Batumelebi | თურქეთში დასაქმებულები 300 ლარს რეგისტრაციიდან ათ დღეში მიიღებენ თურქეთში დასაქმებულები 300 ლარს რეგისტრაციიდან ათ დღეში მიიღებენ – Batumelebi

თურქეთში დასაქმებულები 300 ლარს რეგისტრაციიდან ათ დღეში მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 130 ათასი ადამიანია, ვისაც საზღვარგარეთ თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილი ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარებით შეუძლია ისარგებლოს.

მინისტრის მოადგილემ დღეს, 29 ივნისს, მედიასთან დააზუსტა, ვინ მიიღებს 300-ლარიან დახმარებას.

„ორი კატეგორია იქნა განსაზღვრული, ერთი – ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად კვეთდნენ საზღვარს და მუშაობდნენ თურქეთში. თუ საზღვრის კვეთების რაოდენობა 2019 წლის განმავლობაში იყო 60 ან მეტი, ისინი კლასიფიცირდებიან 300-ლარიან დახმარებაზე.

ასევე, განსაზღვრულია მეორე პირთა წრე – ეს არის ე.წ. სეზონური მუშა-ხელი, რომლებიც სეზონურად თურქეთში და სხვადასხვა ქვეყანაში დადიოდნენ. 2019 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, თუ ადამიანებს უფიქსირდებათ 30-დან 120 დღემდე საზღვარგარეთ ყოფნა, ისინი ავტომატურად კვალიფიცირდებიან ასევე დახმარებისათვის,“ – აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

მისივე განცხადებით, დახმარების მისაღებად საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, სადაც პირი მიუთითებს პირად და საბანკო ინფორმაციას.

თამარ ბარკალაის განცხადებით, თანხა, 300 ლარი, გაიცემა რეგისტრაციიდან დაახლოებით 10 დღის განმავლობაში.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა იყო, თუმცა ეს პრობლემა ახლა აღმოფხვრილია: „პრობლემები მოგვარდა, იმათ, ვისაც აქვს რეგისტრაციის პრობლემები, ან ვისაც აქვს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა, შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს და დახმარება მიიღონ“.

საზღვარგარეთ თვითდასაქმებულების კომპენსაცია ძირითადად თურქეთში თვითდასაქმებულ პირებს შეეხება, რადგან სწორედ ამ ქვეყანაში მუშაობს სეზონურად და ყოველდღიურად საზღვარგარეთ დასაქმებულთა უმრავლესობა, თუმცა სახელმწიფოს დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ სხვა ქვეყნებში თვითდასაქმებულებსაც, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 ივლისია.

[შენიშვნა:  მოქალაქეები კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციას ვერ ახერხებენ, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიზეზი სარეგისტრაციო პორტალზე არსებული ხარვეზებია. დეტალების გასაგებად გადადით ამ ბმულზე: როგორ დავრეგისტრირდეთ 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად – ინსტრუქცია]

ამავე თემაზე:

უცხოეთში თვითდასაქმებულები კომპენსაციას მიიღებენ – რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 ივლისია

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com