განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

წიგნები და ფიქრები – ინგა შამილიშვილი

13.09.2021 • 1999
წიგნები და ფიქრები – ინგა შამილიშვილი

ინგა შამილიშვილი – ასოცირებული პროფესორი, ბსუ

ბავშვობაში, როცა ჩვენს ყოფას, ქმედებას, ცხოვრების ნირსა და  გემოვნებასაც კი „უფროსი ძმა“ გვკარნახობდა, ყველაზე კარგი გასართობი წიგნების კითხვა იყო. მშობლების წყალობით, ნაირ-ნაირი ტომეულებისგან ჩაზნექილ ჩვენი წიგნის თაროებს მუდამ ემატებოდა და ემატებოდა ახალი გამოცემები. სავარძელში მოკალათებულსა და კითხვაში გართულს, დრო საერთოდ მავიწყდებოდა. ათას რამეზე მესაუბრებოდნენ ეს მოვარაყებულ – არშიამოვლებული თუ უბრალო, სადაყდიანი გამოცემები – უფრო სწორად, მათი ავტორები.

ერთმანეთთან დაუსრულებელ დიალოგში გართულებმა ყორღანებსაც გადავუფრინეთ, „უდაბნოც მოვვლეთ, ლურჯად ნახავერდები“, წინაპრებსაც დავუგდეთ ყური და ზღაპრულ სამყაროშიც ვიმოგზაურეთ. ყოველი ასეთი ბაასის შემდეგ უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობდი მიუსაფრობას „რკინის ფარდის“ მიღმა დარჩენილ თვალუწვდენელ „სამშობლოში“, საბჭოთა კავშირი რომ ერქვა და როგორც გამუდმებით მიჭედავდნენ გონებაში – ბედნიერ ბავშვობას მჩუქნიდა. ცხადია, მაშინ ვერც კი ვაცნობიერებდი, ყოველი წაკითხული წიგნის შემდეგ რატომ აკლდებოდა ნათელი ფერი ჩემ ირგვლივ არსებულ რეალობას, რატომ „ვხდებოდი ოდნავ უკეთესი“ და რატომ ვიყავი სულ უფრო ბედნიერი იქ, იმ შეთხზულ სამყაროში…

ამას მერე მივხვდი, ზრდასრულობისას, როდესაც ბავშვობის ფერადმა წიგნებმა გზა დაუთმეს იატაკქვეშა გამოცემებს, ხელნაწერი თუ გაუმართავ საბეჭდ მანქანაზე მკრთალი შრიფტით აკრეფილი ტექსტებით მოსაუბრე დისიდენტებს, აკრძალული წიგნების ავტორებს. მათ სულ სხვა სათქმელი მოიტანეს ჩემამდე, ის ამბავი მომითხრეს, რასაც ადრე, ბავშვობაში, გუმანით კი ვხვდებოდი, მაგრამ სახელს ვერ ვარქმევდი.

დღეს, წლების შემდეგ, როდესაც ტექნოლოგიებმა სრულად დაიპყრეს ჩვენი ცხოვრება, დრო კი ისე აჩქარდა, სულ კუდში თუ არ სდიე და დაეწიე, სამუდამოდ „მოუსავლეთში“ მიბრძანებას გიქადის, წიგნზე საუბარი მიწევს.. ახლა უკვე ლექტორის როლში, თანაც, აუდიტორიასთან, რომელიც დიდი ხანია თვალხილულს დამორჩილდა, ფურცელს ეკრანი არჩია, კითხვა ძველმოდურ საქმედ მონათლა და ამ სტრიქონებსაც, ალბათ, უნდობლად წაიკითხავს.. არასდროს ყოფილა ჩემი მისია ისეთი რთული, როგორც ახლა, ამ დროებაში. წიგნზე რომ მოვყვე, ყველაზე ძვირფასი რომ გავამხილო, ვიცი, მსმენელი მეყოლება ეჭვიანი, ძნელად დასაყოლიებელი.. მაგრამ, მადლობა ღმერთს, მათ შორის ისინიც მეგულება, ვისაც კითხვა ძველმოდურ და დრომოჭმულ საქმედ არ წარმოუდგენია, ვინც გულისყურით მომისმენს და ფიქრს გაიყოლებს. მერე დაჯდება ბიბლიოთეკის მყუდრო კუთხეში ან შინ, სავარძელში მოიკალათებს და დიად წინაპრებს თუ თანამედროვეთ დაეკითხება სიბრძნეს. ამ დიალოგში ბევრ კითხვაზე მიიღებს პასუხს და თავს გამორჩეულ ადამიანადაც იგრძნობს. არა იმიტომ, რომ სხვაზე უპირატესობის გრძნობა დაეუფლება, არამედ იმ მარტივი გარემოების გამო, რომ სხვაზე მეტად დაფიქრდება წუთისოფლის ამაოებაზე, მიხვდება მთავარს, რომ ბედნიერება თავისუფლებაშია და მისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი…

და მაინც, მავანი სკეპტიკოსი იკითხავს: განა ეს ყველაფერი ელექტრონულ წიგნშიც არ შეგვიძლია ამოვიკითხოთ? ან თუნდაც, ხმოვანი წიგნებით ვისმინოთ? შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაბეჭდ წიგნს თავისი ხიბლი აქვს, სულ სხვა ანდამატი.. მათ მეგობრობაც იციან, საიდუმლოსაც შეგინახავენ, ტკივილს შეგიმსუბუქებენ, ემოციების თავშესაფრადაც გადაიქცევიან. მერე ეს ემოციები მარგინალიებად გაეწყობიან წიგნის არშიებზე. დრო რომ გავა და მიუბრუნდები, ზოგი ბედნიერ წუთებს მოგაგონებს, ზოგი – სევდიანს, სხვა – დარდს გაგიქარვებს, იმედს გაჩუქებს და რაც მთავარია, ადამიანად ყოფნის ტკივილს შეგახსენებს.

… ისინი თაროებიდან იმზირებიან – ჩვენი უღალატო მეგობრები, დარდისა და სიხარულის გამზიარებლები.. თვალს სულ გვადევნებენ და მუდამ გველიან…

რამდენიმე წლის წინ ერთ მაღალმთიან სოფელში სამკითხველოს გახსნაზე მთელ სოფელს მოეყარა თავი. მათ თვალებში სიხარული იკითხებოდა, სიხარული იმისა, რომ „პირველად წაკითხვის ბედნიერება“ მათაც ერგოთ. ჩვენ ძალგვიძს ბევრ მათგანს გავუნაწილოთ ეს სიხარული, ნუ ვიქნებით გულგრილნი, გავიზიაროთ ეს სოციალური პროექტი და სოფლის ბიბლიოთეკების ცარიელი თაროები ერთად შევავსოთ.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: