მთავარი,სიახლეები

მინისტრი მალავს, სად აკეთებს მთავრობა ბათუმში 22 ჰექტარზე ტურისტულ ატრაქციას

30.09.2021 •
მინისტრი მალავს, სად აკეთებს მთავრობა ბათუმში 22 ჰექტარზე ტურისტულ ატრაქციას

„დაველოდოთ მოვლენებს“ – კომუნიკაციის ეს ფორმა აირჩია ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, საზოგადოებისთვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად. მას არჩევნებამდე 2 დღით ადრე აჭარის მთავრობაში დაანონსებულ საინვესტიციო პროექტზე – 22 ჰექტარზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის შესახებ ვკითხეთ.

დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, უკვე ხელოვნური კუნძულის შემდეგ, მორიგი მასშტაბური პროექტი ისე დააანონსა, რომ კონკრეტული ადგილიც კი არ დაუსახელებია. უცნობია ინვესტორიც, რომელმაც ამ პროექტში 14 მლნ აშშ დოლარი უნდა დახარჯოს.

„დამუშავდა ბათუმის პროექტი, რომელიც გაშენდება ქალაქის შიდა ნაწილში არანაკლებ 22 ჰა ტერიტორიაზე. შეიქმნება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

მიღწეულია შეთანხმება ინვესტორთან, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე აშენდება საბაგირო და დაუკავშირდება არგოს მთას, რითაც შეიკვრება ერთგვარი სამკუთხედი და საბაგიროს მეშვეობით ტერიტორია დაუკავშირდება ბულვარს,“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. მისი თქმით, ახალი რეკრეაციული ზონა ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლებაში გაშენდება.

აჭარის მთავრობის პრესცენტრში დამატებით ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს: „პროექტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, როგორიცაა: საბავშვო-შემეცნებითი მუზეუმი, საქართველოს ერთიანობის სიმბოლური ძეგლი და ტურისტული ინფრასტრუქტურა.“

ზუსტად სად გამოყო აჭარის მთავრობამ ე.წ. ტურისტული ატრაქციისთვის 22 ჰექტარი ქალაქის ტერიტორიაზე და ვინ არის ინვესტორი? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. ჯაბა ფუტკარაძისგან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ საუბარია პერიფერიაზე.

„ჩვენ დავამუშავეთ ახალი მიმართულება ბათუმის პერიფერიულ ზონაში, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბათუმის განვითარებას… დაინტერესებულია ინვესტორი, რომელთანაც პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება. ძალიან მალე თქვენ მიიღებთ დეტალებზე ინფორმაციას,“ – გვიპასუხა ჯაბა ფუტკარაძემ.

რა გამორიცხავს იმას, რომ ეს შესაძლოა წინასაარჩევნო ხრიკი იყოს? – მინისტრმა კითხვის პასუხად მხოლოდ ის გვითხრა, რომ სხვა უწყებებისგან ელის მიწის გადმოცემას.

„ჩვენ არ გვჩვევია წინასაარჩევნო ხრიკები. რასაც ვპირდებით მოსახლეობას, იმას ვასრულებთ. მალე იქნება შესაბამისი პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იქნება განხილული პროექტი, ასევე ვადები, რა ვადებიც იქნება…

ცოტათი მაშინ გავუსწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გარდა, ამ პროცესში აგრეთვე იყვნენ სხვა უწყებები ჩართული, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული მიწის ნაკვეთები მათ ბალანსზე და, რა თქმა უნდა, ერთობლივი შეთანხმებით მოხდება ამ პროექტის განხორციელება“, – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ.

განახლება: მოგვიანებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თავის ფეისბუქპოსტში დაწერა, რომ პროექტი გაკეთდება ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლების ტერიტორიაზე გენერალ ასლან აბაშიძის, მთისძირის, ხახულის და ლერმონტოვის ქუჩების მიმდებარედ. კონკრეტული მისამართი, სად მოეწყობა ტურისტული ატრაქცია, ისევ უცნობია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: