მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

გაიყიდა ქინდერის პარტია, რომელშიც შესაძლოა სალმონელა იყო – გაიგეთ, რომელ პროდუქტზეა საუბარი

06.05.2022 • 1669
გაიყიდა ქინდერის პარტია, რომელშიც შესაძლოა სალმონელა იყო – გაიგეთ, რომელ პროდუქტზეა საუბარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სალმონელას საფრთხის გამო, საქართველოში იმპორტირებული „ქინდერის“ 472 კილოგრამი საეჭვო პარტია დალუქა, თუმცა პროდუქციის ნაწილი საქართველოს ბაზარზე მაინც მოხვდა და გაიყიდა კიდეც.

სააგენტომ დღეს, 6 მაისს, მოსახლეობას მოუწოდა, არ შეიძინონ და თუ უკვე შეიძინეს, არ გამოიყენონ „ქინდერის“ კონკრეტული პარტიებიდან შეძენილი პროდუქცია.

ევროპაში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით 28 აპრილს მიიღეს შეტყობინება, რომლის თანახმადაც ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა შოკოლადი სავარაუდოდ სალმონელათი იყო დაბინძურებული.

ამის შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა არაგეგმურად შეამოწმეს შეტყობინებაში დასახელებული იმპორტიორი კომპანიის, შპს „ბიდი კომპანის“ სადისტრიბუციო-სასაწყობო ობიექტი, რის შედეგადაც დაილუქა 472 კილოგრამი KINDER SCHOKOBONS. 

KINDER SCHOKOBONS

სააგენტოს ზედამხედველობით, გრძელდება იმპორტიორი კომპანიის მიერ ბაზარზე განთავსებული კონკრეტული პარტიების მოკვლევა-აღრიცხვა, ამოღება/გამოთხოვა და დასაწყობება.

28 აპრილს, RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებულ შეტყობინებაში მითითებული შოკოლადის პროდუქტის ერთ შემთხვევაში ვარგისიანობის ვადად განსაზღვრულია 25.07.2022.

ინსპექტირებისას დადგინდა, რომ აღნიშნული პარტია KINDER SORPRESA MAXI, აღწერილობა: KINDER SORPRESA MAXI, KINDER SORPRESA MAXI K2, 5X12 PIECE CHRISTMAS, პარტიის № L301R03/09, ვარგისიანობის ვადა: 25.07.2022, სრულად არის რეალიზებული.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა, მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.

გაეროს ცნობით, ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით მინიმუმ 113 ქვეყანამ მიიღო Kinder-ის პროდუქტები რისკის პერიოდში.

ჯანმო წერს, რომ სალმონელოზს ახასიათებს მწვავე ცხელება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი, რომელიც შეიძლება იყოს სისხლიანი, როგორც ინფექციის ამჟამინდელი შემთხვევების უმეტესობაში. სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება სალმონელით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებიდან 6-72 საათის შემდეგ. ავადმყოფობა შეიძლება გაგრძელდეს ორიდან შვიდ დღემდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: