მთავარი,სიახლეები

დაპირისპირება საპროტესტო სტიკერების გაკვრისთვის ბათუმის მერიასთან

21.11.2020 • 776
დაპირისპირება საპროტესტო სტიკერების გაკვრისთვის ბათუმის მერიასთან

დღეს, 21 ნოემბერს, საარჩევნო უბნების დაკეტვამდე 1 საათით ადრე ხმაური იყო ბათუმის მერიასთან.

ოპოზიციური მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრები საპროტესტო სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რა დროსაც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მათი დაჯარიმება სცადეს.

„იმოქმედეს“ ერთ-ერთი წევრის, ბექა მექვაბიშვილის განცხადებით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა მათ ერთ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

„იმოქმედეს“ კიდევ ერთი აქტივისტი, გიორგი დუმბაძე კი ამბობს, რომ მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, თენგიზ მესხიძემ მისთვის სტიკერების წართმევა სცადა.

„სტიკერებს ვაკრავდით, რა დროსაც მოვიდა ვიღაც კაცი, ფორმა არ ეცვა და სცადა სტიკერების წართმევა. მერე დაიწყო ვიდეოს გადაღება და დაგვემუქრა, ამ ვიდეოს გადავაგზავნი სადაც საჭიროა და ყველას ჯარიმების მოგივათო, ” – ამბობს გიორგი დუმბაძე.

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე თენგიზ მესხიძე ამბობს, რომ მან და მისმა თანამშრომლებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს.

„15 წუთიანი ვიდეო მაქვს გადაღებული. ყველაფერი არის ამ ვიდეოზე. ამას გადავაგზავნი სასამართლოში, მივაწვდი პოლიციასაც და იქ არის ყველაფერი, ვინ ვისზე ძალადობდა და ვინ იტყუება. სტიკერები, რომელიც გააკრეს, სანდასუფთავებას ჩამოვახსნევინეთ. ჩვენი აქ ყოფნის დროს ისევ მოვიდნენ და აკრავდნენ, მოვუწოდეთ წესრიგის დაცვისკენ. მაინც გააკრეს. ამის შემდეგ დავაფიქსირეთ ფაქტი და შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი,”- ამბობს თენგიზ მესხიძე.

„იმოქმედეს“ აქტივისტებმა სტიკერები წარწერით – „არ წახვიდე გაყალბებულ არჩევნებზე“, ბათუმის მერიის წინ მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე გააკრეს.

საპროტესტო სტიკერები

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: