ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მტირალასა და კინტრიშის პარკებს შორის ბილიკებს აწყობენ – ტურისტული ინფრასტრუქტურა

07.07.2021 • 3052
მტირალასა და კინტრიშის პარკებს შორის ბილიკებს აწყობენ – ტურისტული ინფრასტრუქტურა

დაცული ტერიტორიების სააგენტო კინტრიშის დაცული ტერიტორიებისა და მტირალას ეროვნული პარკის შიდა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი მინიმუმ 150 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა ტიპის (საფეხმავლო, ველო და საცხენოსნო) ბილიკებისა და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და შემდგომ მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისთვის 7 მილიონ 30 ათასი ლარია გამოყოფილი. დაცული ტერიტორიების სააგენტომ ამ თანხით ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 21 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.

ტექნიკური დავალების მიხედვით:

  • პროექტირების პირველ ეტაპზე საპროექტო ორგანიზაციამ, ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარებიდან გამომდინარე, უნდა შეარჩიოს, როგორი გადასასვლელები მოაწყოს მდინარეებსა და ხევებზე (ფონური გადასასვლელი ან/და ხის გადასასვლელი ან/და ხიდი) და შეუთანხმოს დამკვეთს;
  • საპროექტო ორგანიზაციამ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში უნდა განსაზღვროს საფეხმავლო ბილიკების კატეგორია (მარტივი, საშუალო სირთულის, რთული) ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;
  • საბაზისო ინფრასტრუქტურის ჩამონათვალში მითითებული გადასასვლელების სახეობებიდან მარტივი საფეხმავლო ბილიკის შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ ხიდების და ბოგირების გამოყენება;
  • ტურისტული ინფრასტრუქტურა გულისხმობს შემდეგ კომპონენტებს: ფანჩატური; საცეცხლურები; ხის ძელსკამები; ტურისტული თავშესაფარი (კოტეჯი) ფართობით არაუმეტეს 60 კვ.მ; ცხენის დასაბმელი; უნაგირის ფარდული; ცხენის დასარწყულებელი; ველოპარკინგების მოწყობა; საქემფინგე სივრცე.
  • საპროექტო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს დღეის მდგომარეობით მარშრუტზე და მარშრუტის მიმდებარედ უკვე არსებული ტურისტული თავშესაფრების, სარეინჯეროებისა და სხვა საბაზისო თუ რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის (დეფექტური აქტები და ხარჯთაღრიცხვები) მომზადება-წარდგენა.

ტენდერის პირობის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს არაუგვიანეს 2021 წლის 15 დეკემბრისა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2023 წლის 1-ლი დეკემბრისა.

დოკუმენტაციის მომზადება და სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება: 2021 წელს – 397 000 ლარით; 2022 წელს – 3 291 000 ლარით; 2023 წელს – 3 342 000 ლარით.

დაცული ტერიტორიები აჭარაში [5-კინტრიშის, 6-მტირალას]

კინტრიშისა და მტირალას პარკებში მოსაწყობი ბილიკები [მონიშნულია წითელი ხაზით]

მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 27 კილომეტრშია. პარკის ტერიტორია მოიცავს ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. აქ უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს.

კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში და მისი საერთო ფართობი 13 514 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე.

 

მთავარი ფოტოზე: ზიპლაინი, ტურისტები მტირალას ეროვნულ პარკში. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: