მთავარი,სიახლეები

კანაფის ფისის მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

22.04.2022 • 2398
კანაფის ფისის მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

კანაფის ფისის კონკრეტული ოდენობით მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთით ადამიანებს ვეღარ დასჯიან. ახალი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ, 21 აპრილს, მიიღო.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ამ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლო იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ მას შემდეგ, რაც კანონით მარიხუანას მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება, უსამართლობაა ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენება კანაფის ფისის შემთხვევაში.

დავის საგანი იყო ნორმატიული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული საშუალება – კანაფის ფისის [0,1315 გრამის ოდენობით] პირადი მოხმარების მიზნით არაერთგზის შეძენა-შენახვა სასჯელის სახედ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აპელირებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის № 592 გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის გამო. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ კანაფის ფისი მარიხუანის იდენტურ ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენდა და მათგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი ერთმანეთის იდენტური იყო. ამასთან, 0,1315 გრამი კანაფის ფისი განკუთვნილი იყო საშუალოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის, მაშინ, როდესაც 70 გრამი გამომშრალი მარიხუანა წარმოადგენდა დაახლოებით 230 მოხმარების დოზას.

ძირითადად ამ არგუმენტების გათვალისწინებით მიიჩნევდა კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, რომ გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი სანქცია – თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენდა ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანაფის ფისის მოხმარება, პოტენციურად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, გაუმართლებელია პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო. ამასთან, სპეციალისტთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისი წარმოადგენდა საშუალოდ ერთი მოხმარების, ხოლო მაქსიმუმ 4 მოხმარების დოზას. შედეგად, კანაფის ფისის სადავოდ გამხდარი ოდენობა აპრიორი ვერ ჩაითვლებოდა იმ ოდენობად, რომელიც ავტომატურად ქმნიდა მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ კანაფის ფისის მოხმარება, როგორც წესი, არ იწვევდა მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებასა და აგრესიული, ანტისაზოგადოებრივი ქმედებების განხორციელებას. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი სანქციის სახე – თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნებოდა გამართლებული ვერც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია – თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არღვევდა არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს.

საკონსტიტუციოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ საერთო სასამართლოები კანაფის ფისის მოხმარების, ასევე შეძენის და შენახვის დადგენის შემთხვევაში, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვეღარ გამოიყენებენ. პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით უნდა დაადგინოს, რა სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს კანაფის ფისის გამოყენებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: