ქუთაისში, თეთრ ხიდსა და რუსთაველის ხიდს შორის, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, მე-17 საუკუნით დათარიღებული იმერეთის მეფეთა სასახლე დგას, რომელსაც „ოქროს ჩარდახის“ სახელით იცნობენ.
გასულ წელს ქუთაისის მერიამ იმერეთის მეფეთა სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი ისე დაიწყო, მოქალაქეებმა პოსტფაქტუმ გაიგეს, თუ რის გაკეთებას აპირებდა მერია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე.
„ოქროს ჩარდახზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა, ხოლო მერიას ორი ტენდერის ჩატარება დასჭირდა, რადგან პირველ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კონსტრუქციულ პროექტში არსებული „გაურკვეველი საკითხები“ აღმოაჩინა და ქუთაისის მერიას მიმართა დამაზუსტებელი კითხვებით.
კითხვებზე პასუხის ნაცვლად ქუთაისის მერიამ კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა.
„ერთ თანამდებობის პირს წამოსცდა სიტყვა რემონტი, როდესაც „ოქროს ჩარდახზე“ საუბრობდა.
ასეა, რემონტი მიმდინარეობს. აქ უნდა მიმდინარეობდეს რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი, კონსტრუქტორების, არქიტექტორების თანხლებით. მათი დაკვირვების ქვეშ, მაგრამ მიმდინარეობს რემონტი.
რა თქმა უნდა, ყველა კერძო პირს აქვს უფლება თავის კერძო საკუთრებაში რემონტი გააკეთოს, მაგრამ არა მსგავს ისტორიულ ძეგლზე“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საინიციატივო ჯგუფ „ოქროს ჩარდახის“ წევრი ფოკი ფაჩულია.
ფოკი ფაჩულიამ და მისმა თანამოაზრეებმა საინიციატივო ჯგუფი იმერეთის მეფეთა სასახლის გადასარჩენად მას შემდეგ დააარსეს, რაც გაიგეს, თუ რის გაკეთებას აპირებდა მეჩვიდმეტე საუკუნის ძეგლზე ადგილობრივი ხელისუფლება.
1504 ადამიანი აწერს ხელს პეტიციას, რომლითაც მოქალაქეები – ისტორიკოსები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, მასწავლებლები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ითხოვენ, დროებით შეჩერდეს “ოქროს ჩარდახის” სარეაბილიტაციო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მანამ, სანამ არ დაზუსტდება ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისთვის საჭირო ყველა დეტალი და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკა.
პეტიციის ავტორებმა, „ოქროს ჩარდახის“ გადარჩენის საინიციატივო ჯგუფმა, ასევე დასვა ქუთაისის მერიისა და საკრებულოს პასუხისმგებლობის საკითხი.
„ძეგლის განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის გამო, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ოქროს ჩარდახი მდებარეობს ქალაქის უძველეს ისტორიულ ნაწილში, მივიჩნევთ, რომ სარეაბილიტაციო პროცესს წინ უნდა უძღოდეს კომპლექსური კვლევები, ხოლო შერჩეული პროექტის განხილვა უნდა ხდებოდეს სპეციალისტთა და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობით,“- ნათქვამია პეტიციაში, რომელიც 2023 წლის მაისში გამოქვეყნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის რეაბილიტაციის პროცესს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა, ქუთაისის მერიას მოქალაქეების აზრი არაფერში გაუთვალისწინებია.
„ბათუმელებმა“ ინტერვიუ საინიციატივო ჯგუფის წევრთან, ფოკი ფაჩულიასთან 2023 წლის დეკემბერში ჩაწერა. ფოკი ფაჩულია ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაერთი მიმართვის მიუხედავად, პეტიციაში წამოჭრილი საკითხები არ გაითვალისწინა და აგრძელებს „ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის რემონტს და არა რესტავრაცია-რეაბილიტაციას“.
არსებული დოკუმენტაციით არ ჩანს, სარეაბილიტაციო პროცესს წინ უძღოდა თუ არა კომპლექსური კვლევები. შერჩეული პროექტის განხილვა არ მომხდარა სპეციალისტთა ან/და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობით.
- რა ისტორიული ღირებულება აქვს ოქროს ჩარდახს
ქუთაისში, „ოქროს ჩარდახის“ სახელით ცნობილი ნაგებობა მე-17 საუკუნით თარიღდება. ის ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც იმერეთის მეფეთა რეზიდენციიდან შემორჩა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, „ოქროს ჩარდახით“ შეიძლება დაიწყო ან დაასრულო ქუთაისის ისტორიის მოყოლა. ძეგლს უდიდესი ისტორიული, კულტურული და ემოციური მნიშვნელობა აქვს ქუთაისისთვის, ქალაქის ისტორიისთვის და თანამედროვეობისთვის.
„ოქროს ჩარდახის“ რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი შპს „მნ – პროექტმა“ შეადგინა, ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა კი ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილმა ჩაატარა.
ლალი ანდრონიკაშვილის შეფასებით, „სამეფო სასახლე არსებული მდგომარეობით არ შეესაბამება ეროვნული კატეგორიის შუასაუკუნეობრივი ძეგლის აუთენტურ სახეს, რადგანაც მნიშვნელოვნად არის სახეცვლილი არაპროპორციული აივნით და პრიმიტიული გადახურვით. ასევე, არ შეესაბამება ქართული საერო მონუმენტური არქიტექტურის ტრადიციას მეორე სართულის გალესილი ფასადი. ყოველივე ეს ერთობლიობაში მნიშვნელოვნად აუარესებს განსაკუთრებულად ღირებული ისტორიული ნაგებობის იერსახეს და სასწრაფო რეაგირებას ითხოვს“.
რეკომენდაციებში ხელოვნებათმცოდნემ დაწერა, რომ უნდა მოეხსნათ შელესვა მეორე სართულისთვის და მოეხსნათ ამორტიზებული ხის აივანი, რომელიც ჩანაცვლდებოდა „ძეგლის მახასიათებლებთან მეტად მისადაგებული ფორმის, ზომის და ფერის ხის აივნით“. ასევე, ლალი ანდრონიკაშვილის რეკომენდაციით, უნდა შეიცვალოს ძეგლის სახურავი.
„ოქროს ჩარდახის“ სასახლის აუთენტური გამომსახველობისათვის სასურველია გადახურვასა და აივანს შორის გაჩნდეს პარაპეტის მოტივი, რადგანაც ეს ფორმა დამახასიათებელია ძველი სასახლეებისათვის და ისტორიულ შენობას დამასრულებელ აქცენტს შეუქმნის.
შესაძლებლად მიმაჩნია პირველი სართულის ნალისებრი ღიობების შემინვა მუზეუმის ფუნქციური გამართულობისათვის. ხის აივნის დამჭერი სვეტები სასურველია იყოს ლითონის ან ქვის, მინიმალისტური, ერთგვაროვანი ფაქტურით, რომ ხელი არ შეუშალოს რიყის ქვით ნაგები ფასადის აღქმას“, – ვკითხულობთ ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაციებში.
„ოქროს ჩარდახის“ გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ თუ პროექტის ავტორებს ისტორიული ძეგლის ავთენტური იერსახის აღდგენა უნდოდათ, მაშინ არსებული საარქივო მასალებით უნდა ესარგებლათ. ამ მასალების მიხედვით შენობას აივნები საერთოდ არ აქვს. ასევე, არც პირველი სართულის თაღოვანი ნაწილი არაა შემინული.
საინიციატივო ჯგუფის წევრის, ფოკი ფაჩულიას თქმით, არსებობს ზეპირი დაპირება, რომელიც ერთ-ერთ შეხვედრაზე მიიღეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, რომ „ოქროს ჩარდახის“ პირველი სართული არ შეიმინება, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი მას არ აქვს.
კომპანია, რომელიც ამჟამად ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე სამუშაოებს აწარმოებს, „მნ-პროექტის“ მიერ შემუშავებული პროექტით ხელმძღვანელობს. ამ პროექტში კი არის ხელოვნებათმცოდნის დასკვნა, რომელი დასკვნის თანახმადაც პირველი სართულის თაღები უნდა შეიმინოს.
„ბათუმელებმა“ სცადა ინფორმაციის მიღება ქუთაისის მერიიდან. ამ ეტაპზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. თუ ქუთაისის მერია მოგვაწვდის ინფორმაციას, ისევ აპირებენ თუ არა ეროვნული მნიშვნელობის, მე-17 საუკუნით დათარიღებული ძეგლის პირველი სართულის შემინვას, ეს მასალაში აისახება.
„ჩარდახი, რომელიც აქამდე გვქონდა და ჩარდახი, რომლის გარემონტებასაც ახლა აპირებენ – არანაირი კავშირი ამ ორ შენობას შორის აღარ არსებობს. პირველი არის აქამდე მოტანილი ისტორიული მემკვიდრეობა და მეორე არის სრულიად უსახური, გარემონტებული, სხვაგვარ სივრცეზე გადაწყობილი რაღაც ახალი შენობა. იგი ვეღარ ატარებს იმ ისტორიულ ფუნქციას, რაც აქამდე ჰქონდა.
მსგავსი უნიკალური ძეგლი ქუთაისში არ გვაქვს. თუ ეს ძეგლი ვერ გადარჩება, რა შანსი აქვს ამ ქალაქს იმის, რომ ისევე არ დაკარგოს იერსახე, როგორც ეს ბათუმმა და თბილისმა უკვე დაკარგა?“ – სვამს კითხვას ფოკი ფაჩულია.
კულტურისა და რელიგიის მკვლევარი სოფო ზვიადაძე „ოქროს ჩარდახის“ გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრია. ის ამბობს, რომ „ოქროს ჩარდახის“ ისტორია არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც ყველას აჩვენა, როგორი დამოკიდებულება აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობისადმი.
„ერთგვარი ირონიაც არის და სევდიანი ისტორიაც. ქალაქი აცხადებს პრეტენზიას იყოს ერთგვარი კულტურული ჰაბი. 2023 წელს შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს. პარალელურად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თვალსა და ხელს შუა გვეცლება, მისი ავთენტურობა იკარგება,“ – ამბობს სოფო ზვიადაძე.
ის ერთ-ერთია იმ 1500 მოქალაქეს შორის, რომელმაც ოქროს ჩარდახზე სამუშაოების შეჩერების თხოვნით პეტიციას ხელი მოაწერა და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.
სოფოს თქმით, მოლაპარაკების პროცესში, რომელსაც საინიციატივო ჯგუფის წევრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ძეგლზე სამუშაოების შეჩერების და პროექტის გადახედვის მოთხოვნით მართავდნენ, გამოჩნდა, რომ „მათ [ადგილობრივ ხელისუფლებას] არ აქვთ ცოდნა, არ აქვთ არც ემოციური, არც ღირებულებითი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობისადმი“.
„არც დამკვეთმა, ქალაქის მერიამ, არც კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ არ აჩვენა სენსიტიური დამოკიდებულება ძეგლისადმი. ქუთაისიც და ქუთაისში არსებული ძეგლიც მეორეხარისხოვნად იყო დანახული.
ეჭვი შემიძლია გამოვთქვა, რომ როგორც ერთ-ერთი რიგითი შენობა, ისე იქნა დანახული ეს ძეგლი. არავის მოუნდომებია, რომ საუკეთესო პროექტი მომზადებულიყო და საუკეთესო სპეციალისტები ჩართულიყვნენ.
ან თუნდაც ახლა, როდესაც ძეგლის რესტავრაცია მიდის, ამ ძეგლზე არ მუშაობს რესტავრატორი, არ მუშაობს ხელოვნებათმცოდნე, არ მიდის კვლევა.
დასაწყისში მომზადდა მცირე დასკვნა ხელოვნებათმცოდნის, შემუშავდა პროექტი… მაშინ როცა დღეს, აქ უნდა იყვნენ სპეციალისტები, აი, იმ ფენებს და იმ ისტორიულ დროს, რომელზეც მე ვისაუბრე, ისინი უნდა სწავლობდნენ და ამაზე რიგით მოქალაქეებს არ უნდა გვიწევდეს მსჯელობა.
ამ დროს უნდა ისმოდეს პროექტის ავტორების ხმა და ისინი უნდა გვთავაზობდნენ დასკვნებს. მაგრამ მიტოვებულია ეს ძეგლი და მხოლოდ მიდის მშენებლობა.
გულგრილი დამოკიდებულება – აი, ეს ჩანს როგორც ამ ძეგლის მიმართ, ასევე ქუთაისში არსებული ყველა კულტურული ძეგლის მიმართ,“ – ამბობს სოფო ზვიადაძე.
- როგორ დაიწყო და გრძელდება „ოქროს ჩარდახის“ „რემონტი“ – ქრონოლოგია
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ოქროს ჩარდახი) რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიამ პირველი ტენდერი 1 055 770 ლარზე 2022 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა.
ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“ მონაწილეობდა. გამარჯვებულიც ეს კომპანია გახდა. ქუთაისის მერიამ „ივერთმშენთან“ ხელშეკრულება 955 555 ლარზე 2023 წლის 22 თებერვალს გააფორმა.
ხელშეკრულებას ხელს ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი და „ივერთმშენის“ გენერალური დირექტორი ედიშერ ჯანჯულია აწერენ.
კომპანიას „ოქროს ჩარდახის“ რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი 2024 წლის 28 თებერვალს უნდა დაესრულებინა.
პირველი გაფრთხილების წერილი „ივერთმშენმა“ ქუთაისის მერიისგან 2023 წლის 12 აპრილს მიიღო.
„ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში 25 თებერვლიდან უნდა დაგეწყოთ მუშაობა კონსტრუქციულ ნაწილში, რომელიც დღეის მდგომარეობითაც არ დაწყებულა, შესაბამისად მ/წ 25 თებერვლიდან იმყოფებით ჯარიმაზე,“ – ვკითხულობთ წერილში.
„ივერთმშენმა“ ქუთაისის მერიას იმავე დღეს უპასუხა. წერილის მიხედვით, ქუთაისის მერიის მიერ სატენდეროდ წარდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში იყო ხარვეზები, რომელი ხარვეზების გამოც, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუშაობას ვერ იწყებდა. წერილში 10 პუნქტად არის ჩამოწერილი ყველა ის საკითხი, რის გამოც კომპანიას სამუშაოები დაწყებული არ ჰქონდა.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ კონსტრუქციულ პროექტში არ იყო განსაზღვრული ახალი კოლონები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რა მასალით უნდა გაკეთებულიყო, კითხვის ნიშნები იყო გადახურვის გეგმაში, არ იყო განსაზღვრული პარაპეტი რა მასალით უნდა გაკეთებულიყო.
„კონსტრუქციული პროექტის განხილვის პროცესში წამოჭრილი, გაურკვეველი საკითხებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ძეგლის კონსტრუქციების რეაბილიტაცია, რაც ჩვენს ბრალეულობას არ წარმოადგენს,“ – ვკითხულობთ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენის“ ქუთაისის მერიისათვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ედიშერ ჯანჯულია აწერს.
ქუთაისის მერიამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად, კომპანიას პასუხი 12 აპრილსავე დაუბრუნა და „სანქციებისათვის თავის არიდების მცდელობაში“ დაადანაშაულა.
ოფიციალურ წერილში პრობლემურ საკითხებზე პასუხის ნაცვლად, მერიამ კომპანიას მიუთითა, რომ თუ პროექტთან დაკავშირებით რამე კითხვა ჰქონდათ, როდესაც ქუთაისის მერიას ობიექტზე საპროექტო ჯგუფი ჰყავდა მიწვეული, მაშინ შეეძლო კომპანიას ეს კითხვები პროექტის ავტორისთვის დაესვა.
არცერთ არსებით საკითხს, რომელსაც კომპანია მერიასთან აყენებდა, მერიამ პასუხი არ გასცა.
2023 წლის 9 ივნისს ქუთაისის მერიამ „ივერთმშენს“ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის/შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეუწყვიტა და 145 244 ლარის გადახდა დააკისრა.
- „მანე ლუქსი“ და ქუთაისის მერია
შეწყვეტილი ხელშეკრულების შემდეგ, ქუთაისის მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ოქროს ჩარდახი) რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული თანხა 700 ათასი ლარით გაზარდა და მეორე ტენდერი 2023 წლის 31 აგვისტოს 1 752 910 ლარზე გამოაცხადა.
ტენდერში ამჯერადაც მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „მანე ლუქსი“ მონაწილეობდა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც.
ხელშეკრულება, რომელსაც ხელს ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი და შპს „მანე ლუქსის“ დირექტორი დიმიტრი ჩხაიძე აწერენ 2023 წლის 13 ოქტომბერს გაფორმდა.
კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ოქროს ჩარდახი) რესტავრაცია-რეაბილიტაცია ხელშეკრულების დადებიდან 210 დღეში, 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით უნდა მოახერხოს.
ოფიციალური კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ ქუთაისის მერმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა და იმერეთის მეფეთა სასახლის, „ოქროს ჩარდახის“, მიმდინარე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შუალედური ანგარიშის პროექტთან შესაბამისობის დადგენა სთხოვა.
„მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ იმერეთის მეფეთა სასახლის „ოქროთა ჩარდახის“ სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად და სანებართვო პირობების დაცვით,“ – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ლელა ბარამაშვილი აწერს.
წერილი 2023 წლის 19 დეკემბრით თარიღდება.
არსებული ხელშეკრულებით „ოქროს ჩარდახის“ სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს.
ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების პარალელურად მოქალაქეთა პროტესტი არ წყდება.
საინიციატივო ჯგუფის წევრები სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით ცდილობენ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ და ის მაინც გადაარჩინონ ისტორიულ ძეგლზე, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება.