მთავარი,სიახლეები

ძიძების ხელფასია 800-1200, მომვლელების 700 ევრო – ემიგრანტი საბერძნეთიდან

02.07.2021 • 3921
ძიძების ხელფასია 800-1200, მომვლელების 700 ევრო – ემიგრანტი საბერძნეთიდან

ლია გრძელიძე იმ იშვიათი ემიგრანტების სიაშია, ვინც საბერძნეთში ჩასვლიდან დღემდე, უკვე 15 წელია ერთსა და იმავე ოჯახში მუშაობს დამხმარედ. სახლს უვლის, პროდუქტს ყიდულობს და სადილ-ვახშმებს ამზადებს. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან კოვიდპანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მის მდგომარეობაზე ისე მწვავედ არ უმოქმედია, როგორც ეს სამსახურდაკარგული სხვა  ქართველების შემთხვევაში მოხდა.

პანდემიის დასაწყისში, ისევე როგორც მსოფლიოს უამრავმა სხვა ქვეყანამ, საზღვრები საბერძნეთმაც დაკეტა და ქვეყანა ცხოვრების სულ სხვა რეჟიმზე გადავიდა. დაიკეტა ყველაფერი, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი ონლაინრეჟიმში გადავიდა.

ქართველი ემიგრანტი, ლია გრძელიძე ოჯახთან ერთად, სადაც ის დამხმარედ უკვე 15 წელია მუშაობს

საბერძნეთში 15 წლის წინ ემიგრირებული ლია გრძელიძე ქვეყნის ახლანდელ მდგომარეობაზე გვიამბობს. როგორც ის ყვება, საბერძნეთში პანდემიის პირველი ტალღა 2020 წლის დასაწყისში განსაკუთრებით მძიმე იყო ქართველი ემიგრანტების და ბერძნებისთვისაც.

„ქვეყნის ძალიან ბევრმა მოქალაქემ დაკარგა სამსახური მოულოდნელად. ეს პერიოდი ემიგრანტებისთვისაც უმძიმესი იყო. ბევრმა ოჯახმა საბერძნეთში მათთან დასაქმებული ემიგრანტები დაითხოვა, ხანდაზმულებს რომ გაფრთხილებოდნენ და მათთვის დაინფიცირება რომ აერიდებინათ თავიდან.

არ მოძრაობდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ვინც არ დაითხოვეს, ისინი იძულებულები გახდნენ თავად ეთქვათ უარი სამსახურზე, სადაც ვეღარ მიდიოდნენ.

ქართველებს აქ პატარა სასტუმროების მსგავსი ღამის გასათევები აქვთ გახსნილი, საბერძნეთში „გრაფიოებს“ ეძახიან. სამსახურდაკარგული ქართველი ემიგრანტები იქ მიდიოდნენ და რჩებოდნენ, იხდიდნენ დღე-ღამის გადასახადს, ბევრი შეიკედლეს კიდეც დასაქმებულებმა, ბევრიც საქართველოში დაბრუნდა.

ჩაკეტილობამ ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა, ხალხი პანიკაში იყო, არ ვიცოდით რა გვეშველებოდა, არ ჩანდა ვირუსის საწინააღმდეგო არანაირი საშუალება მთელი წელი“, – ჰყვება ემიგრანტი.

მისივე თქმით, საბერძნეთი ძალიან მობილიზებული იყო და მომზადებული შეხვდა პანდემიის მეორე ტალღას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ვაქცინაციას, მოსახლეობის 65% უკვე აცრილია.

ლია ჰყვება, რომ სანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებდა, ბევრი ქართველი ემიგრანტი ურეკავდა და აფრთხილებდნენ, რომ ,,ვაქცინა საშიში იყო“.

„ამას ჩემზე არ უმოქმედია. შაქრიანი დიაბეტი მაქვს და როგორც კი გაიხსნა ჩემი ასაკობრივი კატეგორიისთვის აცრის პლატფორმა, ავიცერი. მეორე დოზას 5 ივლისისთვის ვიკეთებ და მერე თავისუფლად შემეძლება გადაადგილება. პირველი დოზის შემდეგ არანაირი გართულება არ მქონია, თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდი. მეორე დოზის შემდეგ კიდევ უფრო დაცული ვიქნები“, – ამბობს ლია.

გვიყვება, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად საბერძნეთის ეკონომიკასაც განიცდის პანდემიის გავლენას, ბევრი დაწესებულება ქვეყანაში ისევ დისტანციურად მუშაობს, დისტანციურად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესიც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, გაძვირდა საკვები და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები.

თავად ლიას სამსახური არ დაუკარგავს და არც ხელფასი შეუმცირებიათ მისთვის. გვეუბნება, რომ არც სმენია, რომ რომელიმე ემიგრანტს ხელფასი შეუმცირდა. დამსაქმებლები, უბრალოდ, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ დასაქმებულებს პანდემიის პირველი ტალღისას.

ქართველი ემიგრანტი იხსენებს, როგორ დათვალეს და აღწერეს საბერძნეთში პირველი ტალღის დროს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების რაოდენობა:

„პირველი ტალღის დროს უმუშევრებისთვის საბერძნეთის ხელისუფლება 800 ევროს გასცემდა დახმარების სახით, მეორე ტალღისას ეს სუბსიდია თვეში 500 ევრო იყო, შეღავათს უწევდნენ ქირით მცხოვრებ მოქალაქეებსაც, ქირის საფასურის 40 %-ს მათ სახელმწიფო უფინანსებდა. მიიჩნევა, რომ საბერძნეთი არ არის ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ როცა საქართველოს მდგომარეობას ვადარებ აქაურობას, აშკარად ჩანს: საქართველოს ხელისუფლება ნაკლებად ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე“, – ამბობს ლია გრძელიძე. მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეული უმუშევრობა საბერძნეთში ჯერ დაძლეული არ არის, მაგრამ ნელ-ნელა ადამიანები სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან.

„ბოლო დროს ბევრი შეტყობინება მომდის ტელეფონზე, რომ ეძებენ ძიძებს, შინ დამხმარე ქალებს და ხანდაზმულთა მომვლელებს. ძიძებს 800-დან 1200 ევრომდე სთავაზობენ ხელფასს, ხანდაზმულთა მომვლელების გასამრჯელო 700 ევროა – იმის მიხედვით, თუ რამდენდღიანი დასვენება გექნება თვეში“, – გვიყვება ის.

ლია ამ ზაფხულს შვებულების გატარებას საქართველოში აპირებს. როგორც ამბობს, ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების შემდეგ ექნება დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც თავისუფლად გადაადგილების, საზღვრების გადაკვეთის შესაძლებლობა ექნება. ბილეთი უკვე დაჯავშნილი აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: