Batumelebi | ვფიქრობ, საქართველოს პრემიერი არ ჰყავს და ახალს ველოდები – ლადო აფხაზავა ვფიქრობ, საქართველოს პრემიერი არ ჰყავს და ახალს ველოდები – ლადო აფხაზავა – Batumelebi
RU | GE  

ვფიქრობ, საქართველოს პრემიერი არ ჰყავს და ახალს ველოდები – ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა, „ბათუმელებთან“ საქართველოში 5 ივლისსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. პედაგოგის თქმით, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე შეტევა არის დემოკრატიაზე შეტევა, ხოლო ქვეყანას უნდა ჰყავდეს პრემიერი, „რომელსაც ადამიანური ღირებულებები ექნება“.

  • ბატონო ლადო, როგორია თქვენი განცდები, განწყობა იმ ძალადობების შემდეგ, რაც ვნახეთ რუსთაველზე. რა პროცესები მიდის ჩვენს ქვეყანაში, თქვენი აზრით?

ერთ კვირაზე მეტია, რაც სახლიდან აღარ გავსულვარ, რადგან ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. ვცდილობდი მეფიქრა როგორც დაზარალებულ ადამიანებზე, ასევე მოძალადეებზეც. ის მოძალადეც ქართველია და თურმე რამდენი ყოფილან. ახალგაზრდები, ჯანიანი ადამიანები.

იმ მოძალადეებთანაც უნდა ვიმუშაოთ, რადგან თუ ამდენი მოძალადე ახალგაზრდა გვყავს, რომელიც არც მემეტება დასაჭერად, მაგრამ როცა ასეთ საქმეებს სჩადიან, როცა გამეტებით შეუძლიათ თავში ჩაარტყან, მოკლან, დაუზიანონ ჟურნალისტებს აღჭურვილობა, რა ვიცი აბა.

ვინც გადაამეტა უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა. იფიქროს და მოინანიოს. მაგრამ იქ სხვა ახალგაზრდებიც იყვნენ, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ და ამ ძალადობრივი მუხტით ივსებოდნენ. რაღაცნაირად, პრევენციის გზებზე ფიქრი უნდა დავიწყოთ, რადგან ძალიან ბევრი მოძალადე ახალგაზრდები ვნახეთ.

  • როგორ ფიქრობთ, რა არის ამ დოზით ძალადობის და აგრესიის მოტივი, საიდან გაიდგა ფესვი?

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ წაახალისა ეს აგრესია. ძალიან ბევრი დაუსაქმებელი ახალგაზრდაა, რომელიც არ მუშაობს, ვერ რეალიზდება, ვერც აღიარება დაინახეს რაიმე საქმეში, ვერ შედგა და ამიტომ იქ იპოვეს თავიანთი ადგილი, სადაც ძალადობრივი ნაპერწკლები გაჩნდა. ამის გამო ვიღაცამ შეაქო. სხვადასხვა მოძალადე ადამიანის ვიდეოებს ვუსმენდი და იქ ისეთ თემებზეა საუბრობენ, არც კი უკვირდებიან რას საუბრობენ, რას ლაპარაკობენ.

აი მაგალითად, ჩვენ ვაჟკაცები, ჩვენ ქართველები  და ასე შემდეგ. ვაჟკაცობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალს ხელი დაარტყა ან თუნდაც კაცს.

  • როგორ ფიქრობთ, ამ „ვაჟკაცობას“ სკოლაში, ცხოვრებაში არასწორად ვასწავლით ბავშვებს, თუ რატომ აიგივებს კაცების უმეტესობა ამ სიტყვას ძალადობასთან?

განათლებაშიც არის პრობლემები, სტერეოტიპული დამოკიდებულებები კიდევ არის შემორჩენილი ქვეყანაში. პატრიოტობაც ამ ადამიანებს სწორად არ უსწავლიათ, რადგან ჩვენ, ყველა ვინც ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვართ პატრიოტები და ქვეყნის დამცველები, ყველა ვშრომობთ და ყველა ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვიღაცას ჰგონია, რომ თვითონ უფრო პატრიოტია, იმიტომ, რომ მას სჭირდება რაღაცნაირად ეს აღიარება. ვერსად ვერ იპოვა ეს აღიარება და ვიღაცამ ფეისბუკზე რომ დაუწერა, „რა მაგარი ბიჭი ხარ“ და „ყოჩაღ შენ“, ამითაც წახალისდა. საზოგადოებაც ახალისებს ასეთ ადამიანებს.

  • ესე იგი ღირებულებებში გვაქვს პრობლემა?

დიახ, ღირებულებებში გვაქვს პრობლემა და განათლებაშიც იმიტომ არის პრობლემა, რომ მარტო ცოდნაზე ვართ ორიენტირებული და მოსწავლეებს ადამიანური ღირებულებები, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები უნდა შევუცვალოთ.

ემპათია არ არსებობს ადამიანებში – ამიტომაცაა, რომ მასწავლებლებმა ბევრი და კარგი პროექტები უნდა გავაკეთოთ, რომელიც ემპათიის გრძნობის ჩამოყალიბებაში დაეხმარება ახალგაზრდებს. მართალია, იმ რუსთაველზე ჩემი არცერთი მოსწავლე არ ძალადობდა, მაგრამ მე პირადად როგორც მასწავლებელი, პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

  • სოციალურ ქსელებში, ბევრი პედაგოგი ამართლებდა ძალადობას. საჯაროდ წერდნენ – „აბა გარყვნილება გინდათ?“ რატომ არის ემპათიის ნაკლებობა, გნებავთ ვაჟკაცობის არასწორი გაგება თუნდაც პედაგოგებში?

ფაქტია, რომ მასწავლებლებშიც რაღაც შესაცვლელია. ამიტომაცაა რომ ჩვენს მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებაც უჭირთ. ასეთი მასწავლებლების გამო. „ვეფხისტყაოსანი“ სადმე ძალადობისკენ მოგვიწოდებს? ან რომელიმე პოემა რაც სკოლის პროგრამაშია, ძალადობისკენ მოგვიწოდებს? – არა რა თქმა უნდა, მასწავლებელს ასეთი რამ არ უნდა შეეშალოს.

ვიღაცამ დაუწერა, „რა წმინდა და სუფთა მასწავლებელი ხარ“ და ამ დროს, სტატუსს წაიკითხავ და ისეთი საშინელებები უწერია, თუნდაც ევროპაზე. ამიტომაცაა რომ არ ვჩერდებით ჩვენთან სკოლაში, ტოლერანტობის სამეზობლო გავაკეთეთ, გუგულის ბუდეები დავკიდეთ სხვადასხვა ქვეყნის დროშებით, რადიკალიზაციის საწინააღმდეგო პროექტები გავაკეთეთ ბოლოს, მაგრამ მეზობელი სოფელი არ გაღიარებს, არ უნდა შემოგიერთდეს ამ საქმეში.

  • ამ ყველაფერს სჭირდება ალბათ შინაგანი ტრანსფორმაცია და არა მხოლოდ მოსაჩვენებელი პროექტები, რასაც ვხედავთ ხოლმე ბევრგან. რატომ ვერ ხერხდება რეალური ცვლილებები?

რუსული მანქანა ძალიან  მაგრად მუშაობს. ძალიან ჩუმად. ამასწინათ, ევროპასთან დაკავშირებულ პროექტში ვმონაწილეობდი, ეკა გიგაური, ბათუ ქუთელია და სხვა ადამიანებიც იყვნენ ჩემთან ერთად ჩართული. ოზურგეთშიც ვიყავი და იქ მღვდლები შეგვხვდნენ, სახეში კინაღამ დამარტყეს ხელი. ევროკავშირზე ნუ ლაპარაკობ, მაგენი გათახსირებულებიო და ახლა ეს მღვდლები ხომ ქადაგებენ ეკლესიებში?

ეს „მამაო“ მე რომ დამესხა თავს, სასულიერო გიმნაზიიდან გააგდეს ბავშვზე ძალადობის გამო. ამ სასულიერო პირმა რომ დაინახა, რომ 50 მოსწავლე ჩავაბი აქტივობებში, ისე დაიბოღმა, ისე დაიბოღმა, მოიყვანა კიდევ სხვა სასულიერო პირები და დამიწყო ძალადობა – „შენ ამ ტელევიზიებს ეძახი“, „შენ ევროპა გინდა და მაგენი ლიბერასტები“ და რაღაც საშინელებები. თუმცა, ამ „მამაოს“ ერთ-ერთი მედავითნე, შემდეგ აღმოვაჩინე თბილისში ჩემთან ერთად ევროპის სახლში ტრენინგზე.

ამიტომ გაუგებარი იყო ჩემთვის, როცა ეს მღვდელი ერთ რიგით მასწავლებელს თავს ესხმის და მისი მეფსალმუნე ევროკავშირის მიერ გამართულ ღონისძიებას ესწრება…

  • თქვენ ფიქრობთ, რომ სასულიერო პირებს ორმაგი სტანდარტი აქვთ?

ალბათ, არ ვიცი. 2017 წელს, როცა პირველად ავიღე ეროვნული ჯილდო და ლანჩხუთში მიმიწვიეს, მაშინაც იოლ ფარგლებში შეეცადნენ ეს გამარჯვება გაეტარებინათ. მაშინ თქვა ერთმა მღვდელმა, ასეთი რამეები კი არ უნდა იზეიმოთ, რადგან მრევლი მოაკლდა ეკლესიასო. მე ვუთხარი, მრევლი რომ ეკლესიას მოაკლდა, ეს საზოგადოების ბრალი არ არის და იქნებ თქვენც დაიდანაშაულოთ თავი-მეთქი.

მერე რესურსცენტრის ხელმძღვანელს ეტაკა – რას ჰქვია შარვალი გაცვიაო. შეურაცყოფებზე გადავიდა ასეთ პატარა სივრცეში. იმის თქმა მინდა, რომ სასულიერო პირებიც ხომ უნდა დაფიქრდნენ – მათ ადამიანების სულიერი განათლება ევალებათ და არა ის, რაზეც გადადიან ხოლმე ხშირად. ზედმეტ ხიბლში არიან.  მე პატივისცემით ვექცევი მათ და მათ უკეთესად არ უნდა იცოდნენ, რომ ზედმეტი არ არის საჭირო.

  • როცა ასეთი იდეოლოგიის სასულიერო პირები ჰყავს ქვეყანას, აქეთ კიდევ ხელისუფლება, რომელიც ახალისებს სიძულვილს, ასეთ პირობებში რამდენად შეუძლია სკოლას ამ იდეოლოგიების ტყვეობიდან გათავისუფლდეს?

ახალგაზრდები ასე ადვილად აღარ მოტყუვდებიან – დღეს მომავალი თაობა უფრო მეტ კითხვებს სვამს. თუ მოსწავლეს არ აუხსნი, რატომ უნდა ადგეს, გამოვიდეს დაფასთან და ან გააკეთოს ესა თუ ის აქტივობა, არ მოგისმენს. როცა ადამიანი შეკითხვებს სვამს და კრიტიკული აზროვნება აქვს, იმას ადვილად ვეღარ მოატყუებ.

ამიტომ გართულდა დღეს მასწავლებლობაც. მოსწავლეები კითხვებს გისვამენ. სახელმწიფომაც უნდა იფიქროს, მოძალადეები დასაჯოს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ ამ მოძალადეებზეც და მისი პრევენციის გზებზეც ვიფიქროთ.

  • როცა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „მარში არ უნდა ჩატარდეს“, რომ „უმრავლესობას არ მოსწონს“, რომ „ტრადიციების ქვეყანა ვართ“ და ასე შემდეგ, რა შეფასება შეიძლება ამას მისცეთ?

მე ველოდები ახალ პრემიერს, რომელიც უფრო დაამშვიდებს სიტუაციას, რომლისთვისაც მთავარი იქნება ადამიანების სიყვარული და თუ ქრისტიანი იქნება, ღმერთის სიყვარული. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს და ველოდები.

ჩვენ გვჭირდება პრემიერი, რომელსაც ექნება ადამიანური ღირებულებები. შეეშალოს თუნდაც საუბარში, თუნდაც ქოხში ცხოვრობდეს, ოღონდ ადამიანებზე იზრუნოს. ასეთ პრემიერს ველოდები.

  • როდესაც ადამიანები ამბობენ: „ძალადობას ვგმობ, მაგრამ…“ ამ „მაგრამს“უნდა  ჰქონდეს გაგრძელება, თუ უნდა შევთანხმდეთ, რომ ძალადობას არ აქვს გამართლება? 

ეს ყველაფერი არის ძალადობის წახალისება, ეს არის რუსული სტილი, როცა ცდილობენ ადამიანები ტრადიციების თუ მართლმადიდებლობის ანკესით დაიჭირონ. ამიტომ პრევენციის ერთ-ერთი გზა არის განათლება, გასაგებ ენაზე უფრო მეტი მუშაობა, თუნდაც არასამთავრობო სექტორის და თუნდა ხელისუფლების. მაგრამ ხელისუფლება პრევენციულ ღონისძიებებზე კი არ საუბრობს, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ძალადობა, „სხვა ქვეყნებშიც ხდებაო“, – გვეუბნება. ნორმა ყოფილა თურმე.

ფურცელზე დაწერა „არა ძალადობას“ და ფეისბუკში დადება, ეს არა პრევენცია, ეს მოძალადემაც შეიძლება გააკეთოს. ამიტომ, იმის გააზრება უნდა შეგვეძლოს, მსხვერპლი რა დღეშია, მოძალადეს რა თვისებები აქვს და რა უნდა შევცვალოთ. ამაზე ვისაუბროთ. გადაცემები შეიძლება გააკეთოს მედიამ ამ თემებზე და ბევრი სხვა აქტივობებია საჭირო, სადაც ავტორიტეტული ადამიანებიც იქნებიან ჩართული და საზოგადოების ცნობიერების გაზრდაზე იფიქრებენ.

  • მედიაზე რას ფიქრობთ, ჟურნალისტებზე თავდასხმა რისი მანიშნებელია თქვენთვის? 

ვინც ამხელს იმას სჯიან. ის, რაც ჟურნალისტებმა გააკეთეს ამ დღეებში, ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ჟურნალისტებზე შეტევა, არის დემოკრატიაზე შეტევა. თუმცა რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ვიდეოკამერებს თავში ურტყამენ, მოძალადემ ისიც არ იცის, რომ ჟურნალისტის მოვალეობა კითხვების დასმა და პროცესების გაშუქებაა. ისინი კი აქეთ ასწავლიან, „მე რომ გეტყვი კომენტარი არ მინდა გავაკეთო, შენ აღარ უნდა მოხვიდე“.  „შენ ასეთ თემებზე არ უნდა ისაუბრო“ და ასეთი სისულელეები.

ვიმედოვნებ, საზოგადოებაში მაინც არსებობს საღი აზრი და თუ ამ ეტაპზე საზოგადოების ნაწილი ჩუმად არის, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იქნება. ეს დროებითი სიჩუმეა, რომელიც ხელისუფლებისთვის არ იქნება ძალიან კარგი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com