„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის ინიციატივამ, 21 ნოემბერს [არჩევნების მეორე ტურის დღეს], საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორების მოწყობაზე, ოპოზიციაში გარკვეული დისონანსი გამოიწვია. ეს მოწოდება ლევან ვარშალომიძემ გუშინ, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე გაახმოვანა.
„სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება…“ – ასე გამოეხმაურა ლევან ვარშალომიძის განცხადებას დავით უსუფაშვილი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი.
მიუხედავად კრიტიკისა, ლევან ვარშალომიძე პოზიციას არ იცვლის. მისი თქმით, სირცხვილის კორიდორის მოწყობა ისეთ ფონზე, როგორც ჩატარდა არჩევნების პირველი ტური, ოპოზიციის უფლებაა.
„ეს არის ყველა ოპოზიციური პარტიის უფლება, რომ მშვიდად, წყნარად გავაპროტესტოთ, ასევე ვაპირებთ სირცხვილის კორიდორების მოწყობას – სირცხვილის კორიდორები შეიძლება ბევრმა ვერ გაიგო, მაგრამ ეს არის პროტესტის ნიშანი. ჩვენ, ყველა ოპოზიციური პარტია, დავდგებით და გავაპროტესტებთ ამ სამარცხვინო არჩევნებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაგვიტარა ქართველ ხალხს.
ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ადამიანს მის კონსტიტუციურ უფლებას, მივიდეს და ხმა მისცეს, მაგრამ პროტესტი იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა, ჩვენც გვაქვს. ჩვენ კოორდინაციაში ვართ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ჩვენ კიდევაც განვაცხადეთ 21-ში დაგეგმილი აქციის ფორმები, თუ როგორ მოხდება ეს მშვიდობიანად გაპროტესტება, შევჯერდებით და 20 ნოემბერს ყველაფერს მოგახსენებთ. ეს არ იქნება დახურული ინფორმაცია, ეცოდინებათ, სად დავდგებით და როგორ დავდგებით“, – განმარტა ლევან ვარშალომიძემ.