მთავარი,სიახლეები

სად წაიღეს ბათუმში ჩამოტანილი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა?

22.06.2021 • 3489
სად წაიღეს ბათუმში ჩამოტანილი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა?

„ვინც გაიკეთა „ასტრაზენეკათი“ პირველი აცრა, ვადაში ჩაჯდება. პანიკის საფუძველი არ არსებობს,“ – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი. მას ვკითხეთ „ასტრაზენეკას“ დეფიციტზე – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში ჩამოტანილი ვაქცინის ნაწილი უკან, თბილისში წაიღეს. ამის შესახებ დღეს, მას შემდეგ შეიტყეს ბათუმის კლინიკებმა, როცა დაგეგმილ აცრაზე მივიდნენ მოქალაქეები, მაგრამ საჭირო რაოდენობის დოზა არ აღმოაჩნდათ.

„ასტრაზენეკას“ დეფიციტზე დღეს, 22 ივნისს ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, „მოწოდებაში სერიოზული პრობლემაა“, ხოლო უახლოეს პერიოდში ამ ადამიანებს მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რადგან ივლისის თვიდან დაგეგმილია 3 მილიონზე მეტი ვაქცინის მოწოდება ქვეყნისთვის.

„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრის პრობლემა კლინიკებში დღეს შეიქმნა.

რატომ წაიღეს ბათუმში ჩამოტანილი ვაქცინა თბილისის რესპუბლიკურში? – კითხვის პასუხად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა გვითხრა, რომ მეორე ვაქცინის გვიან გაკეთება უკეთესია.

„ამაზე სულ იყო ლაპარაკი, რომ მე-10, მე-11, მე-12 კვირის პერიოდში უმჯობესია მეორე დოზის გაკეთება. მე უამრავი ადამიანი მირეკავდა, რომ სურდა ამ მიზეზით ჯავშნის გადატანა… ეს არის ცენტრალიზებული მართვა და ხდება გეგმაზომიერად. არცერთი ადამიანი ვაქცინის გარეშე არ დარჩება,“ – გვითხრა რუსუდან შავიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა გამქრალ ვაქცინებზე პასუხის გაცემას არჩია პასუხისმგებლობის იმ მოქალაქეებზე დაკისრება, რომლებსაც ჯავშანი ჰქონდათ და ვაქცინა არ გაიკეთეს.

„ფაიზერს და ასტრაზენეკას აქვს მრავალრაოდენობრივი ფლაკონი, რომელშიც შეიძლება იყოს დანაკარგი, მაგალითად, არს 10 ადამიანის დოზა და 10 ჩაწერილი ადამიანიდან საქმე საქმეზე რომ მივიდოდა, მოვიდოდა 6, ან 5 ადამიანი, ვზარალობდით ამ ვაქცინას. აი, ამან გამოიწვია ეს. იქნებ ამაზეც ვისაუბროთ? … თუ არ უნდა გაკეთება, არ უნდა დაჯავშნო მაშინ,“ – აღნიშნა რუსუდან შავიშვილმა.

სატელეფონო საუბრის ბოლოს რუსუდან შავიშვილს ისევ ვთხოვეთ ფაქტის დადასტურება, ან უარყოფა – წაიღეს თუ არა ბათუმში ჩამოტანილი ვაქცინა უკან?

„თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი არის ის, რომ ყველა მიიღებს ვაქცინას, დაჯავშნილ ადამიანს გადაუტანეს ეს ჯავშანი,“ – მოუცლელობის მიზეზით დაგვემშვიდობა რუსუდან შავიშვილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის, ნინო გუგუშვილის თქმით, გუშინ ბათუმში არსებული ვაქცინები კიდევ ერთხელ დაითვალეს. „გუშინ ნამდვილად დავთავლეთ სად რა იყო. … ჩემთან ერთად ვითვლიდით ყველაფერს… მანქანა არ გასულა, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით. მე არ ვარ მაგაზე პასუხისმგებელი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: