69 წლის ვერა ჯიჯავაძე და 75 წლის არმენ აკოპიანი უკვე რამდენიმე ათეული წელია ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე #61 კორპუსში, მე-2 სართულზე ცხოვრობენ.
დაახლოებით ერთი წელია სმენისარმქონე ცოლ-ქმრის ბინაში ბზარები ჩნდება და იმატებს. მათ ჰგონიათ, რომ ეს კორპუსის პირველ სართულზე მდებარე აფთიაქში საყრდენი კედლების მოშლამ გამოიწვია.
„გამოტეხვა რომ დაიწყეს, ისეთი ხმა იყო, არმენი ჩავიდა და ანიშნებდა, რომ საყრდენი კედლის გამოტეხვა არ შეიძლებოდა. იმათმა უთხრეს, შენ ვინ გეკითხებაო და მოიშორეს თავიდან”, – გვიხსნის ვერა სურდოთარჯიმნის დახმარებით. ვერას „ბათუმელებთან“ კომუნიკაციაში შორენა ლომაძე დაეხმარა
კორპუსის მამასახლილის დახმარებით, დაახლოებით 2 თვის წინ ოჯახმა განცხადებით მერიასაც მიმართა ბზარების წარმოქმნის რეალური მიზეზის გასაგებად, თუმცა საჯარო უწყებიდან პასუხი ჯერაც არ მიუღიათ:
„როგორც კი გამოტეხვა დაიწყეს ქვემოთ, მისაღებში ეგრევე გაიხსნა კედელი.
სულ სილა იყრება კედლებიდან, სულ ამას ვგვი, სახლი იწევა ქვემოთ და ამას ჩვენც ვგრძნობთ.
ტკბილად რამდენი თვეა აღარ მიძინია, ღამით შიშით ვიღვიძებ, ლოდის ქვეშ ხომ არ მოვყოლილვარ-მეთქი. მოხუცები არიანო, ფიქრობენ ჩვენზე და ჩაიქნიეს ხელი, თვითონაც ხომ დაბერდებიან?!” – თავის წუხილსა და შიშებს გვიზაირებს ვერა.
ვერასა და არმენის ერთადერთი შემოსავალი ასაკობრივი პენსიაა, რომელსაც ისინი საყოფაცხოვრებო და სამკურნალოდ აუცილებელი ხარჯებისთვის ანაწილებენ:
„პოდაგრა აქვს არმენს, წლებია აწუხებს, ხელ-ფეხი უსივდება ხოლმე, ოპერაციაც ვერ შველის, არაფერი უფინანსდება, მშენებელი იყო და, ალბათ, ამანაც გამოიწვია.
ყოველდღე ტკივილები აქვს, დღეში რამდენჯერმეც სვამს წამალს.
ახლა ნაწლავების ტკივილსაც უჩივის. სულ 1 ან 2 წელია, რაც აღარ მუშაობს, 19 წლიდან სამშენებლო საქმიანობას ეწეოდა“, – ყვება ვერა ჯიჯავაძე
„ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის კეთილმოწყობის სამსახურსაც.
მათი განმარტებით, “ამ ეტაპისთვის განაცხადი მოკვლევაზეა გაგზავნილი და სხვა მისამართებთან ერთად გადაიგზავნება ექსპერტიზის ბიუროში“.