მთავარი,სიახლეები

800 ათასი ლარი უცხოეთიდან ჩამოსული პირების კარანტინში გადასაყვანად

26.04.2020 • 1672
800 ათასი ლარი უცხოეთიდან ჩამოსული პირების კარანტინში გადასაყვანად

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2020 წლის 18 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანაზე, მეორე ხელშეკრულება გააფორმა კერძო კომპანია „ჯორჯიან ბას“-თან 400 ათას ლარზე.

კიდევ ერთი ხელშეკრულება ამავე კომპანიასთან ადმინისტრაციას გაფორმებული აქვს 21 მარტიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის [თანხა ასევე 400 ათასი ლარი]. დოკუმენტების მიხედვით, ამ ხელშეკრულების ფარგლებში 399 329 ლარი კომპანიისთვის უკვე გადახდილია.

რაც შეეხება მეორე ხელშეკრულებას, კომპანია „ჯორჯიან ბას“-მა, უნდა უზრუნველყოს საქართველოს აეროპორტებიდან და სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან, ასევე ბოლნისისა და მარნეულიდან შესაბამისი პირების სასტუმროებში გადაყვანა 24 საათის განმავლობაში.

მოქალაქეების ტრანსპორტირება, საჭიროებისამებრ, უნდა განხორციელდეს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან, ასევე წითელი ხიდის, სადახლოს, ლარსის, სარფის, სასაზღვრო პუნქტებიდან და მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონებიდან შემდეგი მიმართულებით: თბილისის, რუსთავის, კახეთის, გუდაურის, საირმის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაკურიანის, ბათუმის, ქობულეთის, ახალციხის ან ანაკლიის სასტუმროებში განთავსებულ საკარანტინო სივრცეებში.

„იმ შემთხვევაში თუ ახალი საკარანტინე ადგილი ცდება ზემოთ ჩამოთვლილ ლოკაციებსს, ფასის დაანგარიშება მოხდება, გადასაყვანი ლოკაციიდან საკარანტინე ლოკაციამდე გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია, ხელშეკრულებით იღებს ვალდებულებას გადაუხადოს კომპანიას მიღებული მომსახურების ღირებულება ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

ადმინისტრაციამ კომპანიასთან ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გააფორმა და გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ ამ შესყიდვას ახლა უთანხმებს შესყიდვების სააგენტოს.

„ყოველი რეისის დროს დაუდგენელი იყო რეისზე მყოფ პირთა ზუსტი რაოდენობა, რაც ჩვენთვის ზუსტდებოდა რეგისტრაციის გავლის შემდეგ. შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ გვქონდა შესაძლებლობა განგვესაზღვრა თუ, რომელი საკარანტინე სივრცე იქნებოდა მზად მიეღო შესაბამისი რაოდენობის ადამიანები. აქედან გამომდინარე საჭიროება მოითხოვდა გადაუდებლად განხორციელებულიყო საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება (იმ სივრცეების მიმართულებით, სადაც ხდება მგზავრთა გადაყვანა) უსაფრთხო საკარანტინე სივრცეების მიმართულებით… საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების მიზნით დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2 თვის ვადით“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განაცხადში.

ამავე განაცხადში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასთან და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურებების შესყიდვის უზრუნველყოფა“.

ხელშეკრულების მიხედვით, მოქალაქეთა ტრანსპორტირება კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით: სედანი [2 ადგილი], მიკროავტობუსი [8 ადგილი], ავტობუსი [25 ან მეტი ადგილი].

ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების გარდა, კომპანიისადმი არის დამატებითი მოთხოვნები.

რაც შეეხება საკარანტინო ზონებიდან კარანტინგავლილი მოქალაქეების თავიანთ საცხოვრებელ მისამართებზე მიყვანას, ბათუმის სასტუმროების შემთხვევაში ამას ქალაქის მერია უზრუნველყოფს:

26 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, წინა დღესთან შედარებით 29-ით გაიზარდა და სულ არის 485. ასევე, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი:

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 456-მდე გაიზარდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: