„წინასწარი განწყობა მქონდა, რომ დაგვაპატიმრებდნენ და 15 დღით მაინც ჩაგვსვამდნენ, რადგან [ეს მუხლი, რაც გვქონდა წაყენებული] არ ითვალისწინებდა ჯარიმას, მაგრამ გაგვასამართლეს ახალი მიღებული წესით.
5-5 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს.
უბრალოდ ის მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ქართველები, ვინც ახლა ვაპროტესტებთ, ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ამას ვერ იგებს დღევანდელი სასამართლო, რადგან თავად სასამართლო არ არის სამართლიანი და თავისუფალი.
ბოლოს ისე წავიდა სასამართლოში საქმე, გვეგონა მარტო შენიშვნას მოგვცემდნენ, მაგრამ ის რაც აქვთ წინასწარ გადაცემული, რომ აუცილებლად უნდა დაჯარიმდნენ ადამიანები, ეს გამოიყენეს.
„ამიტომ ძალიან რთულია დღეს გააპროტესტო რაიმე“ – ამბობს ლადო აფხაზავა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, რომელიც დღეს, 10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა, მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვისთვის და ბანერის გაშლისთვის: „თავისუფლება მზიას“.
დაჯარიმებამდე, ლადო აფხაზავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას აქამდე არასდროს დაუცვია თავი, თუმცა დღეს იძულებულია ეს გააკეთოს.
„ზოგიერთს შეიძლება აქვს იმის წარმოდგენა, რომ მე ძალიან დიდი შემოსავალი მაქვს, მაგრამ მე საათებზე ვმუშაობ, ამიტომ იძულებული ვარ სამ სკოლაში ვიმუშავო.
დიდი შემოსავალი რომ მქონდეს, ერთ სკოლაში ვიმუშავებდი და არა სამში. მიწევს ერთი სკოლიდან გადარბენა მეორეში და რამდენიმე კილომეტრის გავლა. ველოსიპედი მქონდა და ისიც მომპარეს და ფეხით დავდივარ.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი შემოსავლები, რომ ამ სანქციას [5000 ლარი] გავუმკლავდეთ. მე მაშინ დამჭირდება ჩემი კოლეგების დახმარება და ძალიან გთხოვთ, არ მსურს ჩემს კოლეგებს ვთხოვო დახმარება და ამ საქმეში, დაახლოებით, 100 მასწავლებელი ჩავრთო“, – თქვა ლადო აფხაზავამ სასამართლო სხდომაზე.
თუმცა მოსამართლე ციცინო მოსიძემ პედაგოგი ლადო აფხაზავა, მაინც დააჯარიმა.
დღეს, 10 თებერვალს, სასამართლო პროცესზე, სულ ცხრა ადამიანი დაჯარიმდა ლადო აფხაზავას ჩათვლით. მათ შორის ცნობილი მომღერალი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი და სხვები.