ორმა წყარომ Financial Times-ს განუცხადა, რომ ისრაელი ხამენეის თვალყურს ადევნებდა დაჰაკული საგზაო კამერების საშუალებით.
იმავე წყაროებს ცნობით, თეირანში თითქმის ყველა საგზაო კამერა რამდენიმე წლის წინ დაჰაკეს. ამ კამერების ფოტოები კი დაშიფრული სახით გადაეცემოდა თელ-ავივსა და სამხრეთ ისრაელში არსებულ სერვერებს.
ამ ინფორმაციაზე წვდომა მრავალწლიანი სადაზვერვო კამპანიის ნაწილი იყო, რომელმაც ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის ოპერაციის მომზადების საშუალება მისცა ისრაელს.
Financial Times-ის ცნობით, ისრაელის სადაზვერვო სააგენტოებს მუდმივი მეთვალყურეობა ჰქონდათ დაწესებული ირანელი მაღალი თანამდებობის პირების მძღოლებსა და მცველებზე პასტერის ქუჩის ტერიტორიაზე, სადაც ხამენეის რეზიდენცია იყო განთავსებული.
კამერის ერთი კუთხე განსაკუთრებით „იღბლიანი“ აღმოჩნდა – ისრაელის დაზვერვა ამ კამერების წყალობით ზუსტად ხედავდა, სად აჩერებდნენ დაცვის თანამშრომლები თავიანთ პირად მანქანებს. ამან კი ისრაელის დაზვერვას საშუალება მისცა შეესწავლა დახურული და მკაცრად დაცული ობიექტის ყოველდღიური ცხოვრება.
ალგორითმების გამოყენებით, სადაზვერვო სააგენტო წლების განმავლობაში ქმნიდა დოსიეებს ირანელი უსაფრთხოების პერსონალის შესახებ. დოსიეები მოიცავდა დაცვის თანამშრომლების სახლების მისამართებს, მათ სამუშაო საათებს, მათ მგზავრობის მარშრუტებს და, რაც მთავარია, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის იცავდნენ და სად გადაჰყავდათ.
გატეხილი კამერებისა და სატელეფონო ქსელის ანალიზის წყალობით, დაზვერვამ მაღალი სიზუსტით დაადგინა, რომ ხამენეი შაბათს დილით თავის კაბინეტში იყო ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.






