მთავარი,სიახლეები

დროშა არ ჩამოვხსენით – თუ არსებობს ნება, ხელისუფლება ყველა პუნქტს შეასრულებს

01.07.2022 • 2120
დროშა არ ჩამოვხსენით – თუ არსებობს ნება, ხელისუფლება ყველა პუნქტს შეასრულებს

„სწრაფად იქნას მიღებული ზომები, რათა გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, მათ შორის იმ გზით, რომ უფრო ეფექტურად იქნან პასუხისგებაში მიცემული ძალადობის წამქეზებლები და განმახორციელებლები“ – ეს ერთ-ერთი მითითებაა იმ დავალებების ჩამონათვალიდან, რომლის შესრულებაც წლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

გამოხატავს თუ არა ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულების მზაობას თუნდაც ახლა, როცა სწორედ ამ დავალებების შესრულებაზეა ქვეყნის ბედი დამოკიდებული? ამ თემაზე „ბათუმელები“ კაფე „მზიურის“ მენეჯერს, სამოქალაქო აქტივისტს ანა გოგუაძეს ესაუბრა, რომელსაც რამდენიმე დღე პოლიციელებისა და ჰომოფობიური ჯგუფების გარემოცვაში მოუწია ყოფნა მხოლოდ იმის გამო, რომ ლგბტქ+ თემის სოლიდარობის ნიშნად, კაფეზე ცისარტყელასფერი დროშა გადმოფინა. ანა ეტლით მოსარგებლეა, მან კაფე „მზიური“ თავისუფალ სივრცედ აქცია, სადაც სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობები, შეხვედრები და კინოჩვენებებიც იმართება.

  • ანა, რა განცდა დაგრჩათ კაფესთან განვითარებული პროცესებიდან, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ დაიცვას ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფის, ლგბტქ თემის უფლებები, ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ მაინც?

ვფიქრობ, ის რაც ორი დღე „მზიურში“ ხდებოდა, იშვიათი პრეცედენტი იყო, როცა უშუალოდ ძალადობა არ მომხდარა. არ დაუმტვრევიათ ვთქვათ კაფეს ინვენტარი ან არ მომხდარა ფიზიკური ძალადობა ადამიანებზე.

პოლიციამ შეძლო ამ პროცესის მართვა და კონფლიქტიც იყო არიდებული. ფაქტობრივად, ორი ღამე დაცვის თანამშრომლებმა ეკიპაჟებით გაათენეს კაფეს ეზოში იმისთვის, რომ არ ყოფილიყო შენობა დაზიანებული ან ვინმე არ შეჭრილიყო დროშის მოსახსნელად.

ზოგადად, ძალიან უხერხული სიტუაციაა, რადგან ასობით პოლიციელი ორი დღის განმავლობაში მოცდა იმისთვის, რომ ედარაჯა პატარა კაფეში დროშისთვის.

ვფიქრობ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს პუნქტები დაკმაყოფილდეს. ოღონდ იმ ჭრილში, რაც ამ ორი დღის მანძილზე ვნახე.

მე გუშინ ვიგრძენი, რომ ნება იყო ასე ვთქვათ ძალოვანი სტრუქტურებიდან, დავალება იყო მიცემული, რომ დაეცვათ კანონი.

ჩვენ ამ დროს ვმუშაობდით კაფეში და იყო ძალიან სტრესული მდგომარეობა, მაგრამ თუ პოლიტიკური ნება იქნება, ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ ეს პუნქტები შევასრულოთ და ეს ნება გუშინ დავინახე.

  • წინა წლებში არ გქონიათ იგივე განცდა?

ხუთი წლის წინ, როცა ჩვენ კაფეში ფილმი გავუშვით, გვაიძულებდნენ რომ ფილმი გამოგვერთო. მაშინ დაცვის პოლიციამ გვითხრა, რომ „დარეკეს 112-ში და კაფეს ტერიტორიაზე ბომბიაო“. აქედან გამომდინარე გვაიძულეს შენობის დატოვება, რადგან სხვა შემთხვევაში იქნებოდა დაუმორჩილებლობის ამბავი.

აქაც იყო ეს მომენტი – გვთხოვდნენ შიგნით გადაკიდეთ დროშა და ფანჯარასთან ნუ არის გამოსაჩენ ადგილზეო, მაგრამ ჩვენ ვუხარით, რომ – „არა“.

ჩვენ ვთქვით, რომ ორი დღე იქნებოდა დროშა გამოფენილი და არა პრაიდის კვირეულის განმავლობაში, ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ და როცა პოლიციელებიც მიხვდნენ, რომ აღარ ჰქონდა მათ თხოვნებს აზრი გაჩერდნენ. იძულებული იყვნენ, რომ ათობით პოლიციელს გაეთენებინა ღამე კაფეს ეზოში.

განსხვავება არის ის, რომ იმავეს ვეღარ იზამდნენ, რაც მაშინ გააკეთეს.

  • როცა გთხოვდნენ, რომ „შიგნით დაკიდეთ დროშა და ნუ გამოფენ გარეთ“, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიცია რეალურად კი არ იცავდა კანონს, არამედ კანონის დაცვის იმიტაციას ქმნიდა?

რა თქმა უნდა. ისინი ცდილობდნენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ „აი ხომ ხედავთ, ვერ მუშაობთ, თქვენ გეშლებათ ხელი“. ჩვენ ვუთხარით, რომ გვირჩევნია დავიკეტოთ, ვიდრე ჩამოვხსნათ.

ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ ვინმეს ვუმასპინძლოთ, ეს არის სტუმრების თავისუფალი ნება, უნდათ მოსვლა, მოვლენ, არ უნდათ, არ მოვლენ. ჩვენ მზად ვართ, რომ საერთოდ არ ვიმუშაოთ ეს ორი დღე-მეთქი, – ვუთხარი პოლიციელებს.

რა თქმა უნდა, რომ გადაგვეკიდა დროშა შიგნით, ამით უფრო მარტივად გამოძვრებოდნენ, ასე ვთქვათ, არ მოუწევდათ ღამის გათენება, არ მოუწევდათ აქციის მონაწილეების კონტროლი, მარტივად და მალე მორჩებოდნენ, მაგრამ როცა ვუთხარით უარი, შემდეგ უფრო გართულდა სიტუაცია.

  • ყოველთვის იყო განცდა და ბევრი გარემოებაც მიუთითებდა იმაზე, რომ ჰომოფობიური ჯგუფების წახალისებულია მმართველი პარტიის მიერ. თუკი ხელისუფლებას სურს, რომ შეასრულოს მოწყვლად თემთან დაკავშირებული ეს პუნქტი, რატომ არ ცდილობს გაემიჯნოს მათ?

მანამდე იმდენჯერ მთხოვეს, რომ ჩამოგვეხსნა დროშა და არ მოვხსენი, უცნაურია, რომ აქედან ერთ საათში გამოჩნდნენ ჰომოფობიური ჯგუფები და დაიწყეს პროტესტი. ვერაფერზე ვერ წამოგვიკიდეს და ვერ მოაწყვეს პროვოკაცია, თუმცა ამის სურვილი რომ ყოფილიყო, ამასაც შეძლებდნენ. ვიღაცები კი ყვიროდნენ „ვინ დაგაფინანსათ რომ ეს გაგეკეთებინათ“, „ვიღაცა გმართავთ და გიყენებთ“, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ჩვენ გვინდოდა და ამიტომ გავაკეთეთ, ვფიქრობ აღარ ჰქონდათ სხვა გზა.

ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფოს უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას კანონი, ეს არის აბსოლუტურად გამოსვლადი.

  • თუკი ეს კაფე იქნებოდა ლგბტქ თემის წარმომადგენლების, ან ეს თემი იქნებოდა აქ შეკრებილი, იმავეს არ მოიმოქმედებდა პოლიცია?

მანდ რომ ყოფილიყო ლგბტქ თემის წარმომადგენლების ღონისძიება, ვფიქრობ, ძალიან გართულდებოდა სიტუაცია. ჩვენ იმდენად გულწრფელად გვინდოდა სოლიდარობის გამოხატვა, რომ თვითონ თემის წარმომადგენლებმაც უდიდესი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და არ ყოფილა მათი მხრიდან რაიმე აქტივობა. ისეთ მდგომარეობაში იყვნენ თვითონ ეს დაჯგუფებები, რომ პროვოკაციის არანაირი შესაძლებლობა არ მიეცათ.

  • მაშინ გამოდის, რომ პოლიცია კი არ ცდილობს ლგბტქ თემის წარმომადგენლების და მათი გამოხატვის უფლების დაცვას, უბრალოდ ამის გარემოება არ ყოფილა?

ვფიქრობ, კაფეში რაიმე ღონისძიება რომ ყოფილიყო, უმცირესობების წარმომადგენლებს პოლიცია ვერ (ან არ) დაიცავდა. მაგრამ აბსურდთან მივდივართ, რადგან უამრავი რესურსი დაიხარჯა ორი დღის განმავლობაში დროშის დაცვის გამო.

თუმცა, მაინც იმას ვამბობ, რომ თუ სახელმწიფოს ექნება ნება და სურვილი, ამ ექვსი თვეში ყველა პუნქტს შეასრულებენ. მთავარი ნებაა და ხელოვნურად არ უნდა შეუშალო ამ პროცესს ხელი.

  • ფიქრობთ, რომ ჰომოფობიური განწყობები ხელოვნურად არის წახალისებული ქვეყანაში?

ხელოვნურად არის ნამდვილად, რადგან არცერთ ჩვენს სტუმარს, არცერთ გამვლელს არ ჰქონია ნეგატიური რეაქცია დროშაზე. თვითონ პოლიციის თანამშრომლებსაც კი ვატყობდი სახეზე, რომ ამ სისულელეების გამო უწევდათ იქ ყოფნა.

ვფიქრობ, დაძაბულობის შექმნა ხელოვნურად არის დაგეგმილი, არც მოსახლეობას არ აქვს ამაზე ასეთი აგრესია, როგორც იხატება სურათი და არც ძალოვნებს. ხელოვნურად მართული ამბავია. თითქოსდა რელიგიაში შეფარული, თუმცა ამ ადამიანებს, ვინც აგრესიულად არიან განწყობილი, ვფიქრობ არაფერი აქვთ საერთო რელიგიასთან.

მე, პირადად, ვერავინ დამაჯერებს, რომ ის ადამიანები იქ უანგაროდ იდგნენ. ღამემდე და დილის ათიდან იქ მათი დგომა არ მგონია, მათი ანთებული სურვილი იყოს. ვფიქრობ, მათ დაინტერესებული ძალები აფინანსებენ. დაფინანსებული, ორგანიზებული ადამიანები არიან.

მე, პირადად, არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება შეასრულებს ევროკომისიის ყველა მითითებას. მინდა რომ შევცდე, მაგრამ არა მგონია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: