მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს ლიბერალიზმის დამარცხება განათლებაში?

10.03.2016 • 3543
რას ნიშნავს ლიბერალიზმის დამარცხება განათლებაში?

„ჩვენმა ხალხმა დაამარცხა კომუნიზმი, დაამარცხა ფაშიზმი და დაამარცხებს ლიბერალიზმსაც“, – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პარლამენტში, განათლების კომიტეტში ახალი სახელმძღვანელოს მოდელის „მე და საზოგადოებას“ განხილვის დროს. ის და მისი თანამოაზრეები ეწინააღმდეგებიან სკოლაში ისეთი ცნებების შეტანას, როგორიცაა: ლიბერალური ღირებულებები, ტოლერანტობა და გენდერული იდენტობა. რას ნიშნავს ლიბერალიზმის დამარცხება განათლებაში და რას მიიღებს ამით საზოგადოება. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგს ქეთი პაპავას ესაუბრა.

ქალბატონო ქეთი, განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების დროს, თუნდაც „მე და საზოგადოებას“ განხილვა ავიღოთ, ყველაზე ნაკლებად ისმის პედაგოგების ხმა. ხოლო ის ძალები, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობენ, აცხადებენ, რომ დაამარცხებენ ლიბერალიზმს განათლებაში. თქვენ როგორც პედაგოგი, ხედავთ თუ არა საფრთხეს ამაში და როგორი იქნება განათლება ლიბერალიზმის გარეშე?

ლიბერალიზმის ფაშიზმთან შედარება არის მომაკვდინებელი რამ, რადგან ევროპული ღირებულებები სხვა არაფერია, თუ არა ის ღირებულებები, რაც ქართველს ოდითგანვე ჰქონდა. იგივე აღმაშენებელი ავიღოთ, ვისითაც მოგვაქვს ხოლმე თავი, მისი პოლიტიკაც იმაში მდგომარეობდა, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრივად ყოფილიყო ძლიერი, განათლებული და ადამიანებს ჰქონოდათ იმის განცდა, რასაც დღეს სამოქალაქო თვითშეგნებას ვეძახით. ამიტომ, ეს საგანი სკოლებში გაცილებით ადრე უნდა შემოგვეტანა. გული მწყდება იმაზე, როცა ქვეყანაში გვყავს პოლიტიკოსები თუ საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც მსგავსი განცხადებებით გამოდიან. დარწმუნებული ვარ, მათ კარგად იციან რაში მდგომარეობს ამ საგნის როლი, მაგრამ მაინც პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით ლაპარაკობენ ასე.

ის მწერლები, ვისითაც ქართული საზოგადოება ამაყობს, იქნება ეს ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა თუ მიხეილ ჯავახიშვილი, სწორედ ლიბერალურ ღირებულებებს ეფუძნებიან. ლიბერალიზმთან ბრძოლა ნიშნავს თუ არა ამ ადამიანების იდეებთან ბრძოლას?

სწორედ ამის თქმა მინდოდა, ჩვენ ვასწავლით მოზარდებს „ვეფხისტყაოსანს, „ალუდა ქეთელაურს, „სტუმარ-მასპინძელს“, ამათ აფორიზმებზე ვზრდით თაობას. ის ფასეულობები, რასაც ჩვენი საამაყო მწერლები გვასწავლიან, სხვა არაფერია თუ არა ლიბერალური ფასეულობები. თუ ჩვენ ამის გვეშინია, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ერი უნდა მოვკლათ. 21-ე საუკუნეში ვერ ვასწავლით ბავშვებს იმას, რასაც გვასწავლიდნენ ჩვენ. მე-3, მე-4 კლასი ის საფეხურია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში ზრდასრული ადამიანის ჩამოყალიბებაში.

 ლიბერალიზმი, ტოლერანტობა და ა.შ. ეს არის სიახლე, თუ იმის გახსენება, რაც დაგვავიწყა საბჭოთა კავშირმა, საბჭოთა განათლებამ?

ხშირად, რასაც ჩვენ ქართულ ტრადიციას ვეძახით, არის 70-წლიანი მანკიერი საბჭოთა პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი, თუმცა საზოგადოების რაღაც ნაწილში ამის ნოსტალგია ჩაბუდებულია. რის სწავლაზე მიდის საუბარი? მშობლისა და შვილის, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაზე, თანატოლებთან ურთიერთობაზე, როგორი უნდა იყოს სხვადასხვა ინსტიტუციასთან ურთიერთობა, რა სახელმწიფო სიმბოლოები არსებობს, რა საგზაო ნიშნებით უნდა ისარგებლონ ბავშვებმა, როგორ უნდა გამოიყენონ საინფორმაციო ტექნოლოგიები და ა.შ. ამას ეძახიან ჩვენი ოპონენტები გარყვნას? ჩვენ უნდა ვუთხრათ ბავშვებს რა არის სიმართლე. თუ ტაბუირებულს გავხდით თემას, ეს უფრო მიმზიდველი გახდება მათთვის. თუ მივაწვდით რეალურ ინფორმაციას, უფრო დაცულები იქნებიან. მოზარდებმა არ უნდა იცოდნენ მათი სხეული რა ცვლილებას განიცდის სხვადასხვა ეტაპზე? „არ გვასწავლიდნენ, მაგრამ ვიცოდითო“ რომ გვეუბნებიან, სწორედ ამას იმკის ჩვენი თაობა. დავაკვირდეთ როგორია ნაადრევად ოჯახების შექმნის და შემდეგ ნგრევის სტატისტიკა. რამდენად მაღალია ოჯახში ძალადობა, გაუცხოება. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთს. დღეს ყველა კარგ მასწავლებელს ინტეგრირებული აქვს გაკვეთილი. მეც ინგლისურის სპეციალისტი ვარ, მაგრამ ათიდან ცხრა გაკვეთილი ინტეგრირებული მაქვს სამოქალაქო განათლების საკითხებთან. განათლების სისტემაში ჩადებულია სწავლა-სწავლების პრინციპი, რაც არის განსხვავებულობა, მრავალფეროვნება, მომავალი პროფესიის არჩევანი და ა.შ. რა არის ამ ყველაფრის სწავლებაში ცუდი?

ბავშვები პატარაობიდანვე სარგებლობენ ინტერნეტით, ფილმებს უყურებენ და ბევრი კითხვა შეიძლება გაუჩნდეთ ადრეულ ასაკში. იმის თქმა, რომ მეოთხეკლასელთან სამოქალაქო თემებზე საუბარი ნაადრევია ან გარყვნილებისკენ ვუბიძგებთ, რეალობაა თუ დემაგოგია?

ჩვენი ერი არ გადაგვარებულა კომუნიზმის დროს, როცა მართლა მიზანმიმართულად მუშაობდნენ, მით უმეტეს ახლა არ მოხდება ეს. თანამედროვე ბავშვი ინფორმაციით იბადება და განსხვავებულად ვითარდება. მათთვის „პლანშეტის“, ინტერნეტის გარეშე ყოფნა იგივეა, რაც ჩვენთვის 90-იანებში შუქის გათიშვა იყო. ამიტომ აუცილებელია ამ პროცესის სწორად წარმართვა და არა სირაქლემას პოზაში დგომა.
 ხომ არ გაიხსენებთ კონკრეტულ კითხვებს, რასაც ბავშვები ხშირად სვამენ და რის განმარტებასაც ეწინააღმდეგებიან დღეს ცალკეული პირები?

ბავშვები კითხვებს სვამენ ხშირად ბიოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებით. დღეს იმდენად სწრაფად მიმდინარეობს აქსელერაცია მოზარდებში, რომ აუცილებელია ამ ტემპს მშობლებმა და პედაგოგებმაც ავუღოთ ალღო. თუ მე მსგავს საკითხებზე კითხვები მიჩნდებოდა 14-15 წლის ასაკში, დღეს უკვე 8-9 წლის ასაკში აქვთ მსგავსი კითხვები. ვფიქრობ, გოგონამაც და ბიჭმაც უნდა იცოდეს რა ცვლილებები ხდება ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ეტაპზე და რა სირთულეები ახლავს ამას. რას განიცდის დედა შვილის დაბადებისას და რა შეიძლება მოჰყვეს დაუცველ სექსუალურ ურთიერთობას.

გენდერი, სექსუალური უმცირესობა, ლიბერალიზმი, ტოლერანტობა, – როდის უნდა განვუმარტოთ ბავშვებს ამ სიტყვების მნიშვნელობა, როცა კითხვები ჩნდება, თუ კონკრეტულ ასაკს უნდა დაველოდოთ?

შეკითხვა უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ, რა ასაკშიც არ უნდა გაჩნდეს ის. რა ფორმით ავუხსნით, ეს მეთოდიკაზეა დამოკიდებული. ჩემმა შვილებმა იციან, რომ შვილი შეიძლება ჰყავდეთ ერთი და იმავე სქესის ადამიანებსაც, რადგან არსებობს ხელოვნური განაყოფიერება. ჩვენი შვილები უსმენენ მუსიკას, უყურებენ ფილმებს, მათი საყვარელი მომღერლების, მსახიობებისა თუ მწერლების ცხოვრებას ეცნობიან და ასეთი კითხვები აუცილებლად გაჩნდება. თუ ჩვენ გვინდა ბავშვების სწორად აღზრდა, უნდა მივცეთ მათ ზუსტი ინფორმაცია. აღზრდა ეს არის მოდელირება. ცნობილი ფორმულაა განათლებაში: მითხარი – გავიგონებ, მაჩვენე –  დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე – სამუდამოდ ჩაჯდება ჩემს უნარ-ჩვევებში. ჩვენ თუ კარგი მოდელები არ ვიქნებით, რაც არ უნდა ვიძახოთ – პატივი უნდა სცეს შვილმა მშობელს ან ქმარმა ცოლს, არაფერი გამოვა. სკოლას დიდი როლი აქვს პიროვნების ფორმირებაში. „თქვენი უფრო სჯერა“, – ხშირად გვესმის მშობლებისგან. თუ არ განვავითარეთ უნარები, სრულფასოვან მოქალაქეს ვერ გავზრდით. სკოლა ასწავლის თანადგომას, მოთმინებას და ამით ვზრდით მდგრად სოციალურ ფენას, რომელიც მზად იქნება დაიცვას ის ღირებულებები, რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს.

თქვენი აზრით, რა შეცდომებს უშვებს განათლების სამინისტრო ამ თემების განხილვისას?

მომწონს, რომ განათლების სამინისტრო არის ღია და სირთულეების მიუხედავად მიმდინარეობს დისკუსია, მაგრამ სამინისტროს არ უნდა დაავიწყდეს, რომ განათლების პოლიტიკის გამტარებელი არის თვითონ. ვფიქრობ, შეძლებს დაუმტკიცოს ყველა ოპონენტს, რატომ არის „მე და საზოგადოებას“ სწავლება აუცილებელი სკოლაში.

 მასწავლებლები რატომ არჩევენ დუმილს? იმიტომ ხომ არა, რომ მათაც არ აქვთ ბოლომდე ჩამოყალიბებული ფასეულობათა სისტემა?

სკოლა, პედაგოგები, მმართველი გუნდი უნდა იყოს ერთიანი ამ საკითხებზე. როცა ერთი მასწავლებელი ამბობს, „ეს არის შავი“, მეორე – „ნაცრისფერი“, თავისთავად იხლიჩება ფასეულობები, ამიტომ პედაგოგები საერთო ღირებულებებით უნდა საზრდოობდნენ. ასევე, სკოლა მთლიანად უნდა დაიცალოს პოლიტიკური და რელიგიური გავლენებისგან, – არასწორი და ზედმეტი ჩარევით რელიგიის დემონიზაციასაც ვახდენთ და ადამიანებს რწმენის ნაცვლად საპირისპიროსკენ ვუბიძგებთ. სკოლა უნდა იყოს მედიატორი, უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ განსხვავებული მრწამსის, აზრის, კანის ფერისა და ფიზიოლოგიურად განსხვავებული ადამიანები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: