მთავარი,სიახლეები

კონკრეტულ საათებში ავტომანქანით გადაადგილება აჭარაში დაშვებული არ არის 

22.04.2020 • 1602
კონკრეტულ საათებში ავტომანქანით გადაადგილება აჭარაში დაშვებული არ არის 

გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებმა დილის 6-დან 8-მდე, ასევე, საღამოს 6-დან 7 საათამდე ავტომანქანით გადაადგილება დაუშვეს.

ამ ეტაპზე უცნობია, 27 აპრილამდე, სანამ ქვეყნის მასშტაბით ავტომანქანით გადაადგილება შეზღუდულია, დაუშვეს თუ არა სხვა მუნიციპალიტეტმა კონკრეტულ საათებში ავტომანქანით გადაადგილება.

რაც შეეხება აჭარას, აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და, შესაბამისად, მითითებულ საათებში ავტომობილით გადაადგილება დაშვებული არ არის.

მაგალითად, ქობულეთის, ბათუმისა და ქედის მუნიციპალიტეტებში განმარტეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეები მერიებს მიმართავენ და სპეციალური საშვი გაიცემა.

ლევან გორგილაძე, ქედის მერი: „ჩვენ მოგვმართავს მოქალაქე კონკრეტული საჭიროებით და ვაწვდით მონაცემებს პოლიციას. მას შემდეგ, როცა პოლიციის ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება მოქალაქე, მას შეუძლია ავტომანქანით გადაადგილება კონკრეტული დროით. სხვა ტიპის გადაწყვეტილება არ მიგვიღია“.

რა სამართლებრივი საფუძვლით მიიღეს თელავისა და გურჯაანის მერიებმა ავტომანქანებით გადაადგილების განსხვავებული წესი? – კითხვაზე პასუხის მისაღებად ოფიციალურ გვერდზე მითითებულ ცხელ ხაზზე დავრეკეთ, თუმცა არავინ გვიპასუხა. ამ მუნიციპალიტეტების მერიების ფეისბუქგვერდებზე ოფიციალური გადაწყვეტილებები არ იძებნება, თუმცა ნახავთ პოსტებს, სადაც აღნიშნულია, რომ „გადაადგილება მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისთვის“.

როგორ აფასებს მთავრობა ცალკეული მუნიციპალიტეტის მიერ შეცვლილ საგანგებო მდგომარეობის წესებს? – მთავრობის პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ დაკავებული არიან და კითხვა უნდა მივწეროთ. კითხვაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

რადგან თელავისა და გურჯაანის მერიები ამ გადაწყვეტილების მიღებას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობით ხსნიან, ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დავუკავშირდით. აქ გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ კონკრეტულ საათებში გადაადგილების დაშვების შესახებ არაფერი იციან.

„თელავის ან გურჯაანის მუნიციპალიტეტი კონსტიტუციურ უფლებაზე – გადაადგილების თავისუფლებაზე განსხვავებულ წესს ვერ დაადგენს,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის უფროსი. იურისტი განმარტავს, რომ პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის დროს მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილებები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: