მთავარი,სიახლეები

„ყველაზე მეტი ციტრუსი რუსეთში გავიდა“ – ციტრუსისა და ხურმის ექსპორტი აჭარიდან

05.01.2022 • 1979
„ყველაზე მეტი ციტრუსი რუსეთში გავიდა“ – ციტრუსისა და ხურმის ექსპორტი აჭარიდან

„აჭარაში ხურმის ექსპორტირების პერიოდი უკვე დასრულდა, თუმცა მანდარინის მოსავალს მოსახლეობა ახლაც აბარებს”, – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა – ირაკლი ონიანმა. მას მოსავლიანობასა და იმპორტიორ ქვეყნებზეც ვკითხეთ.

  • ბატონო ირაკლი, რამდენი ტონა მანდარინი გავიდა წელს აჭარიდან ექსპორტზე და წინა წელთან შედარებით რა ვითარებაა? 

4 იანვრის მდგომარეობით, ექსპორტზე გატანილია 36 535 ტონა მანდარინი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 535 ტონით მეტია.  

შარშან ამ დროს 32 000 ტონა ციტრუსი გვქონდა ექსპორტირებული.

  • ძირითადად რომელ ქვეყნებში გავიდა ექსპორტზე ციტრუსი? 

ტრადიციულ ქვეყნებში – სლოვენია, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი, ყირგიზეთი, ესტონეთი, ყაზახეთი.

ყველაზე მეტი რაოდენობის ციტრუსი კი რუსეთში გავიდა.

ყველაზე მოთხოვნადი ჯიში იყო აჭარაში გავრცელებული „უნშიო“ და კიდევ საადრეო ჯიშის მანდარინი, რომელიც სექტემბერში მოდის და ოქტომბერში გადის ექსპორტზე.

ზოგადად, უხვმოსავლიანი წელი იყო, თუმცა ველოდებოდით დაახლოებით 65 000-დან 70 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალს.

  • რა რაოდენობის ციტრუსი დარჩა საექსპორტოდ?

 გუშინდლის ჩათვლით წელს უკვე გვაქვს 7 775 ტონა გადამუშავებული ციტრუსი, აქედან 7400 ტონა გადამუშავდა 2021 წლის  31 დეკემბრამდე.

გუშინ  გადამუშავდა 350-300 ტონა ციტრუსი. მონაცემები ახლდება ყოველ 2 საათში.

2021 წლის 31 დეკემბრამდე სახელმწიფოს სუბსიდია კილოგრამზე 10 თეთრი იყო, 10 თეთრი საწარმოსგან ფინანსდებოდა.

პირველი იანვრიდან ეს ფასი შეიცვალა და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება გახდა 15 თეთრი, 5 თეთრი ფინანსდება საწარმოს მხრიდან, ანუ თუ ფერმერი ადგილზე მიიტანს პროდუქტს, მას 20 თეთრი უნაზღაურდება. აქამდე სუბსიდირებაზე, დაახლოებით, 150 000 ლარი გამოიყო. 

  • აქვე გკითხავთ ხურმაზეც. რა გზა გაიჭრა ხურმის მოსავლის გასატანად?

ხურმის ექსპორტირების პერიოდი იყო სექტემბრისა და ოქტომბრის თვეები. ტრადიციული ბაზრებიდან, როგორიცაა უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი და ა.შ. მოთხოვნა ყოველთვის იყო. ყველაზე მეტი რაოდენობის ხურმა მაინც უკრაინამ შეიძინა.

ჩვენ ამ მალფუჭებად პროდუქტს მივიჩნევთ  პრიორიტეტად ექსპორტისთვის და ვეხმარებით, რომ სახმელეთო თუ საზღვაო გზით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გავიდეს ეს პროდუქტი.

ე.წ “ალიარას” ჯიშის ხურმის მიმართ არსებობს ინტერესი, ეს არის ძირითადი საექსპორტო ჯიში.

ჩვენი მონაცემებით, აჭარიდან ექსპორტზე 2 800 ტონაზე მეტი ხურმა გავიდა. შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 200-300 ტონით მეტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: