მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ დღეს, 9 თებერვალს, ოზურგეთში გამართულ ახალი თეატრის მანიფესტზე განაცხადა, რომ ის და კიდევ 8 ადამიანი: ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, სამოქალაქო აქტივისტები, ხვალ, 10 თებერვალს ქუთაისის სასამართლოში არიან დაბარებული:
„მე ვარ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სოფელ ჩიბათიდან და ხვალ ქუთაისში მაქვს ჩანიშნული სასამართლო.
25 წელია მასწავლებელი ვარ და ამ 25 წლის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობ, ყველაზე მაგარი გაკვეთილი ჩავატარო ყოველ სხვადასხვა დღეს.
ჩემთან ერთად ხვალ სასამართლოზე მომღერალი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი და სხვა ჟურნალისტები და ასევე, სამოქალაქო აქტივისტები, 9 ადამიანი სასამართლო პროცესს შევუერთდებით და მე ცუდი მოლოდინი მაქვს – შეიძლება დაგვაპატიმრონ კიდევაც.
ძალიან სამწუხაროა, რომ 25 წელია ყოველთვის ვცდილობ, კარგი გაკვეთილი ჩავატარო; ნინო ქათამაძე ყოველთვის ცდილობს საქართველოს ისე უმღეროს, როგორც არასდროს უმღერია; მაია ცირამუა საოცარი ფსიქოლოგია და საოცარი ტრენინგები ჩაატაროს, გელა მთივლიშვილმა საოცარი სტატიები დაწეროს „მთის ამბებით“, მაგრამ ჩვენ ხვალ გვაპატიმრებენ, მე ასეთი მოლოდინი მაქვს.
ერთადერთი რასაც ვეტყვი იმ ადამიანებს, ვინც ჩუმად არიან, ძალიან სამწუხაროა რომ ისინი ჩუმად არიან და ნუ გეშინიათ ხალხო, იმიტომ, რომ საქართველოში თუ ცვლილებებს აპირებ, პირველად აუცილებლად დაგცინებენ და მეც დამცინეს, ბევრ ჩვენგანს დასცინეს, მაგრამ დაცინვით რომ ვერაფერი გაახერხეს უკვე გვებრძვიან.
ეს ბრძოლა არის სწორედ როდესაც უკვე სასამართლოში გიბარებენ, მაგრამ ყველაზე კარგი ეტაპი ამ ბრძოლის არის, როდესაც მესამე ეტაპია, როცა შენთან ერთად დგებიან და ერთად იბრძვით.
ასე რომ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ნუ დაიგვიანებთ და ყოველთვის ისმის შეკითხვა, როდის იქნება შედეგი? მალე იქნება მეგობრებო, ძალიან მალე, ჩვენი ერთობით!“ – განაცხადა ლადო აფხაზავამ.
მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა აქციის 9 მონაწილეს:
- გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
- ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
- ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
- ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი;
- ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი;
- მაია ცირამუა – ფსიქოლოგი;
- ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი;
- გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
- ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
შსს მათ ედავება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით, 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.
სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ამავე თემაზე:
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა