„საზღვაო აკადემიიდან 100 სტუდენტის წაყვანას ცდილობენ. ყოველ შემთხვევაში, გეგმა ასეთია. ბევრმა სტუდენტმა გამოთქვა პროტესტი, თუმცა ზოგიც, სხვადასხვა მიზეზის გამო იძულებულია წავიდეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საზღვაო აკადემიის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი, მიშა განდელიძე.
„ბათუმელებმა“ არაერთი სტუდენტისგან მიიღო მსგავსი ინფორმაცია თუ მტკიცებულება კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით. მიშა განდელიძე კი თანახმაა საჯაროდ გაახმოვანოს სიმართლე, რაც პირადად იცის. სტუდენტი თვლის, რომ თუ ამ ინტერვიუს შემდეგ მასზე ზეწოლას გადაწყვეტენ, ამასაც გაასაჯაროებს.
როგორც მიშა ამბობს, თბილისში რუსულ მარშზე წასვლის სანაცვლოდ, სტუდენტებს გამოცდებზე ქულების მომატებას და კიდევ სხვა ბევრ შეღავათს ჰპირდებიან. ამავე დროს, მათ ვინც უარს იტყვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერებით და ქულების დაკლებით ემუქრებიან.
„ვინც უარზეა, იმათ აშინებენ, რომ სტატუსს შეუჩერებენ, ქულებს არ დაუწერენ გამოცდებზე, რამდენიმეს პირდაპირ უთხრეს, რომ პრობლემებს შეუქმნიან.
არის თხოვნებიც იმ ლექტორებისგან, ვისთანაც სტუდენტები ახლოს არიან, რომ „მოგიმატებთ ქულას“, რომ „გამოცდის დაწერა არც მოგიწევს“ და მსგავსი დაპირებებია რა.
არის ცოტა, ვისაც ეშინია ზეწოლის და აპირებს წავიდეს აქციაზე. ბევრმა უარი ვთქვით“, – ამბობს მიშა განდელიძე.
მისი თქმით, რუსულ მარშზე სტუდენტების წაყვანას ცდილობენ როგორც აკადემიიდან, ასევე ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო და რობაქიძის უნივერსიტეტებიდანაც.
„ჩემი მეგობრები ბსუ-შიც სწავლობენ და იქაც ვიცი, რომ იგივე სიტუაციაა.
ორშაბათს სასწავლო პროცესი ალბათ არ იქნება აკადემიაში – ამაზეც იყო საუბარი, რომ არც „არებზე“ შეგექმნებათ პრობლემა და არც არაფერზეო.
მით უმეტეს, მომდევნო კვირას, ორშაბათიდან გამოცდები გვეწყება და ამ გამოცდებზეც პრობლემა არ გექნებაო უთქვამთ სტუდენტებისთვის, რადგან ლექტორები ყველა გაფრთხილებულიაო“, – გვეუბნება მიშა.
სტუდენტების წაყვანას რუსულ მარშზე ავტობუსებით გეგმავენ.

სტუდენტები ასევე ავრცელებენ მოწოდებას, არ წავიდნენ რუსულ მარშზე.
„სირცხვილია რასაც აკეთებენ ბათუმის უნივერსიტეტები.
ვიღაცებს ეგონათ, რომ ბათუმელი სტუდენტები ხმას არ ამოიღებდნენ და სამარცხვინოდ გაიყვანდნენ რუსულ მარშზე.
კარგად ვიცით, რომ თბილისში, ვერცერთ უნივერსიტეტში ვერავინ ვერ მოექცევა სტუდენტს ასე და ვხვდებით რატომაც. ბათუმელ სტუდენტებსაც გაგვაჩნია პროტესტის და სიტყვის თავისუფლად დაფიქსირების გამბედაობა.
ბათუმელი სტუდენტების ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენც წავიკითხეთ კანონი და რუსეთის მოწონებულ და შექებულ კანონს მხარს არ დავუჭერთ. არა რუსულ კანონს“-ამბობს მიშა.
___
როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ აპირებს 29 აპრილს, თბილისში ჩაატაროს რუსული კანონის მხარდამჭერი მარში. მარშში მონაწილეობისთვის კი მმართველი პარტია აპირებს გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი – საჯარო მოხელეებს სამსახურის დაკარგვის შიშით, აიძულებენ მიიღონ მათი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ცხადია, არსებობენ ისეთები, ვინც ნებაყოფლობით მიემგზავრება ამ მარშში მონაწილეობის მისაღებად.
მარშის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.






