოქმედებას ამჯერად? – ამ თემაზე ვესაუბრეთ რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერს.
- ლევან ცუცქირიძე: „ივანიშვილი დამარცხდება მოქალაქეების გაერთიანებით“
„თავისუფლების მოედნის“ ლიდერი, ლევან ცუცქირიძე 5 ფაქტორს ასახელებს, რაც მას 26 მაისის დემონსტრაციამ დაანახა: პირველია ის, რომ ქართველი ხალხი ივანიშვილის რეპრესიებით ვერ დააშინეს.
„ქართველი ხალხი მართლაც შეუდრეკელია. ამდენი დაშინების, რეპრესიის, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ბევრნი შევიკრიბეთ. ეგონათ, რომ გაგვაჩუმებდნენ, შეგვაშინებდნენ, მაგრამ ყველამ დაინახა, მგონი „იმედის“ მაყურებელმაც კი, რომ ეგ არ გამოუვიდათ.
მეორე, დავინახე ის, რასაც ჩვენ ისედაც ვხედავთ „საქართველოსთვის“ კამპანიაში, მაგრამ ამის დემონსტრაციაც იყო გუშინ, რომ ცვლილება უნდათ არა მარტო თბილისელებს, ან ბათუმელებს, არამედ ცვლილებები სურთ ყველგან. გუშინ აქციაზე შემხვდნენ მეგობრები, რომლებიც სპეციალურად ამ აქციისთვის ჩამოვიდნენ კახეთიდან, ჩამოვიდნენ აჭარიდან. ეს იყო ძალიან კარგი სიმპტომი ჩემთვის.
მესამე იყო ის, რომ პროტესტს ახალი ხალხი ემატება. ბევრად უფრო მეტი ახალგაზრდა და სტუდენტი ვნახე მსვლელობაზე, ვიდრე კარგა ხნის განმავლობაში მინახავს. ასევე, ის ადამიანები, ვინც კარგა ხანია საპროტესტო შეკრებებზე არ გამოჩენილან.
მეოთხე: ცვლილება უნდა ხალხს, მაგრამ ასევე უნდა სიახლე. ანუ პოლიტიკის განახლება – ახალი, სანდო ადამიანები. მოწოდება, რომ ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობა გვინდა, აქამდე ისმოდა, როგორც ზედაპირული ლოზუნგი, ბოლო პერიოდში კი გადაიქცა შინაარსობრივ, პოლიტიკურ დაკვეთად. ეს გუშინაც ჩემთვის ნათელი იყო.
და ბოლოს იყო ის, რაც ძალიან გამახარა – სილაღე, სიმხნევე და გამარჯვებასთან სიახლოვის შეგრძნება. გუშინ ადამიანები მოვიდნენ განსაკუთრებულად მხნედ და ლაღი შემართებით. ჰაერში ტრიალებდა, რომ ჩვენ ამ სამართლიან ბრძოლაში შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვირვება,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე „ბათუმელებთან“.

ლევან ცუცქირიძე
რუსთაველზე, დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან ცუცქირიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, გახდნენ მათთვის სასურველი პოლიტიკური პარტიის წევრები. რატომ არ სურთ მოქალაქეებს გახდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი და აიღონ პასუხისმგებლობა, მათ შორის, წინააღმდეგობის სტრატეგიაზე?
„საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა შემხვედრი მიმართულებით დაიწყეს მოძრაობა. ჩვენ დავიწყეთ კამპანია „საქართველოსთვის“ და ხალხისკენ მოძრაობა უფრო ინტენსიურად. ხალხმაც დაინახა იმის საჭიროება, რომ თუ ჩვენ არ გავაძლიერებთ პოლიტიკურ პარტიებს, მაშინ ვერ გავიმარჯვებთ – დემოკრატიული მმართველობისთვის გვჭირდება დემოკრატიული პარტიები.
პარტიები ხომ საიდანღაც უნდა გამოიზარდონ, განვითარდნენ, გაძლიერდნენ? ეგ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ხალხი გახდება ამ პარტიების წევრი, სხვანაირად არ გამოდის.
ჩვენთან ბევრი ადამიანი რეგისტრირდება, როგორც მხარდამჭერი, როგორც წევრობის მსურველი და ამ ტენდენციის ზრდასაც ვხედავთ.
ერთგვარი გაუცხოება პოლიტიკურ პარტიებთან შედეგია მიზანმიმართული პროპაგანდის, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიტიკა არის კორუფციის, ორპირობის, სიცრუის ადგილი. თითქოს წესიერი ხალხი პოლიტიკაში არ არის. ამით ხეირობს მხოლოდ მმართველი პარტია, რომელიც ამბობს, რომ თუ ერთიც ცუდია და მეორეც, რატომ უნდა ჩამანაცვლო? მეც ცუდი ვარ და დავრჩები.
პოლიტიკურმა კლასმაც ბევრი შეცდომა დაუშვა, რომლის გაანალიზებასაც დრო სჭირდება, ანუ ობიექტური და სუბიექტური მიზეზებია. მაგრამ ჩვენი საზოგადოება დღეს ბევრად უფრო მომწიფებულია იმისთვის, რომ დაინახოს და მოითხოვოს ანგარიშვალდებული პოლიტიკური პარტიები და ეგ ძალიან კარგია,“ – მიიჩნევს ლევან ცუცქირიძე.
რაც შეეხება ბრძოლის ახალ ეტაპს, „თავისუფლების მოედანი“ წინააღმდეგობის გაძლიერებას მოქალაქეების გაერთიანებაში ხედავს.
„ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ბევრ მოქალაქესთან მივიდეთ. მარტში ვიყავით იმერეთში, აპრილში ვიყავით აჭარაში, მალე კახეთში ვიქნებით. იქ გადაგვაქვს ჩვენი ოფისი, იქ ვცხოვრობთ, იქ ვმუშაობთ…
ივანიშვილს დავამარცხებთ მოქალაქეების კონსოლიდაციით, მოქალაქეების გაერთიანებით და პოლიტიკური წინააღმდეგობის გაძლიერებით. გაძლიერება ვერ მოხერხდება პოლიტიკური პარტიების იზოლაციაში მუშაობით, ეს უნდა მოხდეს მოქალაქეებთან ხელჩაკიდებით. ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ. ნდობა უნდა გავაძლიეროთ. ეს ნდობა გახდება საფუძველი ჩვენი წარმატებისა.
ამ ბრძოლაში ბევრი მოქალაქის ჩართვა – იქნება ეს ქუჩაში გამოსვლა, პროტესტის სხვა ფორმები, პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა, სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა – აუცილებლად მოგვიტანს იმას, რომ ვაიძულებთ ამ რეჟიმს უკან დახევას,“ – მიიჩნევს ლევან ცუცქირიძე.
- ანა წითლიძე: „რეპრესიების მიუხედავად, არ ვწყვეტთ ბრძოლას თავისუფლებისთვის“
„მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად დარბევებისა, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი სასტიკად უსწორდება საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა გამოამწყვდია საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ნაწილი ციხეში – ეს იქნება ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, თუ პოლიტიკური ლიდერები, ფაქტობრივად, არ დარჩა არცერთი პროფესიის ადამიანი, რომელიც უკანონოდ არ არის ციხეში გამოკეტილი… და ამ ყველაფრის მიუხედავად არსად არ წასულა ბრაზი, პროტესტი, არსად არ წასულა მოქალაქეების მოტივაცია, რომ რუსული ოლიგარქიული რეჟიმი მოშორდეს ამ ქვეყანას და საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი,“ – გვითხრა ანი წითლიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

ანა წითლიძე
ანი წითლიძე ხაზს უსვამს ასევე იმას, რომ ამ აქციაზე მოქალაქეებმა დაინახეს ერთმანეთი და ნახეს, რომ რეჟიმს უმრავლესობა ებრძვის:
„ჩვენ დავინახეთ ერთმანეთი… უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ვართ ჩვენ, ვინც ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ. ვანახეთ, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად რეპრესიებისა, არ ვწყვეტთ ბრძოლას თავისუფლებისთვის.
გუშინდელმა დღემ წინააღმდეგობის მოძრაობას შესძინა ახალი სუნთქვა. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია არ შევედით პარლამენტში, უარი ვთქვით მანდატებზე და ვთქვით, რომ ჩვენ არ ვითანამშრომლებდით ამ არალეგიტიმურ, კრიმინალურ ბანდასთან, რომელმაც ხელისუფლება მიიტაცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი, რაც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, გაფართოვდეს და წინააღმდეგობის ფორმები შეიძინოს.
დარწმუნებული ვარ, რომ გუშინდელი დღე მეორე სუნთქვას გაუხსნის ამ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც უკვე ორი წელია მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში,“ – ამბობს ანი წითლიძე.
რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი? რა ხედვა აქვს ოპოზიციას წინააღმდეგობის გაძლიერებაზე? – ოპოზიციონერს საზოგადოების ნაწილის საყვედურზე ვკითხეთ: ივანიშვილმაც იცის, რომ მხარდამჭერი არ ჰყავს, მაგრამ ვერ დაამარცხებ, როცა ოპოზიციას არ აქვს გეგმა და არ არის ორგანიზებული?
„მესმის ეს იმედგაცრუებები. 14 წელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ცალკეული ადამიანისთვის ძალიან დიდი დროა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ციხეშია უსამართლოდ.
მე თვითონ ვარ 14 წელია ამ ბრძოლაში და ჩემთვისაც ყოველი დღე არის პასუხისმგებლობა… კმაყოფილი ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს რეჟიმი არ იქნება, მაგრამ უნდა გვესმოდეს კარგად, რომ 14 წლის განმავლობაში ქვეყანამ და ამ პროტესტმა ძალიან ბევრი ფაზა გაიარა, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს.
მაგალითად, 2018 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო იბრძოდა. როცა ვამბობდით, რომ ქოცები რუსები არიან, ბევრისთვის ეს წარმოუდგენელი იყო და ჩვენ რაღაცას ვაჭარბებდით… 2020 წლის შემდეგ და განსაკუთრებით რუსული კანონის მიღების შემდეგ მკაფიო გახდა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომ „ოცნება“ რეალურად ევროკავშირში არანაირ ინტეგრაციას არ აპირებს.
14 წლის განმავლობაში ბევრი რამ გადაფასდა, მათ შორის საზოგადოებაში. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოშია სარჩელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები არიან ციხეში, ასევე, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ვართ პოლიტიკური პარტიები…
არ არსებობს ცალკე აღებული ოპოზიციური პარტია ან ცალკე აღებული სამოქალაქო სექტორი, რომელიც შეძლებს რეჟიმის დამარცხებას. ამას შევძლებთ ყველა ერთად. დღეს ზღვარი პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორსა და ცალკეულ მოქალაქეებს შორის მოშლილია. დღეს არის ორი მხარე: რუსული ოლიგარქიული რეჟიმი და მეორე მხარეს ვართ ყველა.
მნიშვნელოვანია, რომ ობიექტური გამოწვევები გადაილახოს და მეორე სუნთქვა შეიძინოს წინააღმდეგობამ…დავამარცხებთ რეჟიმს ხალხმრავლობით, მრავალათასიანი აქციებით, უწყვეტი აქციებით,“ – აცხადებს „ბათუმელებთან“ ანი წითლიძე.
საუბრის ბოლოს ანი წითლიძეს ვკითხეთ: მოქალაქეები საყვედურობენ ოპოზიციას, რომ ბევრჯერ გამოვიდნენ ქუჩაში, მაგრამ ოპოზიცია დემონსტრაციებს მოუმზადებელი ხვდება.
„მოქალაქე ბევრჯერ უნდა გამოვიდეს. 14 წელი ძალიან ცოტაა ისტორიისთვის, მაგრამ ძალიან ბევრი კონკრეტული ადამიანებისთვის, მათ შორის, ჩემთვის. რამდენჯერაც დასჭირდება ამ ქვეყანას, იმდენჯერ უნდა გამოვიდნენ. რა ფორმითაც დასჭირდება ბრძოლა ჩვენს სახელმწიფოს, იმ ფორმით უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ ოლიგარქიული რეჟიმი არ დასრულდება.
ვნახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა. ჩვენ ასევე უნდა ვანახოთ, რომ შეგვიძლია მრავალათასიანი წინააღმდეგობის გაწევა რეჟიმისთვის. ერთადერთი, რისიც ეშინია რეჟიმს და უკან იხევს – ეს უკანდახევა ვნახეთ რუსული კანონის დროს – არის ძალა.
ერთადერთი გზა არის წინააღმდეგობა. მესმის იმ ადამიანების, ვისაც უნდა, რომ დღესვე დასრულდეს რეჟიმი. ასევე ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ რაც უფრო დიდ ხანს არის რეჟიმი, მით უფრო მძიმეა ეს ქვეყნისთვის – წლობით მოუწევს აინაზღაუროს ეს ყველაფერი. მაგრამ გამოსავალი ერთადერთია – ბრძოლა, წინააღმდეგობა და ერთიანობა.
არ აქვს მნიშვნელობა, რა პოლიტიკურ პოზიციებზე შეიძლება ვიყოთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტია. ოლიგარქიულ რეჟიმს რომ დავამარცხებთ, მერე ყველა ოპოზიციურ პარტიას შეუძლია ერთმანეთში არკვიოს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ვინ ვისზე მაგარია,“ – გვითხრა ანი წითლიძემ.
- ზურაბ ჯაფარიძე: „მნიშვნელოვანი იყო რაოდენობა – რამდენი ადამიანი გამოვიდოდა“
„თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო რაოდენობა – რამდენი ადამიანი გამოვიდოდა. უკანასკნელი კვირების განმავლობაში ვნახეთ რეპრესიული კანონმდებლობის და რეპრესიული ზომების კასკადი, რომელსაც რეჟიმი მიმართავს. საინტერესო იყო, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენი ადამიანი გამოვიდოდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ასი კაციც რომ გამოსულიყო – გასაგები იქნებოდა, რომ ეს არის წერტილი, საიდანაც ყველაფერი დასაწყებია თავიდან.
მაგრამ საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოვიდა. არ ვიცი ზუსტი რაოდენობა, მაგრამ ბევრი ადამიანი იყო ნამდვილად.
გამოჩნდა, რომ ამ ქალაქში ცხოვრობს საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომლებიც მიუხედავად ამ ყველაფრისა, აგრძელებს ბრძოლას და არ გაჩერდებიან მანამ, სანამ ამ ბრძოლას არ მიიყვანენ ბოლომდე – გამარჯვებამდე,“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს პროტესტის გაფართოება.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშლება, თუ მასზე იქნება ქუჩიდან წნეხი. ამიტომაც გვჭირდება ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში, რომელიც ან ჩამოშლის რეჟიმს, ან რეჟიმს უკან დაახევინებს.
ალიანსს აქვს გამოქვეყნებული კონკრეტული პუნქტები, თუ რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესს დაუბრუნდეს მოქალაქეების ნდობა, რომ მოქალაქეებმა მიიღონ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა და ჰქონდეთ იმის განცდა, რომ როდესაც მივლენ საარჩევნო ყუთთან, მართლა რაღაცას შეცვლის თავიანთი ხმა.
გამარჯვებამდე მიყვანის გზა გადის ძალების გაერთიანებამდე,“ – მიიჩნევს ზურაბ ჯაფარიძე.
რატომ ვერ ხერხდება ოპოზიციური ძალების გაერთიანება? ზურაბ ჯაფარიძესაც ვკითხეთ მოქალაქეების საყვედურზე: მოქალაქეებს აქვთ პროტესტი და ქუჩაში გამოდიან, მაგრამ ვერ ხერხდება პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკური ინიციატივის ხელში აღება.
„ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ალიანსი არ არის ჩაკეტილი კლუბი, იგი ღიაა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ემთხვევა ხედვებში ჩვენს ხედვებს, რომელიც იზიარებს იგივე სტრატეგიას – როგორ მივიდეთ გამარჯვებამდე. ნებისმიერს შეუძლია თანასწორუფლებიანად შემოვიდეს ამ ალიანსში…
უკან დახევასა და რიგგარეშე არჩევნებში იგულისხმება ის, რომ არჩევნები უნდა იყოს მართლა არჩევნები, რომელსაც ექნება მოქალაქეების ნდობა. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ გვაქვს გაცილებით გაუარესებული საარჩევნო გარემო, ვიდრე იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
იყო კასკადი კანონმდებლობის, რომლებმაც ფაქტობრივად ის პროცესი, რომელსაც არჩევნები ჰქვია, გახადა ცირკი. არაფერი საერთო მას არჩევნებთან არ აქვს.
ეს ძალიან კარგად იციან მოქალაქეებმა და ეს გამოჩნდა, მათ შორის, 2025 წელს ე.წ. ადგილობრივი არჩევნების დროსაც, როცა მოქალაქეებმა არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში მარტივი მიზეზის გამო: ნდობა არ ჰქონდათ პროცესის – არ სჯეროდათ, რომ მათ მისვლას საარჩევნო ყუთთან და ხმის მიცემას რაიმე ცვლილების მოტანა შეეძლო.
ამ ნდობის დაბრუნებას სჭირდება იმ პუნქტების შესრულება, რომელიც ალიანსმა გამოაქვეყნა: დამკვირვებლები იყვნენ დაშვებული, ემიგრანტებს დაუბრუნდეთ ხმის მიცემის უფლება და ასე შემდეგ. მთელი წყებაა საკითხების. ამის შემდეგ შეიძლება ეს პროცესი მეტ-ნაკლებად მიუახლოვდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
ამ გზით ვახევინებთ რეჟიმს უკან და შემდეგ არჩევნებით ვამარცხებთ, თუ არა და, მაშინ იმდენი უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რომ რეჟიმმა უკან კი არ დაიხიოს, უბრალოდ ჩამოიშალოს და მაგის შემდეგ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
რატომ არის დარწმუნებული „გირჩის“ ლიდერი, რომ ბევრი ხალხის ქუჩაში გამოსვლა ივანიშვილს რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას აიძულებს?
„არ არსებობს სხვა გზა. უნდა იყოს კომუნიკაცია ყველა პოლიტიკოსთან და ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან.
არიან სხვა პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამბობენ – დაიხევს რეჟიმი უკან თუ არ დაიხევს, რა პირობებიც არ უნდა იყოს, ვაპირებთ, რომ მაინც მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. იგივე გამოცდილებას დავუბრუნდები, რაც 2025 წელს მოხდა – ვიღაცები შეიძლება ჩაერთონ ამ პროცესში, მაგრამ უბრალოდ მიიღებენ ცირკში მონაწილეობას, მოქალაქეების განაჩენი კი იქნება იგივე, რაც ვნახეთ 2025 წლის ე.წ. ადგილობრივი არჩევნების დროს – ხალხი არ მივა არჩევნებზე!“ – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ „ბათუმელებთან“.






