ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში 6 კოვიდსასტუმრო დაამატეს – „ეპიდსიტუაციის დამძიმებას უნდა ველოდოთ“

12.01.2022 • 4253
ბათუმში 6 კოვიდსასტუმრო დაამატეს – „ეპიდსიტუაციის დამძიმებას უნდა ველოდოთ“

ბათუმში, დამატებით 6 სასტუმროს მომსახურებაა შესყიდული, სადაც საკარანტინე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ამ სასტუმროებთან ხელშეკრულებები ჯამში 850 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დეპარტამენტს უფლება აქვს ის ნებისმიერ დროს შეწყვიტოს.

ხელშეკრულებების მიხედვით, ერთ ოთახში დეპარტამენტი სასტუმროებს 50 ლარს უხდის დღეში. აქედან 30 ლარს – კოვიდპაციენტის სამჯერადი კვებისთვის.

„დღეის მდგომარებით, შესყიდულია დამატებით 6 სასტუმროს მომსახურება, სადაც მოთავსებული არიან როგორც კოვიდ დადასტურებული პაციენტები, ასევე მათი კონტაქტები და კოვიდის საეჭვო დიაგნოზით მოქალაქეები. ვინაიდან რეგიონში გაუარესებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და როგორც ჯანდაცვის სამინისტრო წერილით გვაცნობს, ახალი შტამის სწრაფი გავრცელებით მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის დამძიმება, რაზედაც საჭირო იყო დაუყონებლივი რეაგირება“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში, რომლითაც ის შესყიდვების სააგენტოს მიმართავს.

დეპარტამენტის განაცხადში ასევე აღნიშნულია, რომ მათ მიერ შესყიდული მომსახურება „არის მაქსიმალურად მიახლოებული აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნასთან [ფაქტობრივად დაკონტრაქტებული სასტუმროების ყველა ნომერი დაკავებულია] და არ აჭარბებს საჭიროებას“.

„ახალი შტამის სწრაფი გავრცელება, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ველოდოთ ეპიდსიტუაციის მეტად დამძიმებას.
მკვეთრად გაზრდილი შემთხვევების პარალელურად, COVID-19-ის დიაგნოზის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისთვის, ქვეყანაში მუდმივ რეჟიმში ხდება სტაციონარული საწოლების მობილიზება. თუმცა, მზარდი სტატისტიკის გათვალისწინებით ყოველდღიურად უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს კოვიდსასტუმროების დამატებითი მობილიზაცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას ამ ეტაპისთვის 400-500 ოთახის [შემდგომში, საჭიროების მიხედვით, რაოდენობის გაზრდის პერსპექტივით] მობილიზებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარისადმი 7 იანვარს გაგზავნილ წერილში.

საატუმროებთან ხელშეკრულებები ტენდერის გარეშეა გაფორმებული.

„საკარანტინო სივრცედ სასტუმროს შერჩევის პროცესში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ეყრდნობოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. სასტუმროს შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ისეთი სპეციფიკური გარემოებები, როგორციაა სასტუმროს მდებარეობა, ინფრასტრუქტურა, სასტუმროს პერსონალის მზაობა.

სასტუმროს შერჩევის პროცესში ხშირია გაუთვალისწინებელი შემთხვევები. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე მომწოდებლის შერჩევა ელექტრონული ტენდერის გზით ვერ განხორციელდება, ვინაიდან წინასწარ არ არის ზუსტად დადგენილი, თუ რა რაოდენობის საკარანტინე სივრცეა მოსაწყობი, ამასთან პანდემიის მართვის სირთულიდან გამომდინარე ხშირია შემთხვევა, როდესაც მყისიერად არის მოსაწყობი საკარანტინე სივრცე და დროის სიმცირიდან გამომდინარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადება შეუძლებელია.

აღნიშნული ფაქტობრივი და რთულად პროგნოზირებადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე დეპარტამენტს უწევს საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით შესყიდვა განახორციელოს გადაუდებელი აუცილებლობით“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 12 იანვრის დილის მდგომარეობით აჭარაში, კოვიდსასტუმროებში 466 ადამიანი იყო მოთავსებული.

ახალი კორონავირუსის [COVID-19-ის] შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული:

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: