მთავარი,სიახლეები

ბათუმის სამშობიარო სახლის განმარტება 31 წლის ქალის გარდაცვალებაზე

04.12.2020
ბათუმის სამშობიარო სახლის განმარტება 31 წლის ქალის გარდაცვალებაზე

„მისი ოჯახის წევრებს, დას, მეუღლეს ჰქონდათ კომუნიკაცია სამშობიაროს დირექტორთან, ერთხელაც არ გაუჟღერებიათ, რომ ყურადღებას არ აქცევენ, იჩაგრება ჩემი და, ან მსგავსი რამ… იმ პალატაში მარტო ხომ არ იყო, სხვასთან მიდიოდა ექიმი და მასთან არა?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის სამშობიარო სახლის“ იურისტი სიმონ ასათიანი 31 წლის რუსუდან კოკობინაძის სმს მიმოწერის შესახებ, რომელიც დღეს გავრცელდა.

კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს საკეისრო კვეთა გაუკეთეს, გუშინ, 3 დეკემბერს გარდაიცვალა.

დღეს, 4 დეკემბერს, რუსუდან კოკობინაძის ოჯახის წევრებმა სმს მიმოწერა გაასაჯაროვეს, სადაც 31 წლის ქალი წერს, რომ ექიმები 24 საათში ერთხელ შედიან, ყურადღებას არ აქცევენ და როცა დახმარებას ითხოვს, ექიმი უყვირის. „გაგუდული დაგვხდები“ – წერდა ახლობლებს ქალი, რომელიც დაიღუპა.

„ეს ქალბატონი იყო კოვიდდადასტურებული, მას სჭირდებოდა ჟანგბადი… ამ სირთულის მიუხედავად მეანობის კუთხით მდგომარეობა განვითარდა ისე, როგორც იყო საჭირო, მას გართულება არ ჰქონია. ბავშვი წაიყვანეს ოჯახის ახლობლებმა და ის კარგად გრძნობს თავს… პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა კოვიდინფექციის კუთხით და საჭირო გახდა მისი რეანიმაციაში მოთავსება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს,“ – გვითხრა სიმონ ასათიანმა.

რუსუდან კოკობინაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ 27 ნოემბერს „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორ დამძიმდა 31 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა? – სამშობიარო სახლის იურისტმა გვითხრა, რომ ზუსტი მიზეზი მისთვის უცნობია და მოგვიანებით ექიმს გაგვასაუბრებს.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს სამშობიარო სახლის დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ არ უპასუხა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: