„სესხის საპროცენტო განაკვეთი ახლა იმიტომ კი არ იზრდება, რომ ბანკმა შემოსავალი გაიზარდოს, არამედ იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, ზოგადად, რისკები გაიზარდა. მარტივად რომ ვთქვათ, სესხის ვერგადახდის რისკი ახლა ძალიან მაღალია,“ – ასე ხსნის ეკონომისტი გიორგი კეპულაძე იმ გარემოებას, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიუხედავად, ბანკებში საპროცენტო განაკვეთი სესხზე ისევ იზრდება.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების 9 პროცენტი 29 აპრილს 8,5 პროცენტამდე შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკები ახლა უფრო იაფად სესხულობენ ფულს ეროვნული ბანკის რეზერვებიდან ლარში, ვიდრე აქამდე. იაფად ნასესხებ ფულს კი, ბანკები უფრო ძვირად გასცემენ, ვიდრე აქამდე.
კონკრეტულად რამდენით გაძვირდა სესხი და რატომ? – ამ კითხვაზე „თიბისი ბანკის“ ოპერატორმა არ გვიპასუხა, თუმცა სატელეფონო საუბრის დროს მან დაგვიდასტურა, რომ საპროცენტო განაკვეთები, ზოგადად, გაიზარდა. „თიბისი ბანკის“ ოპერატორმა სწრაფი სამომხმარებლო სესხი 20 პროცენტად შემოგვთავაზა.
„თიბისი ბანკის“ ოფიციალური გვერდის მონაცემებით, სამომხმარებლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 8 მაისის მონაცემებით 15,9 პროცენტია, იპოთეკური სესხის – 12,17 პროცენტი.
„საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში, იპოთეკური სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ დროისთვის 14,1 პროცენტია, სამომხმარებლო – 21,1 %.
რატომ ზრდიან ბანკები საპროცენტო განაკვეთებს მაშინ, როცა მოთხოვნა შემცირებულია? – „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდას მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდება არ განსაზღვრავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს სესხების გაიაფებასაც ეპიდემიის გადავლის შემდეგ.
„იმედი მაქვს, რომ ეს კრიზისი მნიშვნელოვნად არ დააზარალებს საფინანსო სექტორს, როგორც საკმაოდ მყარ და კარგად კაპიტალიზებულ სექტორს… ახლა ბანკების ხელმძღვანელმა პირებმა შეიმცირეს ხელფასები და ბანკები ორიენტირებული არიან სესხების გადავადებაზე – ფაქტია, რომ ბიზნესი დათქმულ ვადებში სესხების დაბრუნებას ვერ შეძლებს. ბანკები ასევე ზრუნავენ არსებული რეზერვების შენარჩუნებაზე, რადგან მათ აქვთ ვალდებულებები მეანაბრეების წინაშე და ასე შემდეგ. რთული სათქმელია, რა იქნება ორ-სამ თვეში, ეს ალბათ დამოკიდებულია იმაზე, რა ზარალს მიაყენებს მთლიანობაში ეპიდემია ეკონომიკას,“ – ამბობს გიორგი კეპულაძე.
ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ გარემოებაზე – სესხები ძირითადად ლარში გაძვირდა.
„ეს მოხდა იმიტომ, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში რისკები იზრდება და ეს რისკი, პირველ რიგში, იზრდება ნაკლებად მყარ ვალუტაში, როგორიც ლარია. ევროსა და დოლარშიც შედარებით გაზრდილია სესხები,“ – გვითხრა „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ.