მთავარი,სიახლეები

აშშ-ში ქართველებმა გაიხსენეს 1924 წლის აჯანყება საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ – რა მოხდა 100 წლის წინ | ფოტო

28.09.2024 •
აშშ-ში ქართველებმა გაიხსენეს 1924 წლის აჯანყება საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ – რა მოხდა 100 წლის წინ | ფოტო

ავტორი: ნათია კაპანაძე

რა ხდებოდა 100 წლის, 1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში? – ქართველები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყდნენ. აჯანყდნენ და დამარცხდნენ. მაშინ სტალინის ბრძანებით ძალიან ბევრი ადამიანი დახოცეს.

სწორედ ეს აჯანყება გაიხსენეს ვაშინგტონში გუშინ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს.

„პოლიტიკური მეხსიერება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – ამბობს საბჭოთა კვლევების ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც გუშინ, ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ასოციაციის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამასთან თანამშრომლობით, 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი პრეზენტატორი იყო.

„როცა პოლიტიკური მეხსიერება არის დაშლილი, შეცვლილი და დამახინჯებული, საზოგადოება არის დეზორიენტირებული. დღეს უკვე ჩვენ შეგვეძლო და შეგვიძლია რეალური სურათი აღვადგინოთ რა ხდებოდა ოკუპაციის შემდეგ, როგორ იბრძოდა საზოგადოება და რა მასშტაბის წინააღმდეგობა ჰქონდა თავისუფლების დაკარგვამდე“, – განაცხადა ირაკლი ხვადაგიანმა.

ღონისძიების მასპინძელმა, ქართული ასოციაციის პრეზიდენტმა, სალომე წერეთელმა თქვა, რომ ღონისძიება სოხუმის დაცემის დღეს სპეციალურად დაამთხვიეს.

„ჩვენ ვიხსენებთ საბჭოთა ოკუპაციის და აჯანყების ასი წლის თავს. ეს დღე დაემთხვა სოხუმის დაცემის თარიღს. უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნულმა თარიღმა შეუმჩნევლად არ ჩაიაროს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის ამ მოვლენის მნიშვნელობის შესახებ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რა მოხდა, რა გადაგვხდა, რომ მომავალში არ განმეორდეს იგივე ტრაგედია“, – თქვა სალომე წერეთელმა. 

საქველმოქმედო ხასიათის შეკრება მიზნად ისახავდა საქართველოს უახლესი ისტორიის საკვანძო მოვლენის გახსენებასა და პატივის მიგებას იმ გმირებისთვის, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას.

ასოციაციის გადაწყვეტილებით, ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა, რომელიც ქართველი სამხედრო ვეტერანების მიერაა დაფუძნებული და აშშ-ში, ამერიკის, საქართველოს, უკრაინის და სხვა პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უწევს დახმარებას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ქართული ასოციაციის წარმომადგენლები, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევრები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები.

მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, სენატორები და კონგრესმენები, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩები, მათ შორის, ელჩი კელი დეგნანი. აკადემიური წრის წარმომადგენლები, ქართული სათვისტომო. ღონისძიება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული გამოფენით დასრულდა.

1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება ვაშინგტონში, კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალურ მუზეუმში გაიმართა.

ქართული ასოციაცია აშშ-ში 92 წელია არსებობს.

მოვლენის შესახებ: 1924 წლის 28 აგვისტოს საბჭოთა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს საერთო-სახალხო აჯანყება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა რეჟიმის დამხობასა და საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენას.

აჯანყებულებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს რამდენიმე რეგიონში, თუმცა საბჭოთა რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა მის ჩასახშობად იოსებ სტალინის უშუალო ჩართულობით, პოლიტპატიმრებისა და აჯანყების მხარდამჭერი მოქალაქეების მასობრივი დახვრეტა-დაპატიმრება დაიწყო.

საბჭოთა რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა 3000 ადამიანზე მეტი დასაჯა სიკვდილით, მათ შორის მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები, მასწავლებლები, სტუდენტები და უბრალო მოქალაქეები.

აჯანყებული „შეფიცულები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: