მთავარი,სიახლეები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერება USAID-ის მხარდაჭერით

04.02.2022 • 1423
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერება USAID-ის მხარდაჭერით

ავტორი: ჩერიშ ბროკერი, USAID/საქართველოს განვითარების ასისტენტი

______________________________________________________

საქართველოში COVID-19-ის პანდემიამ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევების ზრდა გამოიწვია. კარანტინის პერიოდმა და მზარდმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მრავალი ადამიანი, განსაკუთრებით კი ქალები დააყენა ძალადობის რისკის ქვეშ.

2021 წელს USAID-ის მხარდაჭერით ჩატარებული გენდერული ანალიზის მიზანი, პრობლემის უკეთ გაგებასა და საკითხის აღმოფხვრის სტრატეგიის შემუშავებაში ადგილობრივი მთავრობების დაეხმარება იყო. შეფასების პროცესში მონაწილეობის შემდეგ ბათუმის, რუსთავის და ოზურგეთის ადგილობრივმა მთავრობების მიერ განხორციელებულმა ინკლუზიური საბიუჯეტო პროცესმა სამოქალაქო საზოგადოებას და მოქალაქეებს არსებული პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა მისცა. შედეგად სამივე მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტებში შევიდა ფონდები, რომლებიც დაეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ, რაც ადგილობრივი მთავრობის დონეზე დემოკრატიის გამოხატულების შესანიშნავი მაგალითია.

საქართველოში, ისე როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, COVID-19-მა გააღრმავა გენდერული უთანასწორობა. USAID-ის გენდერული ანალიზის მიხედვით საქართველოში, პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბევრი ქალი დარჩა უმუშევარი ან დაკარგა შემოსავალი. კარანტინის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახში ძალადობა, განსაკუთრებით კი ქალების მიმართ, რომლებიც უფრო დაუცველები არიან სახლში ყოფნისას. მრავალ ქალს დასჭირდა ფსიქოლოგიური დახმარება და თავშესაფარში გადაყვანა, თუმცა ხშირ შემთხვევაში არსებული საჯარო სერვისები შეუსაბამო იყო.

მოქალაქეების მთავრობასთან ურთიერთობა, განსაკუთრებით საჯარო სერვისების გამოყენების შემთხვევაში, ხდება ადგილობრივ დონეზე. შესაბამისად ადგილობრივი მთავრობები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქალთა მხარდაჭერის მიმართულებით და ისეთი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სახელმწიფო დონეზეც.

2021 წელს USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივამ ხელი შეუწყო ინკლუზიურ საბიუჯეტო პროცესებს. პროგრამამ შეკრიბა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო ლიდერები და დაინტერესებული მოქალაქეები სამ მუნიციპალიტეტში – ბათუმში, რუსთავში და ოზურგეთში. ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, თითოეულ მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მთავრობებმა მოამზადეს ბიუჯეტი, რომელიც გააძლიერებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილ საჯარო სერვისებს, დაეხმარება ძალადობის მსხვერპლთ დამოუკიდებლობის მოპოვებაში და თავის დაცვას მომავალში. ეს ინიციატივები, რომელსაც მხარს უჭერს USAID და ხორციელდება მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობით, ადგილობრივი დემოკრატიის მიერ სოციალური პრობლემების გადაჭრის კარგი მაგალითია.

  • რუსთავი: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პირველი შემთხვევა

რუსთავში მერიამ შეაფასა ძალადობის მსხვერპლი ჯგუფები, რაც საშუალებას მისცემს დაზარალებულებს ისარგებლონ სოციალური და ჯანდაცვის სპეციალური შეღავათებით. 2022 წლიდან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ პირველად ექნებათ უფლება მიიღონ 1 000 ლარამდე თანხა, რომელსაც სახლს და ოჯახს მოახმარენ და ნაკლებად დადგებიან ჩაგვრის გამეორების საშიშროების წინაშე.

რუსთავში საბიუჯეტო პროცესში გენდერული საკითხის ჩართვამ საფუძველი დაუდო ახალ პროგრამას, რომელიც მარტოხელა დედებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ და იმ ადამიანებს დაეხმარება, რომელთაც მსგავსი კვალიფიკაცია მიენიჭება.

„2022 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში შევა ყველა ის პროგრამა, რომელიც დაუცველი ჯგუფებისთვისაა გათვალისწინებული, მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვისაც. შესაბამისად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს მიენიჭებათ რუსთავის მერიაში არსებული სოციალური დახმარების პროგრამით სარგებლობის უფლება“ – განაცხადა დავით იშხნელმა, რომელიც მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის დროს მერის მოადგილე იყო.

  • ბათუმი: ახალი დახმარება, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ მოძალადეებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარება.

სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და მოქალაქეების ჩართულობის შემდეგ, ბათუმის საკრებულომ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თვეში 300 ლარის ფინანსური დახმარების გაწევას გულისხმობს. ამ დახმარებას პირველ ეტაპზე მიიღებს 15 ადამიანი, რომლებიც შეძლებენ საცხოვრებლის, საკვებისა და ბავშვის მოვლის ხარჯების დაფარვას. დახმარება შესაძლებლობას მისცემს მათ დამოუკიდებლობა მოიპოვონ მოძალადეებისგან.

ბათუმში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებიც დაემატა ბათუმის მოწყვლადი ჯგუფების სიას, რამაც მათ საშუალება მისცა მიიღონ ერთჯერადი დახმარების 200 ლარიანი ვაუჩერი სამედიცინო ხარჯებისთვის.

„ეს პროცესი დაგვეხმარა მუნიციპალური ბიუჯეტირების ფარგლებში გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის შუამავლობასა და სერვისების გაფართოებაში“ – განაცხადა ბათუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის – „თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბექა მაჩიტაძემ, – „ძალადობის მსხვერპლთათვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფა და მუნიციპალურ ბიუჯეტში მათი დამატება მოწყვლად კატეგორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მსხვერპლთა დახმარებისათვის ჩვენს რეგიონში მიმდინარე რესოციალიზაციის პროცესში“.

  • ოზურგეთი: პროფესიული გადამზადება, განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის შემდგომ, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მოქალაქეებმა, ოზურგეთის საკრებულომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ადამიანები მოწყვლად ჯგუფის კატეგორიაში შეიყვანა, რამაც ამ ადამიანებს ერთი წლის განმავლობაში საბინაო ხარჯებისთვის განკუთვნილი სტიპენდიის მიღების საშუალება მისცა.

ამასთანავე, საკრებულომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გრძელვადიან პერსპექტივაში გენდერული ხარვეზის აღმოსაფხვრელად და დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ქალთა პროფესიულ საქმიანობას დააფინანსებს. მათ შორის პროფესიულ ტრენინგებს და უნარ-ჩვევების განვითარებას, ბიზნეს-კავშირების დამყარებას და ინფორმაციის გაზიარებას – იმ რესურსებს, რაც ქალებს მეტ დამოუკიდებლობას და დაცულობას შემატებს.

„ჩვენ შევძელით მოგვეხდინა მთელი რიგი პროგრამების ხელახალი კლასიფიკაცია, რათა ეს პროგრამები თანაბრად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის. ამბიციური გეგმები გვაქვს, რომელიც ადგილობრივი საკანონმდებლო ნორმების გაუმჯობესებას და მათ საერთაშორისოდ აღიარებულ, ადამიანის უფლებათა და გენდერული სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს“ – განაცხადა ლელა საჯაიამ, ოზურგეთის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ.

  • ადგილობრივი მთავრობების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

ბათუმის, რუსთავისა და ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების ეს ინიციატივები ცხადყოფს, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, როცა ადგილობრივი ხელისუფლება თავიანთი თემის საჭიროებებს პასუხობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სერვისების უმრავლესობა ადგილობრივადაა მიწოდებული, ადგილობრივი მთავრობები უფრო მარტივად აგვარებენ სოციალურ პრობლემებს, მათ შორის ოჯახში ძალადობის ფაქტებსაც. ადგილობრივი მთავრობები ამყარებენ მოსახლეობასთან ურთიერთობას და უკეთეს პირობებს ქმნიან მომავალში უფრო მეტი მონაწილეობითი, მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობისათვის.

USAID გააგრძელებს საქართველოში მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას, ადგილობრივი მთავრობების გაძლიერებას და ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნას მოქალაქეთა, მათ შორის დაუცველი ადამიანების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად.

________________

ფოტოზე: ჩერიშ ბროკერი, USAID/საქართველოს განვითარების ასისტენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: