მთავარი,სიახლეები

თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის სახლთან მწნილი და ღვინო მიუტანეს – აქცია პერფორმანსი

15.07.2021
თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის სახლთან მწნილი და ღვინო მიუტანეს – აქცია პერფორმანსი

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მიშა ბოლქვაძემ აქტივისტებთან ერთად დღეს, 15 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, მწნილი და ღვინო მიუტანა მთავრობის სახლთან. აქტივისტების თქმით, გუშინ თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად რესტორანში ქეიფობდა. „ნაბახუსევზე იქნება დღეს და მოუხდება მწნილი და ღვინო“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

„მაშინ, როცა მთელი ქვეყანა დაღუპულ ოპერატორს გლოვობს, ქვეყანაში ადამიანები შიმშილობენ, როცა უნიათო ხელისუფლებამ ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა და სამუშაო დააკარგვინა ათასობით ადამიანს, მთავრობის თავმჯდომარე რესტორანში ქეიფობს „ოცნების“ წევრებთან ერთად,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებიც მიიტანეს.

ბოლქვაძის თქმით, აჭარისწყალზე რესტორანში გუშინ თორნიკე რიჟვაძემ ყოფილი პოლიციელი მერობის კანდიდატად წარუდგინა მმართველი პარტიის წევრებს.

„სწორედ ამას აღნიშნავდნენ რესტორანში. 80-მდე ადამიანი იყო დაპატიჟებული – მოქმედი დეპუტატები, მერიის თანამშრომლები, აიპის ხელმძღვანელები, სამსახურის უფროსები, კულტურის სახლის, ბაღების წარმომადგენლები, ყველა ჰყავდათ მიპატიჟებული და ჭიქით ხელში წარუდგინეს ზაზა დიასამიძე, ყოფილი პოლიციელი, მერობის კანდიდატად, რომელიც ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს. მე როგორც ვიცი, ეს შეხვედრა ბიუჯეტის ხარჯზეა გაკეთებული, ამიტომ გამოვითხოვ დოკუმენტებს“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

ბოლქვაძის თქმით, რესტორანში არც კოვიდრეგულაციები იყო დაცული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: