მთავარი,სიახლეები

მოქალაქემ 3 ათასი ლარით დაჯარიმება გაასაჩივრა – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ

14.05.2020
მოქალაქემ 3 ათასი ლარით დაჯარიმება გაასაჩივრა – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ

საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე თეკლა დავითულიანს უარი უთხრა სარჩელის არსებითად განხილვაზე. ეს ის მოქალაქეა, რომელიც 4 აპრილს სამ მეგობართან ერთად შეკრებისთვის დააჯარიმეს 3 ათასი ლარით. თეკლა დავითულიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული სხვადასხვა სამართლებრივი აქტი კიდევ ოთხმა მოქალაქემ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში.

მოქალაქე თეკლა დავითულიანი მიიჩნევდა, რომ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი განვითარების უფლება და არ იყო დაცული თანაზომიერების პრინციპი. მომჩივანის აზრით, მთავრობის მხრიდან ასევე დაუსაბუთებელია, რატომ წარმოადგენს ოჯახში ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაზე უფრო დიდ საფრთხეს საჯარო სივრცეში შეკრება.

„პირადი ცხოვრების უფლება არ არის აბსოლუტური და იგი ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს… კონსტიტუციის ხსენებული უფლებების შეზღუდვა, თავისთავად, არაკონსტიტუციური არ არის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული პრაქტიკის შესაბამისად, გარკვეული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად ამ უფლებათა შეზღუდვა, რიგ შემთხვევებში, გარდაუვალია,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის განჩინებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზე ასევე იმსჯელა გიორგი ჭაუჭიძის სარჩელზე. ის საქართველოს მთავრობის დადგენილებას ასაჩივრებდა, კერძოდ კი, მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვას.

„უკვე რამდენიმე კვირაა ჩარჩენილი ვარ მარნეულის ტერიტორიაზე და არ მეძლევა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ვთვლი, რომ დარღვეულია თავისუფალი მიმოსვლის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს მთავრობა ამ შეზღუდვას იყენებს ისე, რომ მე არ მაქვს დადასტურებული Covid 19“, – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო გიორგი ჭაუჭიძის სარჩელი. არსებითი განხილვის პირველი სხდომა ხვალ, 15 მაისს, გაიმართება. ეს პირველი სხდომაა საკონსტიტუციოს დარბაზში, რომელიც პანდემიის პირობებში გაიმართება.

განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება. ამას მოსარჩელე გიორგი ჭაუჭიძე ითხოვდა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოქალაქეს შეეძლება, ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს მთავრობას.

დანარჩენი სამი სარჩელი, რომლებიც ასევე საგანგებო მდგომარეობას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე ჯერ არ განუხილავს. ამ სხდომაზე მსჯელობენ მოსამართლეები, უნდა შედგეს თუ არა სარჩელზე არსებითი განხილვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: