ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ტურიზმის დასახმარებლად 610 600 ლარი დაიხარჯა, სამინისტრომ კი არ იცის რა შედეგი დადგა – აუდიტი

15.03.2021 • 1486
ტურიზმის დასახმარებლად 610 600 ლარი დაიხარჯა, სამინისტრომ კი არ იცის რა შედეგი დადგა – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ იცის, რამდენად დაეხმარა „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული თანადაფინანსება პროგრამის ბენეფიციარებს და რამდენად აგრძელებენ ისინი ტურისტულ სექტორში საქმიანობას – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2014-2020 წლებში, სამინისტროსა და ბანკებს შორის დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, „ლიბერთი ბანკიმა“ და „საქართველოს ბანკმა“ ჯამში 2 811 300 ლარის მოცულობის სესხი გასცეს 40 ბენეფიციარზე. გაცემული სესხის მომსახურების თანადაფინანსებაზე აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გადახდილია 610.6 ათასი ლარი [მათ შორის, 2016-2019 წლებში − 460.6 ათასი ლარი].

აუდიტის მიხედვით, გაცემული სესხები წარმოადგენს 2007-2013 წლებში სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან/კომერციული ბანკიდან ან/და კერძო გამსესხებლებისგან აღებული სესხების რეფინანსირებას.

აუდიტი აცხადებს, რომ „პროგრამის დაგეგმვასა და ადმინისტრირებაში არსებული არაეფექტიანი მექანიზმების არსებობის გამო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოხმარდა უფრო გადახდისუუნარობის რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების სესხის წნეხის შემცირებას, ვიდრე აჭარის რეგიონში მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტული მომსახურების გაუმჯობესებას“.

„აქვე აღსანიშნავია, რომ პროგრამით/შესაბამისი ხელშეკრულებებით არ განისაზღვრა სათანადო კონტროლის მექანიზმები, რაც ბენეფიციართა ტურიზმის სექტორში საქმიანობის ვალდებულებას უზრუნველყოფდა. შესაბამისად, სამინისტროს არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია, რამდენად დაეხმარა აღნიშნული თანადაფინანსების პროგრამა ბენეფიციარებს და რამდენად აგრძელებენ ისინი ტურისტულ სექტორში საქმიანობას,“ – აცხადებს აუდიტი.

რაც შეეხება რეფინანსირებული სესხების მიზნობრიობას – „სესხების 62.5% აღებული იყო საოჯახო ტიპის სასტუმროების და მცირენომრიანი სასტუმროების გარემონტების, რეკონსტრუქციისა ან/და კეთილმოწყობის მიზნით, 10% – ბინების გარემონტების და კეთილმოწყობისთვის, 16.5% − კაფე-ბარების და სხვა ტურისტული მიმართულებების გამო. არის შემთხვევები, როდესაც ტურისტული მიმართულებით საქმიანობა წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ჩანს. სულ ასეთი შემთხვევების წილი დაფინანსებული ბენეფიციარების 10%-ია“.

„წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ბენეფიციარების 78%-ს სესხი წარმოშობილი აქვს 2004-2008 წლებში. აღნიშნული სესხების გადაუხდელობის მიზეზად ბენეფიციარები ასახელებენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად განვითარებულ კრიზისს. ცალკეულ შემთხვევაში სესხების გადაუხდელობის მიზეზია ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახის წევრის უმუშევრად დარჩენა/გარდაცვალება, ასევე სესხის თანხების არასწორი მენეჯმენტი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ „აუდიტის ჯგუფს სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა პროგრამის ბენეფიციარებთან. 40 ბენეფიციარიდან 15 მათგანის ტელეფონი გამორთული იყო ან არ პასუხობდა, ან/და ნომერი არ არსებობს. ინტერვიუების მიხედვით, ბენეფიციარების ნაწილი საქმიანობს ტურისტული მიმართულებით, რომელთა უმრავლესობამ პანდემიის გამო დაკარგა მნიშვნელოვანი შემოსავლები და მიმდინარე ეტაპზე სესხის გადახდის პრობლემა აქვთ. აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ბენეფიციარი, ვისთანაც დაკავშირება ვერ მოხერხდა, იმყოფება მოვალეთა რეესტრში“.

 

აუდიტის ამავე ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2017 წლიდან ხორციელდება დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და მათი მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა, რომელიც განკუთვნილია აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ტურისტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის.

„ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ მიუხედავად საბიუჯეტო რესურსების ხარჯვისა, ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს − ის ადგილები, რომლებიც დასრულებულია და ვიზიტორებს უნდა იღებდეს, მოუვლელი და მიტოვებულია.

პროგრამის დაგეგმვის და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დროს გამოვლენილი გარემოებები ადასტურებს, რომ სამინისტროს, როგორც პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე მიღებული პროდუქტის სათანადო მოვლა-პატრონობის მიმართულებით აქვს პრობლემები, რაც საბოლოოდ იწვევს პროგრამის განხორციელების შეფერხებას და მოსალოდნელი სარგებლის ვერ მიღებას,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

 

აუდიტის ანგარიშში საუბარია ასევე გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგურის მოწყობის სამუშაოებზე – ეს სამუშაოები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2018 წელს ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შეისყიდა.

საბოლოოდ კი, როგორც აუდიტი წერს, აღმოჩნდა, რომ ობიექტს არ მიეწოდებოდა წყალი და გაუმართავი იყო საკანალიზაციო სისტემა, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის არ არსებობდა საჩრდილობელი და არ იყო მოწყობილი მისასვლელი კიბე.

ამ სამუშაოებში კი ბიუჯეტიდან 2020 წელს დამატებით თანხა დაიხარჯა. მაშინ როდესაც, როგორც ანგარიშშია აღნიშნული – „თავიდანვე შესაძლებელი იყო იმის გათვალისწინება, რომ დაკვირვებისთვის აუცილებელი იქნებოდა საჩრდილობლის მოწყობა, ასევე მისასვლელად საჭირო იყო კიბე და ა.შ.“

 

აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში სამსახურმა 2021 წლის 12 მარტს გამოაქვეყნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: