მთავარი,სიახლეები

„ვხედავ, რაც მემუქრება, სახლი უნდა დამენგრეს თავზე“ – მოქალაქე უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

21.12.2021 • 4014
„ვხედავ, რაც მემუქრება, სახლი უნდა დამენგრეს თავზე“ – მოქალაქე უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

„ვხედავ, რაც მემუქრება და აღარ ვიცი, რა გავაკეთო, სახლი არ დამენგრეს თავზე-მეთქი!“ – მოქალაქე სოფელ განახლებიდან ხელისუფლებას  მის საცხოვრებელ  სახლთან ახლოს, მდინარის გასწვრივ, ჯებირის მოწყობას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის საცხოვრებელს საფრთხე ემუქრება – ეს დოკუმენტურადაც დადასტურებულია.

მისი ამბავი საინტერესოა იმითაც, რომ მოქალაქის თქმით, მას  თავისი საცხოვრებელი სახლის პროექტი ხელვაჩაურის მერიაში გადასცეს. ის ირწმუნება, რომ მას ამაში 900 აშშ დოლარი გაახდევინეს. სახლის აშენების ხარჯების დასაფინანსებლად რამაზ დუმბაძის მეუღლე თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში მუშაობს.

ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულებიდან მალევე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა

ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ სოფელ განახლებაში, რამაზ დუმბაძის სახლთან, ავტომანქანის სავალი გზის ნაწილი 2021 წლის თებერვალში წაიღო. როგორც სოფელში გვიყვებიან, კალაპოტიდან გადმოსული ადიდებული მდინარე საცხოვრებელი სახლისკენ წავიდა, მას გვერდი აუარა და  სამანქანე გზაზე გადავიდა. გზის ამ მონაკვეთში გარღვეულია საგანგებოდ მოწყობილი დამცავი ჯებირიც.

რამაზ დუმბაძის სახლი – სოფელი განახლება

სახლის მეპატრონე, რამაზ დუმბაძე შიშობს, რომ ზამთარში ან გაზაფხულზე წყალდიდობის დროს შესაძლოა მდინარე ისევ ადიდდეს. აქ არც იმას გამორიცხავენ, მდინარემ რადგან მიმართულება ერთხელ უკვე შეიცვალა, შესაძლოა ეს ისევ განმეორდეს, ამიტომაც ოჯახი საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს:

„მაშინ წყალი ჩვენს სახლშიც შემოვიდა, მაგრამ მხოლოდ დავიტბორეთ. მდინარემ ჩემი ეზო გადაკვეთა და სამანქანე გზიდან ისევ დაბუნდა კალაპოტში. ისევ რომ ადიდდეს და სახლისკენ წამოვიდეს, რა უნდა ვქნა. ვდარდობ, არ მძინავს, კარგ ამინდში შეიძლება დავიძინო, უამინდობის დროს საერთოდ არ მძინავს“, – გვიყვება რამაზ დუმბაძე, სახლის მეპატრონე.

მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოქალაქემ მუნიციპალიტეტს ოფიციალურად 2021 წლის აპრილში, წერილობით აცნობა და პრობლემის შესწავლა, ასევე დამცავი ჯებირის მოწყობა მოითხოვა. მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა შეისწავლა მისი საცხოვრებელი გარემო, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიის სამსახურთან ერთად და დასკვნაც მოამზადა. ამის შემდეგ კი რამაზ დუმბაძეს ოფიციალურად, წერილობით აცნობეს, რომ მისი მოთხოვნა თბილისში, საავტომობილო გზების დეპარტამენტში გადააგზავნეს.

რამაზ დუმბაძე

მოქალაქე სახელმწიფო სტრუქტურების ლაბირინთში

„ხან იქით გადამამისამართებენ, ხან აქით, რომ ვუყურებ, არ არიან ესენი გამკეთებლები. ხან ბათუმში, ხან თბილისში, ხან საგზაო დეპარტამენტში, ასე ზევით-ქვევით მარბენინებენ და მხოლოდ განცხადებებს მაწერინებენ, მერე მომდის უარყოფითი პასუხები. რა ვქნა? – ამას უკვე ვერ ვხვდები.

წყალმა უნდა წამიღოს-მეთქი – თუ იცოდნენ, რომ აქ სახლი არ დაიდგმებოდა, რატომ მომცეს პროექტი ან დასკვნა გეოლოგებმა. ახლა მოდიან და უყურებენ, მეუბნებიან გაკეთდებაო, მაგრამ არაფერი, არანაირი შედეგი რომ არ მაქვს, ფაქტი აგერ სახეზე.

ახლა ისევ თბილისში გადავაგზავნეთო, მე თბილისში ხომ არ ვცხოვრობ, მე ვცხოვრობ სოფელ განახლებაში. თბილისი უნდა დამეხმაროს თუ მერია უნდა დამეხმაროს?  – თბილისმა მითხრა, მერიას მიმართეო. ვერ ვხდები ამ ხალხის საქმეს, წარმოდგენა  აღარ მაქვს ვის მივმართო, ვინ მოვა და რას გააკეთებს“, – ამბობს რამაზ დუმბაძე.

ხელვაჩაურის მერიაში განგვიმარტეს, რომ გზის სავალი ნაწილი, რომელიც მდინარემ წაიღო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაშია. ამ დეპარტამენტს ჰქონდა შესყიდული ნაპირსამაგრი სამუშაოებიც, ამიტომაც მოქალაქის განცხადება რეაგირებისთვის მათ გადაუგზავნეს. საპასუხო წერილით დეპარტამენტმა ისევ ხელვაჩაურის  მერიას სთხოვა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეესწავლათ ვითარება ადგილზე და დეპარტამენტისთვის ეცნობებინათ შედეგების შესახებ.

სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე მუნიციპალიტეტის სპეციალისტებმა განმეორებით შეისწავლეს ვითარება ადგილზე და მოამზადეს კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც, 12 დეკემბერს, მოქალაქის მოთხოვნასთან ერთად, ისევ საავტომობილო გზების დეპარტამენტში გადააგზავნეს.

რა წერია გეოლოგების დასკვნაში

გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ მდინარე  საფრთხეს უქმნის როგორც საავტომობილო გზას, ასევე რამაზ დუმბაძის საცხოვრებელ სახლს. ეროზიული პროცესების თავიდან არიდების მიზნით აუცილებელია კალაპოტის გასწორხაზოვნება, ხოლო მდინარის ორივე ნაპირზე, დაზიანებულ მონაკვეთზე, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტების მიხედვით უნდა განხორციელდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები. ამავე დასკვნის მიხედვით, ნაპირსამაგრი კონსტრუქციის საძირკველი უნდა დაფუძნდეს ძირითად ქანებზე.

დასკვნაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ სამუშაოები უნდა შესრულდეს უახლოეს მომავალში: „წინააღმდეგ შემთხვევაში გვერდითი ეროზიული პროცესები პერიოდული ხასიათის მატარებელი და საფრთხის შემცველია.

გეოლოგიური დასკვნა

„მათ ვალდებულება მოიხადეს, მე სახლში წყალი შემომდის“

მიტაცებული სამანქანე გზა პრობლემებს უქმნის რამაზ დუმბაძის მეზობლებსაც. ყველა, ვინც გზის ამ მონაკვეთით სარგებლობს, ავტომანქანის მოსაბრუნებლად რამაზ დუმბაძის ეზოში შედის: „სხვაგვარად შეუძლებელია“. ერთ-ერთ ოჯახს კი სახლთან მისასვლელად უფრო გრძელი გზის გავლა უწევს. მეზობლები შიშობენ, რომ თუ  გზა კიდევ დავიწროვდება, შესაძლებელია მათი პრობლემა უფრო გამწვავდეს, რადგან საჭიროების შემთხვევაში სახლებთან მისვლას ვერც სასწრაფო დახმარება და ვერც სახანძრო ვერ შეძლებს.

რამაზ დუმბაძის მეზობლების თქმით, გზის დავიწროებული მონაკვეთის შევსებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, მაგრამ უფლება არ მისცეს: „ბუნებრივი მასალა გვაჩუქეს, გვინდოდა აქ ჩაგვეყარა, რომ შეგვევსო, მაგრამ გაგვაფრთხილეს გარემოს დაცვა დაგაჯარიმებთო.“

რამაზ დუმბაძე და მისი მეზობლები მიიჩნევენ, რომ ცუდად იმუშავა კომპანიამ, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ნაპირსამაგრ სამუშაოებს აწარმოებდა.

ნაპირსამაგრის მოწყობიდან მალევე, პირველივე წყალმოვარდნისას, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. გარდა ამისა, ყოველი უამინდობის დროს იტბორება სოფლის სტადიონიც.

წყალდიდობამდე ეს სამანქანე გზა იყო

სახლი მდინარესთან ახლოს 

რამაზ დუმბაძის სახლი მდინარიდან მხოლოდ 15-20 მეტრის დაშორებითაა. მდინარესთან ასე ახლოს  სახლის აშენება კანონით დასაშვები არ არის. თუმცა მშენებლობის ნებართვა გაცემულია და მეპატრონეს სახლი კანონის ყველა პროცედურის გავლისა და შესაბამისი სანებართვო დოკუმენტების საფუძველზე აუშენებია.

ნებართვა რამაზ დუმბაძის საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე 2013 წელს არის გაცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტს გავლილი უნდა ჰქონდეს ყველა ეტაპი, როგორც გეოლოგიური, ასევე ტოპოგრაფიული კვლევა.

რამაზ დუმბაძე ამბობს, რომ პროექტი თავად ხელვაჩაურის მერიაში მოუმზადეს და ამაში 900  დოლარი გადაახდევინეს.

„კომპიუტერში მაჩვენეს სხვადასხვა პროექტი, ამარჩევინეს და მომიმზადეს, 900 დოლარი გადავიხადე ხელზე, ყველაფერი თვითონ გააკეთეს, გეოლოგია და ასე შემდეგ“, – გვითხრა მან.

პროექტის ბეჭდურ ვარიანტზე, რაც რამაზ დუმბაძემ გვაჩვენა, წერია, რომ ის ინდმეწარმე დურსუნ თედორაძის მომზადებულია.

რამაზ დუმბაძის თქმით, ის ხელვაჩაურის მერიაში მუშაობდა.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, დურსუნ თედორაძე მერიაში არ მუშაობს. რაც შეეხება რამაზ დუმბაძის სახლის მშენებლობის ნებართვას, „ის გაცემულია მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ნახაზისა და სხვა საჭირო დოკუმენტების საფუძველზე“, – განგვიმარტეს მერიაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: