განათლება,მთავარი,სიახლეები

დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადავიდეს ყველა სასწავლებელი, სადაც სწავლა უკვე დაიწყო

11.09.2020
დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადავიდეს ყველა სასწავლებელი, სადაც სწავლა უკვე დაიწყო

ბათუმში, ქობულეთში, თბილისში, ქუთაისში, გორში, ფოთში, რუსთავსა და ზუგდიდში მოსწავლეები სწავლას დისტანციურად 15 სექტემბერს დაიწყებენ, ხოლო ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს და, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებს – ამის შესახებ დღეს, 11 სექტემბერს, განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადების თანახმად, ჩამოთვლილი ქალაქების გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება საკლასო ოთახებში და, ასევე, აუდიტორიებში.

„განათლების სისტემა მზად არის სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან აღნიშნა, რომ სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები დისტანციური სწავლების პროცესის დასახვეწად და დღეს მზად არიან სასწავლო პროცესი წარიმართოს როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად.

„შექმნილია და დამტკიცებულია დისტანციური სწავლების წესი, ასევე, ცვლილება შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში და ორივე დოკუმენტი აქვს მიწოდებული ყველა საჯარო სკოლას. სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელებისთვის კომპიუტერების სკოლებისთვის მიწოდება და სკოლები დააორგანიზებენ მოსწავლეებისადმი მიწოდების პროცესს.

ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა პროექტ ტელესკოლაზე და ცხრილის მიხედვით პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით უკვე არის ჩაწერილი გაკვეთილები, ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის გაკვეთილები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩაწერილია და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის სახით პროგრამა გავა ტელესკოლის ფარგლებში“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: