მთავარი,სიახლეები

ვინ რამდენ საბავშვო ბაღს ააშენებს, სად და როდის – კანდიდატების დაპირებები [ვიდეო]

13.09.2021 • 1272
ვინ რამდენ საბავშვო ბაღს ააშენებს, სად და როდის – კანდიდატების დაპირებები [ვიდეო]

წელს ბათუმში 1600-ზე მეტ ბავშვს საბავშვო ბაღში ადგილი არ შეხვდა. „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის კანდიდატებს ჰკითხა, თუ იციან რამდენი ბაღი სჭირდება ბათუმს, მერად არჩევის შემთხვევაში რამდენ ბაღს ააშენებენ, ქალაქის რა ნაწილში და რა ვადაში.

  • გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან: 

როგორც მე ვიცი, 1000-ზე მეტი ბავშვი ბაღის გარეშე დარჩა და ამ პრობლემის ერთადერთ გადაწყვეტად გვესახება ბაღების აკრედიტაცია. ისევე როგორც სკოლების შემთხვევაში, სახელმწიფო ბავშვს აძლევს ვაუჩერს და არა კონკრეტულ სკოლას აფინანსებს პირდაპირ. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოსავალი.  იმ უბნებში, სადაც ბაღები არ არის, ბათუმის მერიამ ბაღი უნდა ააშენოს, ამის კვალდაკვალ ვაუჩერები უნდა მისცეს ბათუმში ყველა ბავშვს.

მშობლის გადასაწყვეტი უნდა იყოს, ბავშვს საჯარო ბაღში მიიყვანს თუ კერძოში, რომელიც უკვე ბევრად იაფი იმიტომ ეღირება, რომ მას თანხა ვაუჩერის სახით მიაქვს.

ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვები არ დაგვრჩეს ბაღის გარეშე. ეს მოგვცემს იმის სტიმულს, რომ კერძო ბაღები განვითარდეს და მასში მშობლების გადასახადი თანხა შემცირდეს.

ბაღების რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს, ახალი ბაღების მშენებლობა მუნიციპალიტეტმა უნდა განახორციელოს. ამ პრობლემის საბოლოო გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია ბაღების ვაუჩერიზაცია, რომელიც კერძო სექტორის განვითარებას უზრუნველყოფს.

  • არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“:

ამ ეტაპზე მომლოდინე რეჟიმში 1600-ზე მეტი ბავშვი გვყავს სიაში. მოგეხსენებათ, სამი ბაღის მშენებლობა წელს უკვე დავიწყეთ და საფუძველი ჩაეყარა. საბიუჯეტო სახსრები მოძიებულია ამისთვის. ჩვენი კვლევებით, დაახლოებით კიდევ ცხრა ბაღის მშენებლობას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში. ბუნებრივია, ჩემი მერობის ვადაში ეს საკითხები აბსოლუტურად მოწესრიგდება და ჩვენს პატარა თანამოქალაქეებს, ჩვენს მომავალ თაობას, სკოლამდელ აღსაზრდელებს, ყველა მათგანს საჭიროებისამებრ ექნებათ უსაფრთხო გარემო და განათლების მიღებისათვის შესაბამისი ადგილები.

რედაქცია: 9 ბაღისთვის 9 ადგილი დაგჭირდებათ. პრობლემა გქონდათ უკვე, მაგალითად, ჩაქვში ეძებდით ადგილს. გაქვთ განსაზღვრული, სად ააშენებთ ახალი სტანდარტით ამ 9 ბაღს?

მათ შორის ჩაქვშიც, ბაღის ქუჩაზე ჩვენ მოვიძიეთ ადგილი და დავიწყეთ უკვე – სატენდერო პროცედურები დასრულებულია და ვიწყებთ სამშენებლო პროცედურებს. აქედან გამომდინარე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს და ჩვენს გუნდს აქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურების დაცვით, როგორც წესს და რიგს შეეფერება, მოვიძიოთ ეს ადგილები, ნაწილი რომელიც არის ჩვენი ან სახელმწიფო საკუთრებაში, ამ საკითხებს მოაგვარებს. ბუნებრივია, თუ დაგვჭირდება სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილება, ამასაც მივიღებთ.

  • ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან – „საქართველოსთვის“

1600 ბავშვია დარეგისტრირებული, რომლებიც ვერ ახერხებენ ბაღში წასვლას. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა პროგრამაში ეს საკითხი განხილული. ვთქვით, რომ ბათუმში, მერიაში, როდესაც ჩვენ ვიქნებით, მინიმუმ 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. გარდა ამისა, მე ვიქნები მერი, რომელიც ბაღებში ვაუჩერიზაციის სისტემას დანერგავს. ეს გამოიწვევს დამატებით კერძო ბაღების შექმნას და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება ქალაქში ჩემი მერობის დროს.

რედაქცია: კონკრეტულად სად ააშენებთ?

მუნიციპალიტეტს საკუთრებაში აქვს უამრავი ტერიტორია, რომელიც დღეს არის გამოუყენებელი და ფიზიკურად ვერ ახერხებს ამ შენობა-ნაგებობების თუ მიწის ნაკვეთების გამოყენებას. სწორედ ეს იქნება ის ქონება, რომელიც მიმართული იქნება არა რომელიმე კონკრეტული მეგობრისთვის, როგორც დღეს ხდება სამწუხაროდ, არამედ მიმართული იქნება იმ საჭიროებაზე, რომელიც დღეს ჩვენს თანაქალაქელებს გააჩნიათ.

___

გადაბეჭდვის წესი


ასევე: