მთავარი,სიახლეები

„სკოლის სევდა“ ანუ დანიელ პენაკის გზა კლასის მაჩანჩალობიდან მწერლობამდე

03.02.2021 • 4878
„სკოლის სევდა“ ანუ დანიელ პენაკის გზა კლასის მაჩანჩალობიდან მწერლობამდე

 

კლასის მაჩანჩალა, ტყისმჭრელი, ტაქსის მძღოლი, ილუსტრატორი, სკოლის მასწავლებელი და მწერალი – მოკლედ და მშრალად ასეთია 77 წლის ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის ცხოვრების გზა. იგი ბოლო 30 წელია პარიზიდან შორს, ვერკორში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.

მთაგორიანი ვერკორი ხეობებით და ქედებით შემოსაზღვრული მხარეა, სადაც მშვიდად წერისთვის დანიელ პენაკი ფიცრულ ქოხს მიაშურებს ხოლმე. მისი წიგნები ძირითადად ბავშვებზე, მოზარდებსა და ბავშვური სულის უფროსებზეა. ახმოვანებს ტექსტებს და წერს როგორც სატელევიზიო, ასევე კინოსცენარებს. ქართველი მკითხველისთვის უკვე ცნობილია პენაკის წიგნების თარგმანები: „რომანივით საკითხავი“, „პროზის გამყიდველი გოგონა“, „ძაღლი, ძაღლი“, „კამო, ანუ საუკუნის იდეა“, „ფერია კარაბინით“, და „კაციჭამიათა საბედნიეროდ“.

2010 წელს დაწერილი რომანი ,,სკოლის სევდა“/Chagrin d’école, რომელიც ქართულად მერაბ ფიფიამ თარგმნა, ახლახან მეორედ გამოიცა მკითხველთა დიდი ინტერესის გამო. წიგნი ავტობიოგრაფიულია. პენაკი მოსწავლის და მასწავლებლის თვალით დანახულ სკოლის ცხოვრებაზე წერს, საკუთარი მოსწავლეობის ხანაზე 60-იანი წლების საფრანგეთში.

წიგნი კლასის ჩამორჩენილი მოსწავლის გულისმომკვლელ განცდებზეა, სიზარმაცის ფსიქოლოგიაზე, მოზარდების ტანჯვაზე, როცა გარშემომყოფები მისგან კარგს არაფერს ელიან და „მაჩანჩალას“, „უცოდინარის“, „ჩლუნგის“ იარლიყს აწებებენ.

,,სკოლის სევდა” საზოგადოებისგან მიკრული იარლიყების მოშორებაზეცაა, რისთვისაც უზარმაზარი ენერგიაა საჭირო და კიდევ ბედნიერი დამთხვევები – სასწაულებრივად და საჭირო დროს გვერდით აღმოჩენილი ადამიანები, ისინი, ვისაც შესწევთ ძალა, უიმედობის რელსებიდან სულ სხვა მხარეს გადაგვისროლონ.

,,სკოლის სევდა”. ფრანგული გამოცემის გარეკანი.

„სკოლის სევდა“ ერთი ამოსუნთქვით იკითხება. წიგნი 60-იანი წლების საფრანგეთში სასწავლო პროცესის, მასწავლებელთა მიდგომების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, იმდროინდელი ევროპული საზოგადოების სტერეოტიპებზეც მიგვანიშნებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექსტია ,,სკოლის სევდა“ მასწავლებლების,  მოზრდილებისა და მშობლებისთვის – ყველასთვის, ვისაც რაიმე კავშირი მაინც აქვს სკოლასთან, ბავშვებთან ან ოდესმე თავად ყოფილა სკოლის ჩამორჩენილი მოსწავლე.

  • „მე ვარ სრული ნული“

„მე ვარ სრული ნული“ –  სწორედ ამ განცდით ცხოვრობენ კლასის „მაჩანჩალა“ მოსწავლეები, რომელთა მარტოობაც და სევდაც განუზომელია ყოვლისმცოდნეთა სამყაროში.

პენაკი კლასში რამდენჯერმე ჩარჩა სხვადასხვა დროს და სკოლის გამოსაშვებ გამოცდასაც რამდენიმე წელი აბარებდა, ატესტატი რომ მიეღო. იგი სიზარმაცეს ისე საინტერესოდ გვაჩვენებს, ვერცკი წარმოვიდგენთ, ასეთი თვალით შევხედოთ ჩამორჩენილ მოსწავლეებს და მათ განცდებს.

დანიელ პენაკის „გაუვალი სიშტერე“ მისი მშობლების და ოჯახის მთავარი სადარდებელი იყო. ავტორი საინტერესოდ ხსნის, რატომ გრძნობდა თავს არარაობად და უფუნქციოდ, რატომ ზარმაცობდა. ამის მიზეზი შეიძლება ფანტაზიებიც კი იყოს და სტრესი: ერთხელ თურმე ქალაქის დიდი ნაგავსაყრელის ორმოში ჩავარდა. ორმოში წუმპე იდგა და ნაგავი ეყარა. დიდხანს, დიდხანს იჯდა შიგ პატარა პენაკი, მანამ, სანამ შემთხვევით არ იპოვეს და ამოიყვანეს. მერე სეფსისი დაემართა. 2 თვე უკეთებდნენ ნემსებს და როცა სკოლაში დავბრუნდი, დიდხანს მეგონა, რომ მეც იმ ორმოში მოსროლილი ნაგავი ვიყავი, საიდანაც ამომათრიესო – წერს.

ამის შემდეგ ყოველი ახალი გაკვეთილი იმ უზარმაზარ, საზარელ, საჩხვლეტ ნემსებად ეჩვენებოდა, მედდები რომ უკეთებდნენ ყოველდღე.

მთელი წელი დასჭირდა პენაკს, ერთი ასო  – ,,Aa“ რომ ესწავლა, ვერ იმახსოვრებდა ვერაფერს, რაც მთავრული ასოთი იწყებოდა. საერთოდ, არაფერი ესმოდა მათემატიკის. ყველა გაკვეთილი, რასაც ძმა საღამოობით ასწავლიდა, დილით პირწმინდად მიფრინავდა მისი გონებიდან.

დანიელ პენაკი მოსწავლეობისას.

წერს, რომ დიდი, მთავრული ასოებით დაწყებული სიტყვების დაუძლეველობას თავისი მიზეზი ჰქონდა:

„ქალაქები, მდინარეები, ომები, გმირები, ხელშეკრულებები, პოეტები, გალაქტიკები, თეორემები რიგრიგობით იშლებოდნენ მეხსიერებიდან ერთადერთი ნიშნით – ნებისყოფის მტრით, დიდი ასოთი იწყებოდნენ. „სდექ! – ყვიროდა დიდი ასო – აქეთ არ შეიძლება! ეს საკუთარი სახელია და კრეტინებისთვის შემოსვლა აკრძალულია!”

მართალია, წიგნი მოსწავლის სევდიან განცდებზეა, მაგრამ თხრობა მსუბუქი ირონიითაა გაჯერებული და კითხვისას არსად არაფერი გბეზრდება. პენაკის თვითირონია ტექსტს უზომოდ სახალისოს ხდის.

  • საბედისწერო ადამიანები უიმედობის ბურუსისგან თავდასაღწევად

სად არის ზღვარი, რა ჯადოსნური ამბავი უნდა მოხდეს, რომ მოზარდი, ნულამდე დასული თვითშეფასებით სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდეს? პენაკის შემთხვევაში ცვლილებებს ადამიანები განაპირობებენ: მამა, მათემატიკის მასწავლებელი ბატონი ბალი და მეგობრის მამა – ჟან როლენი. სამივე მათგანს ის აერთიანებს, რომ არცერთისთვის არაა ტრაგედია დანიელის წარუმატებლობები.

„მამაჩემი არ იყო გულღრძო ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთგვარ გარიგებას მოვაწერეთ ხელი – ურთიერთობის ფორმად იუმორი ავირჩიეთ,“ – წერს პენაკი მამაზე, რომელიც ეხუმრებოდა, არაუშავს მთელი წელი თუ  გჭირდება ერთი ასოს შესასწავლად, სულ რაღაც 26 ასოა ფრანგულში და 26 წელიწადში მაინც გეცოდინება ანბანიო.

მათემატიკის მასწავლებლის, ბარონი ბალის შემთხვევა კი სხვაგვარია. მას უბრალოდ ძალიან უყვარს მათემატიკა, მთელი არსებითაა ჩაყურყუმელავებული მეცნიერებაში და ეს ამბავი მას უზომოდ კეთილშობილ ადამიანად აქცევს.

ბავშვები გრძნობდნენ, რამდენად წრფელი იყო ბატონი ბალის სურვილი ესწავლებინა მათთვის ის, რითაც თავად იყო გატაცებული. ეს სასწაულებრივად მოქმედებდა და კლასში აზრადაც არ მოსდიოდა ვინმეს ეხმაურა ან ბატონი ბალისთვის არ  მოესმინაო, ამბობს „სკოლის სევდის“ ავტორი.

მეგობრის მამა, ჟან როლენი, პენაკს ყოველი ვერჩაბარებული გამოსაშვები გამოცდის შემდეგ საუკეთესო რესტორანში პატიჟებდა და ძვირფასი ღვინით უმასპინძლდებოდა, არწმუნებდა, რომ ყველა ადამიანს განვითარების საკუთარი ტემპი აქვს და შემდეგ ან შემდეგის შემდეგ წელს მაინც, აუცილებლად დაამთავრებ სკოლასო. „სკოლის სევდა“ პენაკმა სწორედ ჟან როლენს მიუძღვნა.

იყო კიდევ ერთი მოტივი, რამაც დანიელი საკუთარ თავში დარწმუნებულ, სხვა ტემპით მცხოვრებ ადამიანად აქცია:

„მე ქალს ვუყვარდი! შეყვარებული პირველად მომმართავდა სახელით! ახლა უკვე მართლა ვცხოვრობდი, ვარსებობდი ქალის თვალებში, გულსა და ფიქრებშიც კი. მისი მზერა ყველაფერს ამბობდა! მან მე ამირჩია! მე! მან!“

  • ბავშვი – საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელოვანი რგოლი კაპიტალიზმის ეპოქაში

მოგვიანებით, როცა პენაკმა დაამთავრა სკოლაც და ფილოლოგიის ფაკულტეტიც უნივერსიტეტში, გადაწყვიტა, რომ სკოლის მასწავლებელი გამხდარიყო, დაბრუნებულიყო სკოლაში ისე, „როგორც დამნაშავეები უბრუნდებიან დანაშაულის ადგილს“, რომ ემუშავა „სანაგვეზე მოსროლილ ბავშვებთან“ და არასდროს დავიწყებოდა როგორი იყო ბავშვობაში.

წიგნში პენაკი საკუთარ მოსწავლეებზეც წერს, მათ შორის, იმაზეც, რომ მოზარდებისთვის თავშესაფარი ხშირად მოდაა, რაც ბიზნესისთვის ხელსაყრელია. ავტორი მიიჩნევს, რომ ჩვენს ეპოქაში ბაზარი ცდილობს ბავშვი სრულუფლებიან და დამოუკიდებელ კლიენტად აქციოს. ის ისეთივე მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს ასრულებს, როგორსაც მისი მშობლები. კლიენტი-ბავშვის სურვილები განუწყვეტლივ იზრდება, ამ თვალსაზრისით კი ის მნიშვნელოვანი პერსონაა.

ბავშვის სურვილების ასრულება მშობლებისა და ახლობლების სიყვარულის ხარისხის მაჩვენებელია, მომხმარებელთა საზოგადოებაც ასე ვითარდება ავტორის დაკვირვებით: გიყვარდეს შვილი ნიშნავს გიყვარდეს მისი სურვილები, რაც ძირითადად ნივთებით შემოიფარგლება. საბაზრო ფასი კი ხანდახან ნამდვილ ფასეულობებს ანაცვლებს.

დანიელ პენაკი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: