კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

350 000 ლარი ბათუმის რუსეთში რეკლამირებისთვის

20.03.2016 • 1563
350 000 ლარი ბათუმის რუსეთში რეკლამირებისთვის

ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საკურორტო სეზონის წინ რეკლამის განთავსებაზე მუშაობს, წელს რუსეთი დაამატეს. ამ ქვეყნიდან ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო სააგენტოებს სარეკლამო ბილბორდებსა და სხვა აქტივობებს დაუკვეთავს, რისთვისაც 350 000 ლარი გაითვალისწინეს. ჯამში კი სამიზნე ქვეყნებში რეკლამის განსათავსებლად, რამდენიმე ივენთის მოსაწყობად და ონლაინრეკლამირებისთვის წელს ბიუჯეტიდან სამ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთის დამატების გადაწყვეტილება გასულ წელს ამ ქვეყნიდან ვიზიტორების რიცხვის გაზრდის გამო მიიღეს და შესაბამისი კამპანიაც წამოიწყეს. წელს, პირველად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, რუსი ჟურნალისტების პრესტურსაც უმასპინძლა. ტურის ფარგლებში აჭარას ათი რუსული მედიასაშუალებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ესტუმრნენ. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს რეგიონის ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს, დაათვალიერებინეს ბათუმის  ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, აჭარული ღვინის სახლი და სხვა ტურისტული ობიექტები. პრესტურის ფარგლებში რუსი ჟურნალისტები აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეს, ნათია სირაბიძეს შეხვდნენ, რომლისგანაც რეგიონის კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 16 მაისიდან ურალის ავიახაზები სანქტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს გეგმავს. რეისის _ პეტერბურგი-ბათუმი-პეტერბურგი შესრულება კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და პარასკევს პულკოვოს აეროპორტიდან იგეგმება. კომპანიის პრეზენტაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი სანკტ-პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გაეცნო, სადაც აეროპორტის მიერ 2016 წლისთვის დაგეგმილი ახალი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს.

საღამოზე, რომელსაც რუსული მედიის, ტურსააგენტოების, ავიაკომპანიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების შესახებაც გაიმართა პრეზენტაცია. გასული 2015 წლის მონაცემებით, რაზე დაყრდნობითაც აჭარის მთავრობამ ტურისტული სეზონისთვის რუსეთი სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალში ჩაწერა, აჭარის რეგისტრირებულ ობიექტებში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების 2,78-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ეს წლის განმავლობაში რეგიონში შემოსული 443 667 ტურისტია. მათ შორის აჭარაში 265 492 უცხოელი და 178 175 შიდა ტურისტი შემოვიდა. ეს წინა წელთან შედარებით უცხოელი ტურისტების 1,7%-იან და შიდა ტურისტების 4,4%-იან ზრდას ნიშნავს.

cagogo22

წელს დეპარტამენტს რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 900 320 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, მათ შორის ქვეყნის გარეთ რეკლამისთვის – მილიონ 900 000 ლარი, ქვეყნის შიგნით სარეკლამო და პიარაქტივობებისთვის კი – 320 000 ლარი.

რეგიონის ტურისტული მარშრუტებისა და პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში მარტის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. ამ ეტაპზე პიარისა და რეკლამის განყოფილების თანამშრომლები აზუსტებენ მარკეტინგული და პიარაქტივობების ჩატარების ბოლო დეტალებს, იგეგმება ხელშეკრულებების გაფორმება კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელებას.

რუსეთთან ერთად მომავალი საკურორტო სეზონისთვის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსია, ისრაელი, პოლონეთი, ყაზახეთი, ლიტვა და შიდა ბაზარი – საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის სამიზნე ქვეყნებია. ამ ქვეყნებში ტურიზმის დეპარტამენტი საკურორტო სეზონის წინ სარეკლამო ბანერების, ლაითბოქსებისა და სარეკლამო ეკრანების განთავსებას გეგმავს, სარეკლამო სტიკერებს გამოაკრავენ ავტობუსებსა და გაჩერებებზეც. გარდა ამისა, სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო-საინფორმაციო ტურების ორგანიზებას, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობას, ასევე რეგიონის ონლაინრეკლამირებასაც გეგმავს. ამ აქტივობებისთვის ჯამში 800 000-მდე ლარი დაიხარჯება.

cgogo1

გადაბეჭდვის წესი


ასევე: