მთავარი,სიახლეები

ბრაზილიაში „რიოს ქრისტეზე“ მაღალ ქანდაკებას დგამენ

13.04.2021
ბრაზილიაში „რიოს ქრისტეზე“ მაღალ ქანდაკებას დგამენ

ბრაზილიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ენკანტადოში დგამენ ქრისტეს ქანდაკებას, რომელიც სკულპტორის ჩანაფიქრის მიხედვით იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე რიო დე ჟანეიროს ქრისტეს ცნობილი ქანდაკებაა.

ახალი ქანდაკება მსოფლიოში სიმაღლით ქრისტეს მესამე ყველაზე დიდი სკულპტურა იქნება, 43 მეტრი სიმაღლის. ქანდაკების სიგანე 36 მეტრია. მასში ლიფტს დაამონტაჟებენ, რომელიც ვიზიტორებს 40 მეტრის სიმაღლეზე აიყვანს, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, საიდანაც ვრცელი ხედები იშლება ქალაქზე.

მონუმენტის მონტაჟი 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის ბოლომდე დასრულდება. „მფარველი ქრისტეს“ ქანდაკების იდეა ქალაქ ენკანტადოს მერს ეკუთვნის, რომელიც ცოტა ხნის წინ, მარტში გარდაიცვალა კორონავირუსით.

სამუშაოების შესასრულებლად 350 ათასი დოლარია გამოყოფილი. თანხა კომპანიების, ასოციაციებისა და კერძო პირების შეწირულობებით გროვდება.

,,მფარველი ქრისტეს“ ქანდაკებაზე მაღალი მხოლოდ ინდონეზიის შტატ სულავესის ქანდაკება ,,ქრისტეს დალოცვა“ და პოლონეთის ქალაქ სვებოძინის „მეფე-ქრისტეა“. ინდონეზიის ქრისტეს ქანდაკების სიმაღლე 52,55 მეტრია, პოლონეთის კი – 52,5 მეტრი.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქანდაკება რიო დე ჟანეიროს ქრისტეს ყველაზე ცნობილ ქანდაკებაზე მაღალია. რიოს ქრისტეს სიმაღლე 38 მეტრია. მსოფლიოში არსებობს ქრისტეს ქანდაკებაზე ბევრად მაღალი ქალწული მარიამისა და ბუდას ქანდაკებები.


მთავარ ფოტოზე: ქრისტეს ქანდაკების მშენებლობა ბრაზილიის ქალაქ ენკანტადოში/ ფოტო: nova.rs, Silvio Avila/AFP/Profimedia

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: