მთავარი,სიახლეები

შეიძლება თუ არა აცრას უარყოფითი შედეგი ჰქონდეს? – დისკუსია ექიმთან I პოდკასტი

10.12.2021 • 3550
შეიძლება თუ არა აცრას უარყოფითი შედეგი ჰქონდეს? – დისკუსია ექიმთან I პოდკასტი

შეიძლება აცრას უარყოფითი შედეგი ჰქონდეს? – ამ და სხვა საკითხებზე ექიმმა-თერაპევტმა მირინდა ბასილაძემ მოქალაქეების კითხვებს უპასუხა. დისკუსია ექიმთან 23 ნოემბერს გაიმართა სოფელ დიდაჭარაში. ექიმი სოფელს მოგზაურ ბიბლიოთეკასთან ერთად ესტუმრა. დისკუსიის ორგანიზატორი კი „გაზეთი ბათუმელები“ იყო.

მირანდა ბასილაძე:

„დღეს კოვიდ 19-ის გამო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი და ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო. დაავადების სიმძიმე ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და  მეცნიერებმა ბოლომდე ვერ ახსნეს მისი არსი. შესაბამისად, ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის, როგორ შეიძლება დავამარცხოთ ეს ვირუსი. ყოველდღიურად გვყავს ყველა ასაკის ძალიან ბევრი ინფიცირებული და გარდაცვლილი.

დღემდე არ არის კონკრეტული პრეპარატი, რომელიც დაამარცხებს ამ დაავადებას. არის რაღაც  მონახაზები, შესწავლის პროცესშია რამდენიმე ვერსია, თუმცა მეცნიერება ვერ გვაიმედებს, რომ პანდემია მალე დასრულდება და დაავადებას დავამარცხებთ. ამ ეტაპზე დაავადებასთან ბრძოლაში ერთადერთი მეთოდი არის კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ვაქცინაცია ინფექციური დაავადების დამარცხების დიდი ისტორიის მქონე მეთოდია. წინა საუკუნეში არსებული მსგავსი ტიპის ინფექციური დაავადებების დამარცხებაც ვაქცინაციის გზით მოხერხდა.

ვაქცინასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი მოსაზრება აქვთ მოქალაქეებს. ამას ხელი შეუწყო ვაქცინაციის აუცილებლობაზე ინფორმაციის დეფიციტმა საზოგადოებაში. ასევე მწირი ინფორმაცია იყო ვაქცინის ხარისხთან, ვადებთან დაკავშირებით, რამაც გარკვეული მერყეობა გამოიწვია მოსახლეობაში.

ბოლო რამდენი თვის განმავლობაში ჩემი კლინიკა ჩართულია კოვიდ19-თან ბრძოლაში.  ყოველდღიური დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულთა 98-99 პროცენტი, ვისი მდგომარეობაც მძიმდება, ვისაც სჭირდება რეანიმაციული ღონისძიებები, განსაკუთრებული სერვისები, არის არავაქცინირებული. შესაბამისად, ძნელია მათი გადარჩენა, საზოგადოებაში დაბრუნება.

რაც შეეხება ვაქცინირებულებს, შესაძლოა ისინიც დაავადდნენ კოვიდ 19-ით, თუმცა მათ მარტივი სიმპტომებით, ოჯახურ გარემოში ან იზოლაციაში გადააქვთ ეს დაავადება. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ნაკლებია გავრცელების საშიშროებაც.

რაც შეეხება ვაქცინებს, დღეის მდგომარეობით ოთხი ტიპის ვაქცინა გამოიყენება საქართველოში. ორი ვაქცინის – ფაიზერისა და ასტრაზენეკას მომზადების ტექნოლოგია იყო ახალი და თანამედროვე.  ამ მეთოდზე მსოფლიო მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ, რადგან კოვიდ 19-მა დაასწრო მათ დასკვნებს, დაჩქარებული მეთოდით მიღებული ვაქცინები გავიდა მოხმარებაში.

მირანდა ბასილაძე სოფელ დიდაჭარაში დისკუსიის დროს

შესაბამისად, გაჩნდა კითხვები, რამდენად მართებულია ასეთი ვაქცინების გამოყენება. თუმცა კვლევებისა და კონკრეტული დასკვნების გარეშე არ მომხდარა ვაქცინების გამოყენება. ყველა ის კვლევა, რომლებიც უნდა გაიაროს ვაქცინამ, ჩატარებულია. უბრალოდ, ყველა ეს პროცედურა გავლილია მოკლე დროში.

მაგალითად, როდესაც საზოგადოება დადგა შავი ჭირის ან ესპანური გრიპის გავრცელების წინაშე, იმავე მეთოდით, იმავე ტექნოლოგით, დაჩქარებული წესით მიღებული ვაქცინები გამოიყენა მედიცინამ. ამ შემთხვევაშიც ასეა. ორი წელი არ ნიშნავს იმას, რომ  ნაკლები რაოდენობის მოხალისეზე გამოიყენეს ან გამოტოვეს კვლევის რაიმე პერიოდი. არსებულმა ვაქცინებმა გაიარა ყველა ის ფაზა, რომლებიც უნდა გაევლო.

ორივე ვაქცინა არის ევროპული და საკმაოდ მდგრადია ინფექციის მიმართ, ამ ორი ვაქცინით აცრის შემთხვევაში ინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია.

ამ ეტაპზე საქართველოში ასტრაზენეკა არ გვაქვს. ფაიზერით აცრა კი 12 წლის და მეტი ასაკის ყველა ადამიანს შეუძლია.

ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ აცრაზე, არ აქვთ კონკრეტული პასუხი, თუ რატომ არ იცრებიან. ეს მოსაზრება მათ გაუჩნდათ ანტივაქსერების მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის გამო.

ფაიზერი არის ევროპული ხარისხის ვაქცინა, რომლითაც აიცრა თითქმის მთელი ევროპის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა.

თუკი მიგვაჩნია, რომ ფაიზერი და ასტრაზენეკა არის ახალი, თანამედროვე მეთოდებით შექმნილი და ამის გამო გვაქვს უნდობლობა, არსებობს ასევე სინოფარმი და სინოვაკი, ზუსტად იმავე ტექნოლოგიით დამზადებული და იმავე მეთოდოლოგიით გამოიმუშავებს ეს ვაქცინები ორგანიზმში იმუნიტეტს, როგორც იმ ვაქცინების შემთხვევაში, რომლებიც დაახლოებით ერთი საუკუნეა გამოიყენება. ყველა ვაქცინა, რომლებსაც წლებია ვიყენებთ ბავშვების ასაცრელად წითელაზე, დიფთერიაზე, ტეტანუსზე, არის ინაქტივირებული ვირუსი. ასეთივე ტიპის ვაქცინაა სინოფარმი და სინოვაკი.

წითელა არის ჩვეულებრივი კორონავირუსული ინფექცია, ოღონდ სხვა სახეობის და არა ახალი კორონავირუსული. ამ შემთხვევაშიც მკვდარი, ინაქტივირებული ვირუსები არის გამოყენებული, რომელთაც ორგანიზმში შეყვანითაც ვიღებთ იმუნიტეტს.

ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორია ვაქცინების დამზადების ტექნოლოგია, რამდენად მდგრადია, აცრის შემდეგ თუ დავინფიცირდები და ასე შემდეგ, რაც არის არასწორი – ეს არ არის სამკურნალო მედიკამენტი, ვაქცინა არის  პროფილაქტიკური საშუალება და შეგვიძლია რამდენიმე ვარიანტიდან ავირჩიოთ ერთი რომელიმე, რომელსაც უფრო ვენდობით.

თუ დავაკვირდებით არსებულ რეალობას, იმ ადამიანების გარდაცვალების მაჩვენებელი, რომლებიც აიცრნენ, მაგრამ მაინც დაინფიცირდნენ, პროცენტულად არის მინიმალური. ამ მინიმალურ შემთხვევებშიც დადგენილია, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო არა მხოლოდ კოვიდ 19, არამედ ის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც პაციენტებს მიჰყვათ კლინიკაში. ჩვენი კლინიკის დაკვირვებით ორი დოზით აცრილი პაციენტების შემთხვევაში არ ველოდებით გართულებას, მით უმეტეს იმას, რომ პაციენტი გახდება სარეანიმაციო. ვაქცინირებული ადამიანების ინფიცირების პარამეტრები ძალიან დაბალია.

ანტისხეულები, რომლებსაც გამოიმუშავებს ორგანიზმი, ხელს უშლიან გავრცელებას და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ორგანიზმი დაინფიცირების შემთხვევაში მზად ხვდება ინფექციას. თუკი აუცრელი პაციენტების შემთხვევაში 12-14 დღეა საჭირო პაციენტის კლინიკაში დაყოვნება და მეთვალყურეობა, ამასთან ველოდებით, რომ შესაძლოა ყოველ წუთს დამძიმდეს პაციენტის მდგომარეობა, აცრილ ადამიანებთან კი, ვისაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, და ხშირ შემთხვევაში ეს დაავადებები იწვევენ პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას, ჩვენ გავიმარჯვეთ და გავწერეთ სახლში.

კოვიდგადატანილი ადამიანების აცრა რეკომენდებულია გადატანიდან 120 დღის შემდეგ. აცრიდან დაახლოებით 6 თვე აქტიურია ანტისხეულები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს.

ადამიანები, რომლებიც არიან 60 წელს  გადაცილებულები და აქვთ ქრონიკული დაავადებები, სასურველია აიცრან ბუსტერ დოზით, რომელიც კეთდება მეორე დოზით აცრიდან 6 თვის შემდეგ. ვინც აცრილია ასტრაზენეკათი, მასაც შეუძლია ბუსტერ დოზად გამოიყენოს ფაიზერი. სინოფარმითა და სინოვაკით აცრილებსაც შეუძლიათ ფაიზერის ბუსტერ დოზის გაკეთება.

ვინც აცრილია სინოფარმითა და სინოვაკით, თუმცა ხელი ეშლებათ რომელიმე ქვეყანაში გამგზავრებაში, შესაბამისი საბუთების წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებელია მათი აცრა ფაიზერის ორი დოზით.

რაც შეეხება სიკვდილობის მაჩვენებელს, კოვიდ19-ით სიკვდილობის მაჩვენებელი ითვლება ყველა ქვეყანაში ცალკე სტატისტიკით. დღეს გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოსთვის არის ძალიან დიდი. ასევე დიდი ფიზიკური ძალისხმევის გაღება გვიწევს ჩვენ, მედპერსონალს კოვიდით დაავადებულებთან მუშაობისას. დადგება ალბათ მომენტი, როცა ამოიწურება ამ ადამიანების  რესურსი, ვინც კოვიდკლინიკებში მუშაობს. სანამ აქამდე მივალთ, უნდა დავასწროთ ამ ყველაფერს და თუ მეცნიერება ვერ შექმნის პრეპარატს, რომელიც მუშაობს ამ დაავადებაზე, მანამდე ერთადერთი არჩევანი რჩება ვაქცინაცია.

თუკი დღემდე ვიცრებოდით ჩვეულებრივი, ინაქტივირებული ვაქცინებით, შეგვიძლია ვენდოთ იმავე მეთოდით დამზადებულ სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინას. თუმცა ახალ ვაქცინაზე – ფაიზერზეც წლებია მუშაობენ ამავე ტექნოლოგიით. მსოფლიოში არის პოზიტიური პარამეტრები – ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, არ არის ლოქდაუნი, არ აქვთ დიდი გავრცელება, არ არის სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. სხვა რესურსი ჯერ მსოფლიოში არ არის. თუ არ ავიცრებით, ვერ შევამცირებთ ინფიცირებას და სიკვდილიანობას“.

შენიშვნა: ჯანდაცვის სამინისტროს 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ფაიზერითა და ასტრაზენეკათი აცრილებისთვის ბუსტერდოზის ინტერვალი 5 თვემდე შემცირდა, ხოლო სინოვაკითა და სინოფარმით აცრილებისთვის – 3/6 – თვემდე. ინტერვალი ითვლება მეორე დოზით აცრის დღიდან.

___

პოდკასტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: