ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარაში კარანტინი 7 809 ადამიანმა გაიარა, 1024 პირი კი – კარანტინშია

12.06.2020 • 1561
აჭარაში კარანტინი 7 809 ადამიანმა გაიარა, 1024 პირი კი – კარანტინშია

აჭარის რეგიონში მოწყობილ 29 საკარანტინო ზონაში კარანტინის მომსახურებით დღემდე ისარგებლა 8 833-მა მოქალაქემ, მათ შორის, სავალდებულო კარანტინს, 10 ივნისის მდგომარეობით, გადის 1024 მოქალაქე. კარანტინი დატოვა და ოჯახებს დაუბრუნდა 7 809 მოქალაქე – ეს მონაცემები „ბათუმელებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მოაწოდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო აჭარის ტერიტორიაზე სასტუმროების ნაწილთან საკარანტინო ზონების მოწყობაზე ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს.

11 ივნისამდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გააფორმა 23 ხელშეკრულება – მოქალაქეების საკარანტინო ზონებში განთავსების მიზნით. ამ ხელშეკრულებების საერთო ღირებულებაა – 4 493 260 ლარი. დღევანდელი მდგომარეობით, ფაქტობრივად, გადახდილია 2 833 581 ლარი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით:

[checklist]

  • საკარანტინო ზონებში და ზონებიდან მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის (საცხოვრებელ მისამართებამდე) გაფორმებულია ერთი ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით – 600 000 ლარი. დღევანდელი მდგომარეობით სატრანსპორტო მომსახურებაში ფაქტობრივად გადახდილია – 363 140 ლარი;
  • საკარანტინო სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებული მომსახურებების ფარგლებში სანდასუფთავების (დეზინფექციის) მომსახურების მიზნით გაფორმებულია ერთი ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით – 1 200 ლარი. ფაქტობრივად გადახდილია – 1 090 ლარი;
  • სასტუმროს პერსონალისთვის ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების, სამედიცინო ტანსაცმლის და სწრაფი უნივერსალური სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვის მიზნით გაფორმებულია 6 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით – 64 764 ლარი, რომელიც ფაქტობრივად გადახდილია.

[/checklist]

„საკარანტინ0 სივრცეები ასრულებს ერთგვარი ფილტრის ფუნქციას. ის იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, რომლებიც ეტაპობრივად ბრუნდებიან სამშობლოში და ასევე, ახდენს ვირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციას. საკარანტინო სივრცეების არსებობამ დიდი როლი ითამაშა საქართველოში ვირუსთან ბრძოლის საქმეში და მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული პრაქტიკა ვირუსის პრევენციისათვის“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საკარანტინო მომსახურებისთვის მთლიანობაში მათ გაფორმებული აქვთ 5 159 224 ლარის ხელშეკრულება, საიდანაც 11 ივნისის მდგომარეობით, ფაქტობრივად გადახდილია 3 262 575 ლარი. „ბათუმელები“ ანალოგიურ მონაცემებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგანაც ელოდება.

აჭარის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზრებზე 2020 წელს აღარ განხორციელდება. სწორედ ამ პროგრამისთვის გათვალისწინებული 5,8 მილიონი ლარი ხმარდება ბათუმის სასტუმროებში საკარანტინო ზონების მოწყობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: