მთავარი,სიახლეები

აშშ-ში კორონავირუსის საცდელი ვაქცინა კვლევის პირველ მონაწილეს გაუკეთეს – „გარდიანი“

16.03.2020
აშშ-ში კორონავირუსის საცდელი ვაქცინა კვლევის პირველ მონაწილეს გაუკეთეს – „გარდიანი“

„გარდიანი“ აშშ-ის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კლინიკური კვლევის ფარგლებში, პირველი პაციენტი, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპერიმენტულ დოზას დღეს, 16 მარტს მიიღებს.

ცდაში, რომელიც სიეტლში, Kaiser Permanente – ვაშინგტონის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ტარდება, 45 ახალგაზრდაა ჩართული, ჯანმრთელი მოხალისეები, რომლებსაც Covid-19-ის ექსპერიმენტულ ვაქცინას გაუკეთებენ.

ვაქცინა შეიმუშავა კომპანია Moderna-მ და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა, რომელიც, ასევე, აფინანსებს ცდას. კვლევის მიზანია, გაიგონ, აქვს თუ არა ამ ვაქცინას რაიმე გვერდითი ეფექტები და მოამზადონ ნიადაგი წელს ჩასატარებელი უფრო დიდი ცდებისთვის. სანამ ვაქცინა სრულად შემოწმდება და  ფართო მასებისთვის გამოსაყენებლად მზად იქნება, დაახლოებით 12-18 თვე უნდა გავიდეს.

„გარდიანი“ წერს, რომ ცდის მონაწილე ვერ დაინფიცირდება აცრისგან, რადგან ვაქცინა არ შეიცავს ვირუსს, არც მის შესუსტებულ ვერსიას, როგორც ეს ტრადიციულ (მაგალითად წითელას) ვაქცინებში ხდება. სანაცვლოდ, ვაქცინა იყენებს ჭკვიან გენეტიკურ ინჟინერიას, რათა აღჭურვოს სხეულის უჯრედები, რომ აწარმოონ ვირუსის მცირე ნაწილაკები, რომელიც შემდგომში აღქმული იქნება იმუნური სისტემის მიერ.

„თეორიულად, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს ამ სინთეტიკური რნმ-ის ინექცია, ის აღწევს უჯრედებში და იწყებს უჯრედშიდა მექანიზმის ამუშავებას იმ ცილის დიდი ოდენობით გამოსაყოფად, რომელიც კორონავირუსის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორს ჰგავს.  ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს მოცურავე რეცეპტორები აამუშავებენ იმუნურ სისტემას ავად გახდომის გარეშე” – წერს „გარდიანი“.

Moderna არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ჯგუფთაგანი, რომელსაც აფინანსებს კოალიცია ეპიდემიური მზადყოფნის ინიციატივებისთვის (Cepi), იგი სამი წლის წინ შეიქმნა, როცა ებოლას ეპიდემიას 11 000 ადამიანი ემსხვერპლა.

„მიუხედავად იმისა, რომ ებოლას ვაქცინა (რომელმაც მოგვიანებით აჩვენა, რომ იგი თითქმის 100%-ით ეფექტურია) დაახლოებით ათი წელი მუშავდებოდა, იგი არ გამოყენებულა ეპიდემიიდან ერთი წლის განმავლობაში. ახლა პროცესები უფრო სწრაფად მიდის. Inovio Pharmaceuticals-ი, რომელსაც ასევე Cepi უჭერს მხარს, შემდეგი თვიდან, რამდენიმე ათეულ მოხალისესთან იწყებს უსაფრთხოების ტესტირებებს საცდელ ვაქცინაზე. ტესტირება პენსილვანიის უნივერსიტეტსა და კანზას სითის კვლევით ცენტრში ჩატარდება, ასევე მისურიში, რომელსაც მოჰყვება მსგავსი კვლევები ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში” – წერს „გარდიანი“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: