მაღალმთიან აჭარაში თოვლის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ჰკითხა, რამდენი აბონენტია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე ამ დროისთვის.
კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის ქედის მუნიციპალიტეტში შეფერხებებია ორ მონაკვეთზე – სოფელ ოქტომბერსა და ნამონასტრევში.
შუახევის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება დაბასა და სოფლების ნაწილს, სადაც კომპანიის თქმით, „აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს“.
ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 4 სოფელს. კომპანია ამბობს, რომ აღდგენითი სამუშაოები ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს.
„გვაქვს ავარიული შემთხვევები, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და ვცდილობთ, უმოკლეს ვადაში აღვადგინოთ ამ მიმართულებებზე ელექტროენერგიის მიწოდება“- მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.
ხულოში ელექტროენერგიის გაუმართაობაზე საუბრობდნენ ადგილობრივები „ბათუმელებთან“ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ. მოქალაქეების თქმით, ელექტრობოძებს ზაფხულში არ აახლებენ, ზამთარში კი დაზიანებული ბოძები ადვილად იქცევა და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი ამ დროისთვის 30 სმ-ს აღწევს. თოვა მაღალმთიანეთში ისევ გრძელდება.
_______
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.






