მთავარი,სიახლეები

ექსპორტი საქართველოდან: ჩინეთი პირველ ადგილზეა, რუსეთი – მეორეზე, თურქეთი – მესამეზე

22.12.2021
ექსპორტი საქართველოდან: ჩინეთი პირველ ადგილზეა, რუსეთი – მეორეზე, თურქეთი – მესამეზე

„იმპორტშიც გაზრდილია იგივე მონაცემები, რაც ექსპორტში, ანუ რაც გაგვაქვს საზღვარგარეთ, შემოტანილია საქართველოში,“ – გვითხრა ეკონომისტმა, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რატომ არ აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები?

ეკონომისტი განმარტავს, რომ იმპორტზე დამოკიდებულების მაჩვენებელია მაღალი და ადგილობრივი წარმოება ისევ ვერ ვითარდება. ეს მთავარი მიზეზებია, რის გამოც ექსპორტის ზრდას ადამიანები საკუთარ ჯიბეებზე ნაკლებად გრძნობენ.

ექსპორტი 2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 3.8 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. ეს 26.7 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოსთვის უმსხვილესი პარტნიორები ისევ არიან: ჩინეთი [537,9 მილიონი აშშ დოლარი], რუსეთი [502,1 მილიონი აშშ დოლარი] და თურქეთი [275,5 მილიონი აშშ დოლარი].

ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე წინა წლების მსგავსად ისევ სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 750.1 მლნ. აშშ დოლარით [აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.7 პროცენტია].

მე-2 ადგილზეა ფეროშენადნობები 414.8 მლნ. აშშ დოლარით [მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.8 პროცენტი], ხოლო მე-3 ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 214.9 მლნ. აშშ დოლარით [მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი].

„ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიმართულია,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა და თქვა, რომ განსაკუთრებით ღვინის და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა აისახება „პირდაპირ გლეხის ოჯახზე“.

„ღვინო გაგვაქვს და ეს ძალიან კარგია, თუმცა იგივე ბოთლები, რომლებშიც ღვინო ასხია, იმპორტირებული მასალითაა შექმნილი,“ – აღნიშნავს ეკონომისტი სოსო ბერეკაშვილი. ის გვესაუბრა ექსპორტის გაზრდის მაჩვენებლებზე.

„პროცენტულად შესაძლოა ეს ციფრები მაღალი გვეჩვენებოდეს, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვებში იმდენად მცირეა, რომ ეს რეალურად ვერ ყოფნის ვერაფერს: ინფლაცია არის უზარმაზარი, უმუშევრობის დონე მაღალია და ეს ამას ვერ აბალანსებს.

მსოფლიო ტენდენციაა ის, რომ გაზრდილია სავაჭრო ბრუნვები ყველგან. პანდემიის გამო იყო მოთხოვნები შეჩერებული და რადგან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ეს პროცესი გააქტიურდა.

ცუდი რაც არის ქართულ ექსპორტში არის ის, რომ დიდ წილს იკავებს ისევ ავტომობილები, რკინა და ასე შემდეგ, ის პროდუქტები, რასაც ჩვენ არ ვაწარმოებთ. მაგალითად, შემოდის მეტალი და გადის სხვა ფორმით… ექსპორტის ზრდა კარგია, მაგრამ ცუდია ის, რომ ძალიან ვართ დამოკიდებული იმპორტზე. რეექსპორტიც კარგია, მაგრამ უმჯობესია ადგილობრივი წარმოება გვქონდეს,“ – ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

ანალიტიკოსმა ნათქვამის საილუსტრაციოდ მიგვითითა სტატისტიკურ მონაცემზე, საიდანაც ჩანს, რომ, მაგალითად, სპილენძის მადნები და კონცენტრატები პირველ ადგილზეა ექსპორტის სტატისტიკაში და ამავდროულად იმპორტში სამეულშია.

„მსუბუქი ავტომანქანებია ექსპორტში მეორე ადგილზე, იმპორტში კი, პირველ ადგილზე,“ – დასძინა სოსო ბერიკაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008