ბათუმი,მთავარი,სიახლეები

17-20 ნოემბერს ვინც კოვიდკლინიკას დატოვებს, მეორე ტურში ხმას ცნობის საფუძველზე მისცემს

17.11.2020 • 1229
17-20 ნოემბერს ვინც კოვიდკლინიკას დატოვებს, მეორე ტურში ხმას ცნობის საფუძველზე მისცემს

კოვიდინფიცირებული ან კარანტინში მყოფი პირი, რომელიც 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2020 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით დატოვებს კლინიკას, კოვიდსასტუმროს ან კარანტინს და სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, შესაბამისი დაწესებულებიდან უნდა აიღოს ცნობა.

პირი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა საკარანტინო სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა, საარჩევნო უბანზე სწორედ ამ ცნობის საფუძველზე მისცემს ხმას.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც 21 ნოემბრისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, 17 ნოემბრის საღამოს 6 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე:  2 51 00 51 (შიდა 0). 

როგორც 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო ამომრჩეველთა ნაწილმა, ისე მოხდება მეორე ტურშიც. ანუ, მაჟორიტარულ არჩევნებში ამჯერად მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებიც თვითიზოლაციაში, კლინიკაში ან კარანტინში აღმოჩნდებიან 18, 19 და 20 ნოემბერს.

დააწკაპუნეთ ნახეთ: მსგავსი რეგულაციები მოქმედებდა პირველ ტურშიც. მაშინ არაერთი ამომრჩეველი აცხადებდა, რომ ცესკომ გადასატანი ყუთი არ მიუტანა, რეგისტრაციის გავლის მიუხედავად.

„საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების/საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის  უმაღლესი საბჭოს მორიგი/მერის რიგგარეშე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილების მისაღებად დამტკიცდეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით ინფიცირებული და საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინე სივრცე) დატოვების ფაქტის შესახებ ცნობა. ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით ინფიცირების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო სტაციონარში ან საკარანტინე სივრცეში და გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა საკარანტინე სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2020 წლის 20 ნოემბრის პერიოდში“, – აღნიშნულია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 16 ნოემბრის ბრძანებაში.

ოპოზიციური პარტიები ამ დრომდე არ ცნობენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და არც მეორე ტურში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

იზოლაციაში მყოფებმა მეორე ტურში ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15-17 ნოემბერს უნდა მიმართონ

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: