მთავარი,სიახლეები

ბათუმის „აპოლოში“ ზაზა ხალვაშის „ნამეს“ აჩვენებენ

18.02.2020
ბათუმის „აპოლოში“ ზაზა ხალვაშის „ნამეს“ აჩვენებენ

20 თებერვლიდან ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ და თბილისში, „ამირანში“ ზაზა ხალვაშის ცნობილი ფილმი, „ნამე“ დაუბრუნდება დიდ ეკრანს.

კინოაფიშის თანახმად, „ნამე“ ნაჩვენები იქნება 20 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით.

„ნამე“ ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმია. ზაზა ხალვაში 4 თებერვალს გარდაიცვალა, 62 წლის ასაკში.

„ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს.

ფილმი საქართველოს მთებში, პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მუსლიმები და მართლმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი – მეჩეთია.

ფილმის პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა.

გასული წლის დეკემბერში გამოცემა „პუბლიკამ“ 26 ქართველი კინომცოდნის გამოკითხვის შედეგად დაასახელა XXI საუკუნის 16 საუკეთესო ქართული ფილმი. პირველ ადგილზე ზაზა ხალვაშის „ნამე“ დასახელდა – გამოკითხული 26 კინომცოდნიდან „ნამე“ საკუთარ სიაში ოცმა შეიყვანა, აქედან შვიდმა კი ხალვაშის ფილმი პირველ ადგილზე დაასახელა.

წაიკითხეთ ამ თემაზე: 

ცისნამი – შიშთან ბრძოლაში გამარჯვებული გოგო ზაზა ხალვაშის ფილმიდან „ნამე”

__________

ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ნამე“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: