მთავარი,სიახლეები

როგორ გახდა საპატრიარქო ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი – ფაქტები

07.07.2021 • 2418
როგორ გახდა საპატრიარქო ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი – ფაქტები

2021 წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო მოძრაობა „თბილისი პრაიდი“, რომელიც ჰომო და ტრანსფობიას უპირისპირდება, 1-5 ივლისს თბილისში „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზებას გეგმავდა. კვირეულის ფარგლებში იგეგმებოდა რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვა. „ჩვენ გვინდა სახელმწიფოს ჩვენი ხმა გავაგონოთ“, – აცხადებდნენ „თბილისი პრაიდის“ წევრები.

„თბილისი პრაიდის“ განცხადებიდან მალევე, 15 ივნისს, ახალდაფუძნებული პარტიის – „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერმა, მილიონერმა ლევან ვასაძემ განაცხადა, სახელმწიფოს 10 დღეს ვაძლევ იმისთვის, რომ დაანონსებული პრაიდი გააუქმოსო.

ვასაძის „ათდღიანი ვადა“ 25 ივნისს სრულდებოდა.

24 ივნისს „ერთობა, რაობა, იმედის“ თანაგუნდელებმა განაცხადეს, რომ პარტიის ლიდერი, ლევან ვასაძე თურქეთში იმყოფებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რადგან ვასაძე სუსტად გრძნობდა თავს და ამის მიზეზს საქართველოში ექიმები ვერ მიხვდნენ. 30 ივნისს ლევან ვასაძემ მიმართვა გაავრცელა, რომ 1-5 ივლისს, „პრაიდის კვირეულის“ დროს, ვერ იქნებოდა საქართველოში.

დაგეგმილ „პრაიდზე“ 29 ივნისს პირველი განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ და მიმართა ევროპარლამენტის ლგბტქ+  საკითხებზე მომუშავე ჯგუფს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, არ დაეჭირათ მხარი „თბილისი პრაიდისთვის“. ამავე განცხადებაში საპატრიარქომ მიმართა საქართველოს ხელისუფლებასაც და მოუწოდა, „ადეკვატურად“ შეეფასებინა ვითარება და აერიდებინათ „გარდაუვალი შფოთი“.

თუმცა ამ განცხადებამ ვერ იმუშავა ისე, როგორც ეს საპატრიარქოს სურდა.

მეტიც:

  • 1-ელ ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრაიდის მონაწილეებს აქვთ თავიანთი აზრის გამოხატვის უფლება
  • გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა არაერთი დასავლური სახელმწიფოს საელჩოებმა საქართველოში, „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს,  დაეცვა შეკრების თავისუფლება
  • პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება
  • 1-ელ ივლისს ჩატარდა „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი პირველი ღონისძიება, კინოჩვენება, სადაც მივიდნენ ჰომოფობიური აქციის მონაწილეები და ღონისძიების ჩაშლა ამაოდ სცადეს. ღონისძიება შედგა და პოლიციამ ძალადობრივი აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

3 ივლისს საპატრიარქომ მორიგი განცხადება გაავრცელა.

ამჯერად საპატრიარქო ღიად გამოვიდა „ღირსების მარშის“ კონტრაქციის ორგანიზატორის როლში.

„5 ივლისს, 17 სთ.ზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ.გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა საპატრიარქომ.

4 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ 5 ივლისს რუსთაველზე ბავშვებიც გამოვიდოდნენ.

5 ივლისს, დილიდანვე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამოჩნდნენ ძალადობრივი ჯგუფები, ძირითადად აგრესიულად განწყობილი კაცები, რომლებიც უშვერად იგინებოდნენ. მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.

ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები, რომლებსაც არაფერი აკავშირებდათ „თბილისი პრაიდის“ აქციასთან და პირდაპირ დაიწყეს აქციის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების დევნა, ცემა, ქუჩაში თრევა და გინება.

დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოძალადეებს ღიად მოუწოდა ძალადობისკენ.

„ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის“, — მიმართა მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს.

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპატრიარქოს მიერ მობილიზებული მოძალადე ჯგუფები ჟურნალისტებს სცემდნენ, პოლიციელების არასაკმარისი რაოდენობა იყო და პოლიცია არა მოძალადეების დაკავებას, არამედ ჟურნალისტების გარიდებას ცდილობდა.

მოძალადეებმა

  • სცემეს ათობით ჟურნალისტს
  • შეიჭრნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისში დასარბევად
  • შეცდომით შეიჭრნენ მოქალაქის ბინაში
  • ქუჩაში თავს დაესხნენ მოზარდებს
  • ასაფეთქებელი შეაგდეს შენობაში, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა
  • დაარბიეს „სირცხვილიას“ ოფისი
  • „პრაიდის“ ჩანთის გამო თავს დაესხნენ მოქალაქეს
  • პარლამენტთან ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა

ასევე, აქციის მიმდინარეობისას ქუჩაში ცივი იარაღით დაჭრეს პოლონელი ტურისტი. სხვადასხვა მედიაგამოცემის ცნობით, დაჭრის შესაძლო მიზეზი ის გახდა, რომ ტურისტს საყურე ეკეთა, თუმცა შსს აცხადებს, რომ ამ ფაქტს არ აქვს კავშირი საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ აქციასთან.

ძალადობრივი აქციის მონაწილეები ურტყამენ ჟურნალისტს. ფოტო: ინტერპრესნიუსი

ძალადობის, დარბევის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფების შემდეგ, 5 ივლისს, შუადღისას, საქართველოს საპატრიარქომ ისევ გაავრცელა განცხადება, რომლითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავადაა ამ აქციის ორგანიზატორი.

„ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული“, – წერია განცხადებაში. ამ დროსთვის უკვე ნაცემია ათობით ჟურნალისტი  საპატრიარქოს ორგანიზებული აქციის მონაწილეების მიერ. მათგან ზოგს ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაც კი დასჭირდა.

5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარში“ არ შედგა. „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ ვერ დააყენებენ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ.

5 ივლისს, საღამოს, საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ საპატრიარქო „დიდად წუხს, რომ დაშავდნენ ადამიანები, ყველაზე მეტად კი –  ჟურნალისტები“.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს იმედი აქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაგებით მოეკიდება მათ პოზიციას.

ამ განცხადებას თან ახლავს ფოტომასალაც, სადაც რუსთაველზე შეკრებილი ძალადობრივი აქციის მონაწილეები და მღვდელმთავრები ჩანან.

ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობით, 5 ივლისს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ აქციაზე 55 ადამიანზე იძალადეს, მათ შორის, 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

მიუხედავად სამართალდარღვევის ფაქტებისა და მრავალი ფოტო/ვიდეომასალის არსებობისა, საიდანაც მოძალადეების ამოცნობა იოლი იყო, 5 ივლისს შსს-მ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირი დააკავა.

დღის ბოლოს, ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ცემისა და ოფისების დარბევის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოს ორგანიზებული ძალადობრივი აქციის წევრებმა იცეკვეს.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო

______________________________

წაიკითხეთ ამავე თემაზე: 

„საპატრიარქო ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაციაა“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: