მთავარი,სიახლეები

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ზაზა ხალვაშის სახელობის კინოსახელოსნო გაიხსნება

25.02.2020
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ზაზა ხალვაშის სახელობის კინოსახელოსნო გაიხსნება

27 თებერვალს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის – „DocNomads – TAFU – ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლის“ ფარგლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება და ცნობილი კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის ხსოვნას მიეძღვნება. ფილმების ჩვენების შემდეგ კი ზაზა ხალვაშის სახელობის კინოსახელოსნო გაიხსნება.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა ხალვაში აქტიურად იყო ჩართული „DocNomads – TAFU – ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლის“ და „TAFU – FIIS   მარადიდის ზამთრის კინოსკოლის“’ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისიტეტი მეორე წელია, რაც ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, მეორე ერთობლივი პროექტი „TAFU – FIIS მარადიდის ზამთრის კინოსკოლა“ წელსაც მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის ლოძის ეროვნული კინოსკოლის (FIIS)-ის, საქართველოს რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელეფაკულტეტის და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ტუტორებმა და სტუდენტებმა.

კინორეჟისორი ზაზა ხალვაში 4 თებერვალს თბილისში გარდაიცვალა.

ზაზა ხალვაში იყო დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „მიზერერე“, „იქ ჩემთან“, „ექო“, „ნამე“. მის მიერ 2017 წელს გადაღებული ფილმი „ნამე“ არაერთ საერთაშოროსო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმის ოპერატორმა გიორგი შველიძემ კი, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მიერ დაწესებული მთავარი პრიზი მიიღო, საუკეთესო ოპერატიული ნამუშევრისთვის.

2019 წლის ბოლოს ზაზა ხალვაში ახალ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე „წვიმა ორ ნაპირზე“ მუშაობდა, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის კოპროდუქციაა.

 

მთავარი ფოტო:  რეჟისორი ზაზა ხალვაში/ეროვნული კინოცენტრი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: