მთავარი,სიახლეები

„შეწყვიტეთ თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე“ – ბრიტანეთის საელჩო არასამთავრობოების დაყადაღებაზე

29.08.2025
„შეწყვიტეთ თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე“ – ბრიტანეთის საელჩო არასამთავრობოების დაყადაღებაზე

დღეს, 29 აგვისტოს, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებას გამოეხმაურა.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში საელჩო მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გააუქმოს რესპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე.

„დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინათ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას.

გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი მხრიდან არა რაიმე უკანონონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება.

აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობასა და ინფორმაციის თავისუფლებას, სამართლებრივი დახმარების გაწევას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქალებისა და ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას.

მათი დახურვა ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო შეასუსტებს დემოკრატიული დაცვის მექანიზმების არსებობას და ანგარიშვალდებულებას ქვეყანაში.

ასევე, გვინდა აღვნიშნოთ ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭოს ბოლო მოსაზრება, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო სექტორის შესახებ მიღებული კანონის განხორციელება „მძიმე და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას“ და წინააღმდეგობაშია იმ მრავალ ვალდებულებასთან, რომელიც საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, იკისრა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“ – ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: