მთავარი,სიახლეები

მე-14 სკოლის წინ კორპუსი შენდება – რას უპირებენ მრავალწლოვან ევკალიპტებს

24.02.2020 • 2834
მე-14 სკოლის წინ კორპუსი შენდება – რას უპირებენ მრავალწლოვან ევკალიპტებს

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, მე-14 საჯარო სკოლის წინ, 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. სამშენებლო ტერიტორია უკვე შემოღობილია და იქ რამდენიმე მრავალწლოვანი ევკალიპტის ხეც დგას. ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს „ხეები არ უნდა მოიჭრას.“

მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 2020 წლის 29 იანვარს გასცა.

ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, შპს „როიალ ბლდინგი“ [თავდაპირველად შპს „თემა“], 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი კი, თენგიზ მგელაძეა. კომპანიის იურიდიული მისამართია ქობულეთი, დაბა ჩაქვი.

დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია 2015 წელს სახელმწიფო საკუთრება იყო, რომელიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ შემდეგ უპირობო აუქციონზე გაყიდა.

აუქციონი 2017 წელს ჩატარდა. პლაჟიდან 300 მეტრში მდებარე 1925 კვ/მ მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 745 000 ლარი იყო. აუქციონში 2 პირი მონაწილეობდა და ქონება 129-ე ბიჯით, საბოლოოდ, 1 132 000 ლარად გაიყიდა.

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა [მარცხნივ] და „როიალ ბულდინგის“] ტერიტორია [მარჯვნივ], სადაც კომპანია 20-სართულიან კორპუსს აშენებს

რას აპირებს კომპანია, ამის გარკვევა „ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ მოახერხა – კომპანიის წარმომადგენელს ვერ დავუკავშირდით.

განახლება: მოგვიანებით დაგვიკავშირდა „როიალ ბულდინგის“ წარმომადგენელი, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე მდებარე ხეების მოჭრას კომპანია არ აპირებს, სახლი კი იქნება სასტუმროს ტიპის, რომელსაც მიწისქვეშა ავტოპარკინგი ექნება.

_____

ამ ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად და სხვადასხვა სამუშაოსთვის ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 4 631 999 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბონდი 2009“-სთან.

აქ მერიამ სკვერიც უნდა მოაწყოს. სამუშაოები 2020 წლის 2 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

4,9 მილიონი ჯავახიშვილის, „ჟილინის“ მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებისა და სკვერის მოსაწყობად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: